Batumelebi | “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აჭარის მთავრობას: გაასაჯაროეთ ჩანჩხალოში კვლევის შედეგები “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აჭარის მთავრობას: გაასაჯაროეთ ჩანჩხალოში კვლევის შედეგები – Batumelebi
RU | GE  

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” აჭარის მთავრობას: გაასაჯაროეთ ჩანჩხალოში კვლევის შედეგები

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აჭარის მთავრობას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს სოფელ ჩანხალოში გეოფიზიკური კვლევა, რომლის შედეგებზე მოსახლეობისთვის დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა ან მათი განსახლებაა დამოკიდებული – ამის შესახებ განცხადება დღეს, 24 იანვარს, ნათია ზოიძემ გააკეთა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა აჭარაში.  

შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ჩანჩხალოში მოსახლეობა სამთავრობო დასკვნას ელოდება, რომლის საფუძველზეც გადაწყდება მათ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე ბზარების გაჩენა „შუახევი ჰესის“ მშენებლობას უკავშირდება თუ მეწყრულ პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო დასკვნა, კვლევის შედეგები, ორი თვის წინ უნდა ყოფილიყო მზად, მთავრობა კვლევის შედეგებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს.  

 

ნათია ზოიძე
ნათია ზოიძე

„აჭარის მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ მას შეუძლია მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცრება და პრობლემის გადაჭრის გზები წარმოადგინოს დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს ამ პროცესს, რადგან იცის გეოფიზიკური კვლევის შედეგები და შესაძლოა ის რომელიმე მხარესთვის მისაღები არ არის, თუმცა ეს მხოლოდ ეჭვია. ამიტომაც, ჩვენ ამ ეტაპზე მივმართავთ აჭარის მთავრობას, გაასაჯაროოს კვლევის შედეგები. ახლოვდება გაზაფხული, მეწყრული პროცესები დაიწყება და შესაძლოა სავალალო შედეგიც დადგეს, ამიტომ, თუ დროულად იქნება გეოფიზკური კვლევის დასკვნა, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ღონისძიებებიც დროულად გატარდება“ –  განაცხადა ნათია ზოიძემ ბრიფინგზე.

მთავრობის და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების საბოლოო შეჯერებით გადაწყდება, თუ ვინ უნდა გადაიხადოს მოსახლეობის საკუთრების დაზიანებისთვის კომპენსაცია – სახელმწიფომ თუ ჰესის მშენებელმა კომპანიამ. თუ დადასტურდა, რომ ადგილობრივებს ზარალი სტიქიური უბედურებების (მეწყერი, წყალდიდობა და ა.შ.) გამო მიადგათ, კომპენსაციის გადახდა მთავრობას დაეკისრება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისთვის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის მიერ 20 იანვარს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობა თანხებს სისტემატურად გამოყოფს.

სამთავრობო კომისიის შექმნამდე, მოსახლეობის მოთხოვნების საპასუხოდ, 2014 წელს, ჰესის მფლობელმა კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია” კვლევა ჩაატარა. დასკვნით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენობებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დაზიანების მიზეზები სახლების მშენებლობისას საინჟინრო წესების დარღვევა და მეწყრული პროცესებია და არა ჰესის მშენებლობის პროცესში გვირაბის გაყვანა.

კვლევის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნა, რომელმაც საცხოვრებელი სახლების ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ სოფელ ჩანჩხალოში მდებარე 130–მდე სახლიდან 40-ში ცხოვრება სახიფათოა. ადგილობრივები სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე ბზარების გაჩენას „შუახევი ჰესისს“ ფარგლებში გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ და განსახლების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.

 

 

ჩანჩხალო
ჩანჩხალო

სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ დაეწყო „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობა სოფლის ერთ ნაწილში. ადგილობრივთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც გვირაბის მშენებლობისთვის აფეთქებების სერია დაიწყო, სახლები და სკოლა დაიბზარა.

 

სოფელ ჩანჩხალოში უკვე სამი ათეული წელია მეწყრული პროცესები მიმდინარეობს. არსებობს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც სოფელი წითელ ზონაში მდებარეობს. სოფელში ახსოვთ 1985 წელს განვითარებული მეწყერი, რომლის შედეგადაც ჩანჩხალოს მოსახლეობის ნაწილი სოფლიდან გადასახლდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"