სიახლეები

„ქართული ოცნების“ წევრები ბაციკაძისა და ჩიტიშვილის შესაძლო გადადგომაზე

17.02.2015
„ქართული ოცნების“ წევრები ბაციკაძისა და ჩიტიშვილის შესაძლო გადადგომაზე

დაუჭერენ თუ არა დავით ბაციკაძის და ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადადგომას მხარს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს  „ქართული ოცნებიდან,“ ჯემალ ფუტკარაძეს და სვეტლანა კუდბას მიმართა:

ჯემალ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი -„ქართული ოცნება“: „ მე, რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობი განცხადებას, მაგრამ უმაღლეს საბჭოში ისეთი მდგომარეობაა შექმნილი,  რომ გარკვეული რეორგანიზაცია უნდა განხორციელდეს. ცვლილებები რომ არის საჭირო, ამაზე  მე და ჩემი თანამოაზრეები დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიმაჩნია, რომ უკვე მომწიფდა ის საკითხი, რომ უმაღლესი საბჭო უფრო ქმედითი გახდეს. რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, მაგრამ რეორგანიზაციაში,  რა თქმა უნდა ვგულისხმობ თანამდებობრივ ცვლილებებსაც, ოღონდ ეს ცვლილება უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ შიგნით.  2012  წლის ოქტომბერში ხალხმა ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა და ვფიქრობ, რომ კოალიციას ნამდვილად აქვს ის რესურსი შერჩენილი, რომ უფრო სერიოზული და რეალური ცვლილებები განახორციელონ არა მარტო აჭარის უმაღლეს საბჭოში, არამედ მთლიანად რეგიონში“.

ჯემალ ფუტკარაძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ის ფრაქციასთან შეთანხმებით მიიღებს.

„ამაზე საუბარი გვექნება ფრაქციაშიც, კოალიციაშიც, ბიუროზეც იქნება მსჯელობა, რომ ჩაისვას ეს საკითხი სხდომის დღის წესრიგში და  მე შევეცდები არგუმენტირებულად დავარწმუნო ჩემი მეგობრები, რომ  რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია უმაღლეს საბჭოში არის აუცილებელი და ძალიან მნიშვნელობანი საშური საქმე“.

 

სვეტლანა კუდბა,  უმაღლესი საბჭოს წევრი, „ქართული ოცნება“:  „ჩემს პოზიციას გამოვხატავ კენჭისყრაზე და არ ვაპირებ ამის გახმაურებას. რაც შეეხება ცვლილებებს, არასდროს არ  არის ცუდი, შეიძლება უკეთესიც იყოს. თუმცა, არც იმით დაშავდება რამე, თუ ბაციკაძე და ჩიტიშვილი დარჩებიან   თანამდებობებზე“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.