Batumelebi | მესაკუთრე მშობელი მესაკუთრე მშობელი – Batumelebi
RU | GE  

მესაკუთრე მშობელი

 

„ჩემმა შვილმა ასეთი რაღაც რომ დაწეროს, კი არადა გაიფიქროს, დედას ვუტირებ. იცი რას ვუზამ ისე რომ იაზროვნოს, როგორც შენ აზროვნებ, კბილებს დავუმტვრევ და მივახვედრებ მამის როლი როგორია საქართველოში… ჩემი შვილია და რასაც მინდა იმას ვუზამ“, – განაცხადა ახალგაზრდა მამაკაცმა „იმედის“ ეთერში, ირაკლი დეისაძის სიმღერის – „რაც მამას უნდა“ – პრეზენტაციის დროს. რატომ ცდილობენ ქართველი მშობლები მუდმივად აკონტროლონ სრულწლოვანი შვილების ცხოვრება და რა შედეგები მოჰყვება ამას. როგორია „მესაკუთრე მშობლების“ მუდმივი კონტროლის ქვეშ აღზრდილი თაობის მომავალი საქართველოში? 

 

ია ბაკურიძე 18 წლისაა. ის მომავალი იურისტია. ია ამბობს, რომ მისი მშობლები, ზოგადად, ლოიალურები არიან და ცდილობენ არ შეზღუდონ მისი თავისუფლებისკენ სწრაფვა. „თუმცა, ისინიც ქართველი მშობლები არიან და, ბუნებრივია, კულტურული სტერეოტიპების გავლენას განიცდიან“, – გვეუბნება ის.

 

„სტერეოტიპები, რაც მშობელს მესაკუთრედ აქცევს, საქართველოში ძალიან მყარია. ბევრი მშობელი მიიჩნევს – „ჩემი შვილია და ვალდებულია დამიჯეროს“, „შვილია და რასაც მინდა იმას ვუზამს, იმას ვეტყვი“. პრობლემა ისაა, რომ მშობლები ვერ აცნობიერებენ ყველაზე მთავარს – შვილი უნდა აღზარდონ არა მორჩილად, არამედ პიროვნებად“.

 

ია ბაკურიძე
ია ბაკურიძე

იას აზრით, მშობლების მიერ შვილების გადაჭარბებული კონტროლი, რომელიც თითქოსდა კეთილი მიზნებით ხორციელდება, საბოლოო ჯამში სავალალო შედეგებამდე მიდის: „ჩემი მეგობარი მახსენდება, რომელსაც მშობლები დაბადების დღეზე წასვლასაც კი უშლიდნენ და ეუბნებოდნენ, „შეგიძლია მიულოცო მობილურით, რა საჭიროა იქ ჯდომა“. როცა ვეკითხებოდი რა პრობლემას ხედავდნენ ამაში, ამბობდნენ, რომ იქ შეიძლება ვინმე უცხო გაეცნო. „შეიძლება რაღაც აზრები მოგახვიოს თავს“, ან „რაღაც დაგალევინოს“. პრობლემაა, როცა „უცხოს“ გაცნობის შიშით უზღუდავ შვილს თუნდაც განსხავებული აზრის მოსმენას, განსხვავებულ საზოგადოებაში ყოფნას და ადამიანებთან კომუნიკაციას“.

 

იას თქმით, მშობლები უხეშად ერევიან შვილის ჩაცმულობაშიც: „გოგომ კაბა უნდა ჩაიცვას“. მათ გადაუწყვიტეს რელიგიაც, ამ გზით უნდა წახვიდე, სხავანირად არ გამოვა, გაგრიყავთო“.  

 

იას მეგობრისთვის მშობლების „მზრუნველობა“ სავალალო აღმოჩნდა: „დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები და სრულიად იზოლირებული გახდა. ჩაერიენ ფსიქოლოგები, ექიმები, თუმცა პრობლემა დღემდე ვერ მოგვარდა. ის ახლა აბიტურიენტია და  თქვენ წარმოიდგინეთ, რეპეტიტორთანაც კი უჭირს მარტო წასვლა. თუ დედა ან მამა არ გაყვა, გაკვეთილი გაცდება, ეს არის მშობლის ე.წ. „მზრუნველობის“ შედეგი“.

 

იას აზრით, მშობლების მხრიდან იმის გაუცნობიერებლობა, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდია და ის პიროვნებად, მოქალაქედ უნდა აღზარდონ, სერიოზული პრობლემაა:  „მეც მსმენია მშობლებისგან, რომ „გოგო საღამოს სახლში უნდა იყოს~, იყო შეზღუდვა – თბილისში სასწავლებლად მხოლოდ იმიტომ არ გამიშვეს, რომ `გოგოს უცხო გარემოში, ამდენ უცხო ხალხში“ ვერ გაუშვებენ, რომ აქ, ბათუმში, „მათ თვალწინ~ უფრო დაცული ვიქნები. მშობლები შეცდომას უშვებენ მაშინ, როცა შვილებს არ ასწავლიან პასუხისმგებლობას თავისუფლებაში და გაუცნობიერებელ ზღუდეებს აწესებენ“.

 

საქართველოში ზრდასრული შვილებიც კი იშვიათად ტოვებენ მშობლების სახლს. ხშირად შვილების „მიბმას“ თვითონ მშობლები უწყობენ ხელს, ისინი თავს ვალდებულად თვლიან არჩინონ ზრდასრული შვილები და მათი ოჯახებიც კი. შესაბამისად, მათი მხრიდან შვილის ცხოვრების კონტროლიც მაღალია: „რატომ არ შეიძლება 18 წლის ბიჭი ან გოგო მუშაობდეს სწრაფი კვების ობიექტში ან კაფეში? სრულწლოვანება ხომ იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა იზრუნო შენს თავზე. დღეს წუხან იმაზე, რომ ბევრი ქალია უცხოეთში სამუშაოდ წასული, იქედან გამოგზავნილ ფულს კი მათი სრულწლოვანი შვილები ხარჯავენ. ეს შედეგია იმის, რომ თავისთავში დაურწმუნებელ და ფუქსავატ თაობას ზრდიან, რომელიც შემდეგ ვერანაირად ვერ გახდება პასუხისმგებლიანი მოქალაქე“.

  

„მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შვილების ცხოვრებაში მხოლოდ კეთილი სურვილებით ერევიან, საბოლოოდ მოძალადეები გამოდიან“, – გვეუბნება 23 წლის ილია ურუშაძე. მისი აზრით, ისინი ერევიან ზრდასრული შვილების ჩაცმაში, ვარცხნილობაში, პროფესიის არჩევაში და ა.შ. თუმცა იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას, ნაკლებად ფიქრობენ“.

 

ირაკლი ფაღავა
ირაკლი ფაღავა

იას მსგავსად, ილიასაც მეგობრის მაგალითი მოჰყავს: „მას, ფაქტობრივად, მშობლებმა აიძულეს არ წასულიყო ჰუმანიტარული მიმართულებით და ტექნიკური განათლება მიეღო. წლების შემდეგ, როცა მან გაანალიზა, რომ ამ სფეროში ვერ მოახდენდა საკუთარი თავის რეალიზებას, დეპრესიაში ჩავარდა“.

 

ილია ურუშაძის თქმით, მშობლების მხრიდან შვილები ხშირად ხდებიან მენტალური ძალადობის მსხვერპლი: „ჩემი აზრით ძალადობაა, როცა ჩვილ ასაკში გაუცნობიერებლად გნათლავენ და შემდეგ, როცა შენ გიჩნდება სურვილი გააკეთო სხვა არჩევანი, სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდები. ინტელექტუალურ ძალადობას დავარქმევდი, როცა მშობლები ცდილობენ აუკრძალონ შვილებს მათთვის არასასურველი წიგნების კითხვა. აქედან იწყება სხვისი ცხოვრების კონტროლი“.

 

ის, რომ საქართველოში შვილების დიდი ნაწილი მშობლებზეა ფინანსურად დამოკიდებული, ილია ურუშაძის აზრით, ესეც მშობლების ბრალია: „ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის შინაგანი თავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი, ალბათ ამიტომ ცდილობდნენ ქართველი მშობლები შვილების ფინანსურად დაქვემდებარებას. დღეს, როცა ახალი თაობა ცდილობს გაარღვიოს ეს ჩარჩოები, გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ალტერნატივად რჩება სკოლა, სადაც მოზარდმა უნდა შეძლოს იმის გაანალიზება, ვინ არის და რა უნდა“.

 

 24 წლის მალო აეროპორტში მუშაობს. აქვს საკუთარი შემოსავალი, თუმცა ფინანსური დამოუკიდებლობის მიუხედავად, ის ფიქრობს, რომ ე.წ. ტრადიციებს  ვერ უმკლავდება: „დისკომფორტია ის, რომ არ მაძლევენ შესაძლებლობას წავიდე სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში და იქ ვიცხოვრო და ვიმუშაო. რომ არა მშობლების ჩარევა, ალბათ პროფესიაც სხვა მექნებოდა. პატარ-პატარა წინააღმდეგობები მაინც დავძლიე, თუმცა, დღემდე პრობლემად რჩება ჩემი სხვა ქალაქში წასვლა და ცხოვრება“.

 

მალო ამბობს, რომ მშობლებს დღემდე აქვთ მცდელობა დაუგეგმონ შვილებს პირადი ცხოვრება, მომავალი ცოლის ან ქმრის არჩევაში ჩაერიონ აქტიურად, რაც მისთვის მიუღებელია: „ზედმეტი ჩარევა ყოველთვის იძლევა ნეგატიურ შედეგს“, -ამბობს ის. 

 

22 წლის ირაკლი ფაღავაც მიიჩნევს, რომ მშობლების მხრიდან გადამეტებულ „მზრუნველობას“ ცუდი შედეგები მოაქვს: „ჩვენ ტრადიციულად ბიჭებს უფრო ვანებივრებთ და ეს ზედმეტი თავზე გადაყოლა აზარმაცებს ახალგაზრდებს და პასუხისმგებლობის უნარს უკარგავს. ადამიანებს უჩნდებათ ფუჭი იმედები და ჰგონიათ, რომ მათ გასაკეთებელს ყოველთვის სხვა გააკეთებს, რომ დედა, მამა დაეხმარება, ბიძა დაასაქმებს და არ არის საჭირო ზედმეტი მონდომება. მერე უკვირთ მშობლებს, რომ მათი შვილები ინერტულები  და მათზე დამოკიდებული არიან. პრობლემაა ის, რომ ამ ქვეყანაში სრულწლოვანება არაფერს ნიშნავს – 18 წლის ხარ თუ 30-ის, მაინც მშობლის გავლენის ქვეშ ხარ“.

 

ილია ურუშაძე
ილია ურუშაძე

 ირაკლი მიიჩნევს, რომ პრობლემებიდან თავის დაღწევის გზა განათლებაა: „ოღონდ არა ისეთ სკოლაში, სადაც სტერეოტიპებით სავსე პედაგოგები გხვდებიან, განათლება, რომელიც დაგეხმარება საკუთარი თავის პოვნაში. მნიშვნელოვანია პროფესიის სწორად არჩევაც, რადგან ჩემს კურსზე ასამდე სტუდენტი სწავლობს და აქედან ნახევარზე მეტი ამბობს, რომ იურისტობა არ ყოფილა მისი არჩევანი. რა უნდა მისცეს იძულებით მიღებულმა პროფესიამ ან მას, ან სახელმწიფოს“.

 

 ფსიქოლოგ ქეთევან ბერიძის განმარტებით, მშობლების მხრიდან შვილების კონტროლს გარკვეული ტრადიციული ურთიერთობები განაპირობებს: „თუმცა, ნელ-ნელა ხდება გარდატეხა. ადამიანზე, რომელიც არ არის დაოჯახებული, მაგრამ შეძლო დაეწყო ცალკე ცხოვრება, „რა მაგარია“, ვამბობთ. ყველა კულტურაში შეიძლება იყოს მშობელი, რომელიც უფრო მეტად ერევა შვილის ცხოვრებაში და ვიღაც არა. ის, რომ მშობელს უნდა იცოდეს სად არის და რას აკეთებს მისი შვილი, ნორმალურია, რადგან საფრთხეები ყოველთვის არსებობს. თუ მშობლის არგუმენტები არ არის ჯანსაღი, მაშინ შეიძლება იყოს სადავო, ასევე არგუმენტირებული უნდა იყოს შვილის მხრიდან სახლიდან გასვლის თუ წასვლის მიზეზიც. რაც შეეხება სხვა ქალაქში თუ ქვეყანაში წასვლას, მშობელი ყველაზე კარგად იცნობს თავის შვილის და იცის რამდენად შეძლებს ის დამოუკიდებლად ცხოვრებას. და მეორე, მშობელსაც აქვს ისტორია, თავისი გამოცდილება და შეიძლება ეს შიში მის გამოცდილებას უკავშირდებოდეს“. 

 

ფსიქოლოგის თქმით, ამ საკითხზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. „ეს დამოკიდებულია როგორც მშობლის, ასევე შვილის პიროვნულ თვისებებთან და მათ შორის არსებულ ურთიერთობებთან, ასევე გარემოსთან სად, რა გარემოში უწევთ ამ ადამიანებს ცხოვრება“.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე