სიახლეები

ვინ და როდის შეაკეთებს ლიფტებს

04.02.2015 • 2165
ვინ და როდის შეაკეთებს ლიფტებს

ლამარა ჭაღალიძე რაულ ვალენბერგის ქუჩაზე, ცხრასართულიანი სახლის მეექვსე სართულზე 30 წელია ცხოვრობს და ამბობს, რომ ლიფტით არასდროს უსარგებლია: „რაც თავი მახსოვს, სულ გაფუჭებულია. გვიჭირს მოძრაობა, ხან ტვირთი გვაქვს, ხან ბავშვი ჩაგვყავს, მოხუცია, ავადმყოფია, ყველას ხომ არ შეუძლია ფეხით სიარული. მეც ვიყავი ავად და ხელით გავხდი ჩასაყვანი. ყოველ წელს გვპირდებიან, რომ ლიფტი გაკეთდება, მაგრამ არაფერი იცვლება. გარედანაც ნაფრონტალს ჰგავს შენობა, ხელს არავინ კიდებს“.

ავარიული ლიფტია ახმეტელის ხუთ ნომერში მდებარე თორმეტსართულიან კორპუსშიც, სადაც არაერთხელ გაჭედილა მოქალაქე.

„ლიფტი საშინელ მდგომარეობაშია. თვეში მინიმუმ სამ-ოთხჯერ ფუჭდება, თანხას ვიხდით ასვლაზეც და ჩამოსვლაზეც, მაგრამ მდგომარეობა არ იცვლება. ისიც არ ვიცით, ტექნიკური შემოწმება საერთოდ უტარდება თუ არა“, –  გვეუბნება ამ სახლში მცხოვრები სოფიო ბერიძე.

სახლის პროექტის მიხედვით, აქ ორი ლიფტი უნდა ფუნქციონირებდეს – სატვირთო და სამგზავრო. სატვირთო რამდენიმე ათეული წელია გაუქმებულია.
„მეორეში ტვირთი კი არა, ადამიანებს გვეშინია შესვლა. რა თქმა უნდა, ხელით უნდა აზიდო ყველაფერი“, – ამბობენ აქ.

გასული წლის დეკემბერში სიცოცხლისთვის საშიში ფაქტიც დაფიქსირდა – ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ლიფტის შახტაში ჩავარდა და ფეხი დაიზიანა.

„ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, ბათუმის მაღლივ კორპუსებში 369 ლიფტია, აქედან 35 პროცენტი ამორტიზებულია (დაახლოებით 130 ლიფტი). ის ლიფტები, რომლებიც „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, შეკეთებას აღარ ექვემდებარება, უნდა გამოიცვალოს. თუმცა, 2015 წელს ასეთი ლიფტების გამოსაცვლელად ბიუჯეტში მხოლოდ 500 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც ადმინისტრაციის განცხადებით, დაახლოებით 12 ლიფტის გამოსაცვლელად თუ იქნება საკმარისი; რემონტისთვის კი 100 ათასი ლარია გათვალისწინებული – ეს თანხა დაახლოებით 15 ლიფტის შეკეთებაზე დაიხარჯება.

რომელ კორპუსებში შეიცვლება ან შეკეთდება ლიფტები? „ბათუმის კორპუსში“ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ. აქ ამბობენ, რომ კონკრეტული მისამართები საკითხის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ბათუმის კორპუსის“ განმარტებით, რეაბილიტირებულ ლიფტებს ტექნიკური თვალსაზრისით წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ. ამაზე პასუხისმგებლობა კი ბინათმესაკუთრეთა „ამხანაგობებს“ ეკისრება.

გადაბეჭდვის წესი