სიახლეები

დოპინგის მოხმარებისთვის დისკვალიფიცირებული სპორტსმენი ფედერაციის პრეზიდენტად

29.01.2015 • 2674
დოპინგის მოხმარებისთვის დისკვალიფიცირებული სპორტსმენი ფედერაციის პრეზიდენტად

 

 

ოთარ თავართქილაძე
ოთარ თავართქილაძე

აჭარის მკლავჭიდის ფედერაცია 2008 წლის 3 დეკემბერს დარეგისტრირდა. ფედერაცია რამინ შავაძემ, გივი მამულაძემ, თემურ ლიპარტაშვილმა, ია ქამადაძემ და ეკატერინე გვიანიძემ დააფუძნეს და პრეზიდენტად რამინ შავაძე აირჩიეს. ექვსი წლის განმავლობაში ფედერაცია ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სახის ტურნირს, მათ შორის აჭარის პირველობებს, ჩამოაყალიბა აჭარის ნაკრები, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს ჩემპიონატებში და მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე. 2011 წელს ფედერაციას ჰყავდა გოგონებში ორგზის ევროპის პრიზიორი მარინე ფუტკარაძე, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი მერაბ კაკაბაძე და მსოფლიოს პრიზიორი ლევან პოღოსიანი. ფედერაციას ჰყავდა ერთ-ერთი გამორჩეული მკლავჭიდელი ოთარ თავართქილაძე, რომელმაც აჭარიდან დიდებს შორის პირველმა მოიგო საქართველოს ჩემპიონობა, ასპარეზობდა, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ამ სპორტსმენების პირადი მწვრთნელი რამინ შავაძე იყო.

 

2014 წლის 31 ივნისს კიდევ ერთი, „აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაცია“ დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტაციის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა ოთარ თავართქილაძე, გამგეობის შემადგენლობა კი ოთხი წევრისგან ჩამოყალიბდა – ნინო მახარაძე, მურმან ჯორბენაძე, ოთარ თავართქილაძე და რამინ (იგივე გოჩა) შავაძე.

 

ფედერაციებს, როგორც იურიდიულ პირებს, აქვთ არსებობის უფლება, თუმცა მათგან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მხოლოდ ერთი ფედერაციის ტურნირებს დააფინანსებს. როგორც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩავლეშვილი, ამბობს დეპარტამენტი ყოველთვის ცნობს და თანამშრომლობს იმ ფედერაციასთან, რომელსაც აღიარებს საქართველოს ეროვნული ფედერაცია.

 

არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია ცნობს და აღიარებს აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციას და მის პრეზიდენტს ოთარ თავართქილაძეს. წერილი მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის მიერ გადაგზავნილია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის, დავით მიქელაძის სახელზე 2014 წლის 19 დეკემბერს.

2014 წლის 24 სექტემბერს აჭარის მკლავჭიდის ფედერაციამ პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლა რამინ შავაძე და მის ნაცვლად გივი მამულაძე დანიშნა.

 

აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გივი მამულაძე არ ცნობს აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციას. ის ამბობს, რომ ფედერაცია არალეგიტიმურია და მისი პრეზიდენტი დოპინგის მოხმარებაშია მხილებული.

 

„არ შეიძლება დოპინგირებული სპორტსმენი იყოს არათუ სპორტული დაწესებულების ხელმძღვანელი, მას სპორტსმენებთან ახლოს მიკარებაც კი ეკრძალება. დღეის მდგომარეობით მოქმედი ფედერაცია ჩვენ ვართ. ჩვენთან შეთანხმების გარეშე, სხვას არავის არ აქვს ოფიციალური ტურნირების ჩატარების უფლება“.

 

ეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოში დაადასტურეს. სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ოთარ თავართქილაძემ არასაშეჯიბრო პერიოდში გაიარა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული დოპინგ-კონტროლი 2014 წლის 11 აპრილს თბილისში.  სპორტსმენის სინჯის ანალიზი 2014 წლის 26 ივნისს ავსტრიაში გაკეთდა და დაუდგინდა დოპინგის მოხმარება, რადგან სპორტსმენის ორგანიზმში აღმოჩნდა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებულ აკრძალულ სიაში შემავალი ნივთიერებები – ნორანდროსტერონი, ნონდროლონის მეტაბოლიტი და ანაბოლური სტეროიდი.  ამ ანალიზის საფუძველზე საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ოთარ თავართქილაძეს ორწლიანი დისკვალიფიკაცია აქვს 2014 წლის 3 ივლისიდან 2016 წლის 3 ივლისამდე.

 

დისკვალიფიკაციის წესები რეგულირდება მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსისა და საქართველოს ანტიდოპინგური წესების მიხედვით, რომლის თანახმადაც დისკვალიფიკაციის პერიოდში არც ერთ დისკვალიფიცირებულ პირს არანაირი სახით არა აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებებში ან სხვა ღონისძიებებში, ეკრძალება მონაწილეობა შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებში.

 

აქვს თუ არა დისკვალიფიცირების პერიოდში ოთარ თავართქილაძეს უფლება დარჩეს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე? – საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარე თეიმურაზ უკლება „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ არა აქვს და ეს განსაზღვრულია მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მე-10 მუხლის პუნქტებში.

ოთარ თავართქილაძე ამბობს, რომ ის შეჯიბრებებში არ მონაწილეობს და მხოლოდ მენეჯმენტურ საქმიანობას ეწევა, ამიტომ მისთვის გაუგებარია უკრძალავს თუ არა მენეჯმენტურ საქმიანობას მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსი, სადაც ამის შესახებ კონკრეტულად არაფერია ნათქვამი.

 

რატომ სცნო ეროვნულმა ფედერაციამ დისკვალიფიცირებული სპორტსმენი ფედერაციის პრეზიდენტად, თუკი ეს ეწინააღმდეგება ანტიდოპინგურ წესებს?

 

„ის, რომ დისკვალიფიცირებული იყო, ეს მე როგორ არ ვიცოდი, მაგრამ მითხრეს, რომ მას  ჰქონდა მენეჯერული საქმიანობის უფლება“, – ამბობს საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია.

 

როგორ აღმოჩნდა სპორტსმენის ორგანიზმში დოპინგი? ოთარ თავართქილაძე „ბათუმელებს“ განუმარტავს, რომ აკრძალულ ნივთიერებებს შეიძლება ის ვიტამინები შეიცავდა, რომელსაც ის სპორტული დანამატის სახით იღებდა. „რამდენიმე სახის ვიტამინს ვიღებდი. ჩვეულებრივი სპორტული დანამატია. ეტყობა რომელიმეში ასეთი ხარვეზი იყო. რადგან სპორტული კვების დანამატები, რომლებიც გასაყიდად შემოდის საქართველოში, არ კონტროლდება“.

 

მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით (10.3.2. 2.7 აკრძალული ნივთიერების ან მეთოდის ტრეფიკინგი, ან ტრეფიკინგის მცდელობა) ის პირი, ვისი დანაშაულითაც მოხდა სპორტსმენის მიერ ანტიდოპინგური წესების დარღვევა, ან ვინც დაფარა დანაშაული, უნდა დაისაჯოს უფრო მკაცრად.

 

სად და რა დასახელების სპორტული კვების ვიტამინებს იძენდა ოთარ თავართქილაძე? – ის ამბობს, რომ ვიტამინებს თბილისში ყიდულობდა, რამდენჯერმე კი ვიტამინების ელექტრონულად შეძენაში აჭარის მკლავჭიდის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ლიპარაშვილს სთხოვა დახმარება.

 

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩავლეშვილი ამბობს, რომ დეპარტამენტს ეკრძალება დოპინგირებულ სპორტსმენთან თანამშრომლობა და იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული გზები ან ალტერნატიული ფედერაცია არ მოიძებნა აჭარაში, მკლავჭიდის ფედერაციას დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს:

 

„ჩვენ გვეკრძალება დოპინგირებულ სპორტსმენთან ურთიერთობა. ოთარი არის მსხვერპლი, რადგან მან მიიღო ის მედიკამენტები, რაც ვარჯიშის დროს ურჩიეს“.

 

აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის გენერალური მდივნის, რამინ შავაძის ინფორმაციით, ფედერაციაში მიმდინარეობს ცვლილება და იგეგმება ფედერაციის ახალი პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების დაკომპლექტება. თუკი ცვლილება მოხდება, აჭარაში მკლავჭიდის ფედერაცია კვლავ მიიღებს დაფინანსებას დეპარტამენტისაგან.

 

აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის ტურნირები დეპარტამენტს ჯერ არ დაუფინანსებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: