სიახლეები

როგორ განვიკურნოთ სიელმისგან – საშობაო აქცია კლინიკა “საგიტარიუსში“

15.12.2014 • 2364
როგორ განვიკურნოთ სიელმისგან – საშობაო აქცია კლინიკა “საგიტარიუსში“

გელა ობერიუხტინი
გელა ობერიუხტინი

რა არის სიელმე და როგორ ხდება მისი მკურნალობა? –  სიელმესთან დაკავშირებულ შეკითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოფთალმოქირურგი, საქართველოს წამყვანი სტრაბიზმოლოგი გელა ობერიუხტინი პასუხობს, რომელიც ბათუმში, კლინიკა „საგიტარიუსში“ ჩაატარებს კონსულტაციებსა და ოპერაციებს.

 

ბატონო გელა, სად მიიღეთ  განათლება და პროფესიულ საქმიანობას სად ეწეოდით? თანამშრომლობთ თუ არა უცხოელ კოლეგებთან?

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი ორდინატურასა და ასპირანტურაში მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში. აქვე დავიცავი სამეცნიერო ხარისხი და ვმუშაობდი ბავშვთა მხედველობის დაცვის განყოფილებაში. 1996-2011 წლებში ვმუშაობდი ჯავრიშვილის თვალის მიკროქირურგიის ცენტრ „ოფთალმიჯში“, სადაც შევქმენით ბავშვთა  მხედველობის დაცვის სამსახური, რომელიც ემსახურებოდა არამარტო თბილისის, არამედ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობასაც.

2011 წლიდან ვარ სტრაბიზმოლოგთა ასოციაციის წევრი. ეს ასოციაცია აერთიანებს  ოფთალმოლოგებს, რომლებიც ძირითადად დაკავებული არიან სიელმის პრობლემებით. ასოციაციის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება კონფერენციები, სადაც განიხილება სიელმის მკურნალობის უახლესი მეთოდები.

 

რა პათოლოგიაა სიელმე, რა სახეობები გვხვდება და რამდენად გავრცელებულია საქართველოში?

 

სიელმე – სტრაბიზმი მიეკუთვნება თვალის მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიას.  ეს არის ერთ-ერთი თვალის მხედველობის ღერძის  გადახრა ფიქსაციის საერთო წერტილიდან. არსებობს სიელმის ორი ძირითადი სახეობა: პარალიზური და შეუღლებული. სიელმის გამოვლინების პროცენტული მაჩვენებელია 1,5-2,0%. პარალიზური სიელმე განპირობებულია თვალის მამოძრავებელი ერთი ან რამდენიმე კუნთის დამბლით ან  პარეზით. ახასიათებს ელამი თვალის მოძრაობის შეზღუდვა ან სრული უძრაობა. სიელმის მეორე სახეობა – შეუღლებული სიელმე – განპირობებულია ბინოკულური (სტერეოსკოპიული) მხედველობის მოშლით და ახასიათებს თვალის მოძრაობის შეუზღუდველობა. შეუღლებული სიელმე მიეკუთვნება გენეტიკურ დაავადებებს. ხშირად  სიელმის ჩამოყალიბების მიზეზია ერთ-ერთი თვალის დაბალი მხედველობა ან სიბრმავე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს რეფრაქციული ანომალიით: შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია), ახლომხედველობა (მიოპია) და ასევე ასტიგმატიზმით, ცენტრალური ნევრული დაზიანებებით.

 

თვალის გადახრის მიხედვით არსებობს შიგნითა, გარეთა, ვერტიკალური სიელმე. შიგნითა სიელმე სტატისტიკურად ათჯერ აღემატება გარეთა სიელმეს. შიგნითა სიელმის 17,5% შემთხვევა ვლინდება 1 წლამდე ასაკში, ხოლო 22,2 % – 3 წლის ასაკში.

 

აჭარაში, კლინიკა საგიტარიუსშიტარდება სიელმის ოპერაციები, თუმცა კლინიკასა და პაციენტებს აქვთ სურვილი ამ ოპერაციებს თქვენ გაუძღვეთ და ამას სისტემატური ხასიათი მიეცეს. აქ რა მიზნით და პერიოდულობით ჩამოხვალთ, რა სიახლეს შესთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას? 

 

მოსკოვისა და თბილისის კლინიკებში მუშაობის დროს დამიგროვდა სიელმის მკურნალობის, ქირურგიული (3 ათასზე მეტი ოპერაცია) და კონსერვატიული მეთოდებით, საკმაოდ დიდი გამოცდილება. აჭარაში მაქვს გაკეთებული  ბევრი ოპერაცია, როგორც მაღალმთიან რეგიონებში _ ხულოში, ქედასა და შუახევში, ასევე ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ბათუმში.  დღესაც მყავს ბევრი პაციენტი, რომლებიც აჭარიდან ჩამოდიან თბილისში. იმის გათვალისწინებით, რომ  მკურნალობის ბოლო შედეგის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს პრე და პოსტოპერაციულ სწორად ჩატარებულ მკურნალობას,  მივიჩნიე, კარგი იქნებოდა მკურნალობის სრული კურსი ჩატარდეს კლინიკა „საგიტარიუსის“ ბაზაზე, რომელიც სრულად აღჭურვილია სათანადო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. ჩვენს კლინიკაში  დანერგილია სიელმის მკურნალობის კომპლექსური მიდგომა, რაც ითვალისწინებს ამბლიოპიის (ზარმაცი თვალი) მკურნალობას უახლესი ლაზერო და ფოტოსტიმულაციით, ორთოპტიკულ მკურნალობას თანამედროვე კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფით.

 

რა პრობლემებია საქართველოში სიელმესთან დაკავშირებით? დიაგნოსტიკა ჭირს, სპეციალისტების ნაკლებობაა, სკოლა არ არსებობს თუ რა მიზეზებია?

 

საქართველოში არსებობდა კარგი სტრაბიზმოლოგიის სკოლა – გავიხსენოთ თუნდაც ქალბატონი ციალა შურღაია, ბავშვთა ოფთალმოლოგიური კლინიკა, ეროვნული ოფთალმოლოგიური ცენტრი. დღეს ბევრი სათანადოდ აღჭურვილი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ოფთალმოლოგიური კლინიკაა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზესტაფონში, თელავში… პრობლემებია მაღალმთიან რეგიონებში, სოფლებში, სადაც აღარ ხდება ბავშვთა აუცილებელი პროფილაქტიკური გასინჯვა 3 და  5 წლის ასაკში.

 

როდის უნდა მივმართოდ ექიმს და ქირურგიული ჩარევა რა ასაკიდანაა შესაძლებელი?

 

სიელმის უდიდესი ნაწილი ყველაზე ხშირად 3-დან 6 წლამდე ბავშვებზე  მოდის. გარეთა სიელმე ყველაზე ხშირად გვხვდება 3 და 9 წლის ასაკში. პარალიზური სიელმის ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია 2 წლის ასაკიდან, შეუღლებული სიელმის – 4 წლიდან. ჩვენი მიზანია ბავშვს სკოლამდელ ასაკშივე მოვაცილოთ კოსმეტიკური ნაკლი, რათა მას არ ჩამოუყალიბდეს ფსიქო-ემოციური კომპლექსი.

 

გქონიათ თქვენს პრაქტიკაში შემთხვევა, როცა დაგვიანებული იყო მკურნალობა?

 

მახსოვს 8-9 წლის წინ აჭარაში, თვენახევარში გავაკეთეთ 105 ოპერაცია. ამ პაციენტთა უმრავლესობა იყო 16-დან 30 წლამდე. მათ არ ჩატარებიათ დროული ქირურგიული მკურნალობა. ლაპარაკია იმაზე, რომ ოპერაცია შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, კარგი კოსმეტიკური ეფექტით, მაგრამ მხოლოდ პატარა ასაკშია შესაძლებელი კოსმეტიკურთან ერთად ფუნქციონალური ეფექტის მიღება.

 

როგორ შეიძლება სიელმის თავიდან აცილება? მაგალითად, თუ არ ვატარებთ სათანადო სათვალეს, სიელმე განვითარდება?

 

დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ გასინჯვას, რათა მოხდეს  ანომალიების გამოვლენა და სათანადო მკურნალობა – პირველ რიგში სათვალისმიერი კორექცია.

 

განასხვავებენ ქირურგიულ და თერაპიულ მკურნალობას, რომელი უფრო ეფექტურია?

 

პარალიზური სიელმის დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა, ხოლო შეუღლებულის დროს ქირურგიული და თერაპიული – კომპლექსურად, მაგრამ მიდგომა ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია.

 

რამდენად ხელმისაწვდომია ოპერაცია?

 

ამჟამად სიელმის ყველა სახის ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: