Batumelebi | საქართველოში მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაცია იწყება საქართველოში მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაცია იწყება – Batumelebi
RU | GE  

საქართველოში მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაცია იწყება

 

მიმდინარე წლიდან მსხვილფეხა საქონელს მიენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მის ყურზე მიემაგრებულ საყურე ნიშანზე განთავსდება; თითოეულ პირუტყვზე გაიცემა პასპორტიც. შეიქმნება რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლის და მათი სადგომის შესახებ ინფორმაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა. 

 

 

მთავრობამ ,,მსხვილფეხა  საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესი“ დაამტკიცა. მსხვილფეხა საქონელში აქ „საკუთრივ ძროხა, კამეჩი, ასევე ზებუ და იაკი“ იგულისხმება; ამ წესის შესაბამისად კი,  მსხვილფეხა  საქონლის იდენტიფიკაცია და სადგომის რეგისტრაცია  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა განახორციელოს. სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა ელექტრონული ბაზის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას.

 

სააგენტოს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის, საქონლის მფლობელმა სპეციალური განაცხადით უნდა მიმართოს. საყურე ნიშანი პირუტყვის ყურზე დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილსა და ალერგიულ რეაქციებს; საყურე ნიშნის დაკარგვის შემთხვევაში, სავალდებულოა მისი ახლითთ შეცვლა იმ პირობით, რომ არ დაირღვევა მიკვლევადობა. ნიშნის შეცვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მფლობელი. დაუშვებელია საყურე ნიშნის მოხსნა ან შეცვლა სააგენტოს ნებართვის გარეშე.

  

საყურე ნიშნის მარკირებისას მასზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:

 

ა) საყურე ნიშნის გამცემი უწყების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო;

ბ) მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური 8-ციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) ქვეყნის ინიციალი „GE“;

დ) სკანერის საშუალებით კითხვადი შტრიხ-კოდი.

 

სააგენტოს მიერ, მსხვილფეხა საქონლის დაბადების შესახებ შეტყობინებიდან 14 დღის ვადაში, იდენტიფიკაციისა და მონაცემთა ელექტრონულ  ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ, გაიცემა პასპორტი. პასპორტი ივსება ერთ ეგზემპლარად და გაიცემა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებულ მსხვილფეხა საქონელზე.

 

პასპორტში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა)  ნომერი, შტრიხკოდი;

ბ) გაცემის თარიღი და გამცემი ორგანოს დასახელება;

გ) გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

დ) მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) მსხვილფეხა საქონლის დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი;

ვ) მსხვილფეხა საქონლის სქესი, ჯიში, სახეობა;

ზ) მსხვილფეხა საქონლის მშობლის (დედის) საიდენტიფიკაციო ნომერი (ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);

თ) იმპორტირებული მსხვილფეხა საქონლის მონაცემები (ექსპორტიორი ქვეყანის სახელწოდება, შემოყვანის თარიღი);

ი) მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის/დაკვლის/განადგურების თარიღი;

კ) მსხვილფეხა საქონლის მფლობელის სახელი/დასახელება, მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, ხელმოწერა;

ლ) მსხვილფეხა საქონლის სადგომის სარეგისტრაციო ნომერი;

მ) ნახირის სარეგისტრაციო ნომერი;

ნ) ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ.

 

მთავრობის განცხადებით, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნებია: მსხვილფეხა საქონლის  აღრიცხვიანობის რეგულირება; სრული ინფორმაციის ფლობა და  ინდივიდუალური მიკვლევადობა; მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა; ასევე მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ; ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება; ეტიკეტირების  უზრუნველყოფა ხორცით ვაჭრობისას.

 

სასაკლაოს მფლობელი  ბიზნესოპერატორის  ვალდებულებაა არ დაუშვას   სასაკლაოზე არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლა, ხოლო იდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლისას, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მოსთხოვოს მფლობელს პასპორტი. სასაკლაოს მფლობელი ასევე  ვალდებულია, დაკვლიდან 7  დღის ვადაში, დაუბრუნოს სააგენტოს პასპორტი და საყურე ნიშანი [ხოლო 2018 წლის პირველ იანვრამდე  კი – პასპორტი და საყურე ნიშანი,  არსებობის შემთხვევაში].

 

მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისათვის;

ბ) სააგენტოს მოთხოვნისას, წარუდგინოს ინფორმაცია  მსხვილფეხა საქონლის წარმოშობის, იდენტიფიკაციისა და გადაადგილების შესახებ;

გ) მიმართოს სააგენტოს კუთვნილი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციისათვის;

დ) აწარმოოს სადგომის წიგნაკი და შეიტანოს მასში რეგულარულად ამ წესით  გათვალისწინებული ინფორმაცია;

ე) მიმართოს სააგენტოს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისათვის მსხვილფეხა საქონელის დაბადებიდან  7 დღის ვადაში;

ვ) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია სადგომიდან სადგომში მსხვილფეხა საქონლის გადაადგილების, მათ შორის, ყიდვა-გაყიდვის შესახებ;

ზ)  სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მსხვილფეხა საქონლის:

ზ.ა) სეზონურ საძოვარზე  გადაადგილების   შესახებ;

ზ.ბ) ნახირში პირველად გაყვანის, ნახირის შეცვლის შესახებ;

თ) საყურე ნიშნის, პასპორტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

ი) მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის, დაკარგვის, განადგურების, საკუთარი მოხმარებისათვის დაკვლის შემთხვევაში, 7 დღის ვადაში დაუბრუნოს სააგენტოს მსხვილფეხა საქონლის  პასპორტი და  საყურე ნიშანი (გარდა მსხვილფეხა საქონლის დაკარგვის შემთხვევისა), ხოლო 2018 წლის პირველ იანვრამდე  კი – პასპორტი და საყურე ნიშანი,  არსებობის შემთხვევაში;

კ) სადგომის ლიკვიდაციისა და დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, შეატყობინოს სააგენტოს;

ლ) მსხვილფეხა საქონლის სადგომიდან სადგომში  გადაადგილებისას, (მათ შორის, ყიდვა-გაყიდვისას),  სადგომიდან გაყვანამდე  შეავსოს პასპორტი, რომელიც თან უნდა ახლდეს მსხვილფეხა საქონელს ყოველი გადაადგილებისას, გარდა ნახირისა.

 

თუ მფლობელი არ მიაწვდის ინფორმაციას სააგენტოს  სადგომიდან მსხვილფეხა საქონლის გადაადგილების თაობაზე, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან  მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება. სახელმწიფო კონტროლი ამ წესის მიზნებისათვის, ხორციელდება ინსპექტირების საშუალებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

 

თუ სადგომში გამოვლინდა ამ წესების განსაზღვრულ  ელემენტებთან შეუსაბამობა ერთ მსხვილფეხა საქონელთან მიმართებით მაინც, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან ყველა მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება.

 

თუ მფლობელი ვერ ამტკიცებს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციას და მასთან დაკავშირებულ მიკვლევადობას, სააგენტოს შეუძლია, დაავადების გავრცელების რისკის, მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების საფუძველზე, გადაწყვიტოს მსხვილფეხა საქონლის განადგურება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"