საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ბაციკაძემ, საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა და ავთანდილ ბერიძემ თანამდებობები უნდა დატოვონ. პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ბაციკაძისა და ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად 11-ხმაზე მეტი შეგროვდება.
„ძალიან მაღალი ალბათობით, 11-ზე მეტი ხმა იქნება, მაგრამ აუცილებელი და საკმარისი პირობაა, რომ იყოს თერთმეტი ადამიანი მათი გადაყენების მომხრე. მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ჩიტიშვილი უნდა გადავაყენოთ თანამდებობიდან იმის გამო, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ბრიფინგებზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ ატარებდა და შედეგი ვერ მიიღო.
დავით ბაციკაძე უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ის არის კორუფციულ სქემებში ჩართული და ეს სქემები გადის არა მარტო ბაციკაძეზე, არამედ არჩილ ხაბაძესა და მის მთავრობაზე.
ხოლო ავთანდილ ბერიძე იმიტომ უნდა წავიდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობიდან, რომ მას დაეშალა უმრავლესობა. ის ვალდებულია შეინარჩუნოს უმრავლესობა. მიმაჩნია, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში კონფიგურაციის შეცვლა არის გარდაუვალი. ასეთი კონფიგურაციის შექმნა არ არის თვითმიზანი იმისათვის, რომ ვიღაცამ ახალი სამუშაო ადგილი მიიღოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტურად იმუშავებს უმაღლესი საბჭო და უფრო ეფექტურად გააკონტროლებს მთავრობას“.