სიახლეები

სტუდენტების სამოქალაქო პასუხისმგებლობა

09.12.2014 •
სტუდენტების სამოქალაქო პასუხისმგებლობა

 

 

თამთა კვარაცხელია, მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, მომხსენებელი: ვინ არის აქტიური? ვინც აზროვნებს, ვინც ფიქრობს, ვისაც კრიტიკული აზროვნება შეუძლია, ვისაც ინფორმაცია აქვს… ანუ, ვისაც განათლება აქვს. მხოლოდ განათლება არ კმარა. რა უშლის ხელს ჩვენში სამოქალაქო აქტიურობის გამოვლენას?

1. ტრადიციები: უფროსს არ უნდა შეეკამათო; მაგას რა უქნია ჯერ, რომ გააკრიტიკოს ვინმე (წინაპარი, მამათა თაობა); “შვილიშვილი ბაბუას ასწავლიდაო“, – ამბობს ქართული ანდაზა და ხშირად უგულებელყოფილია ახალგაზრდის, ახალი თაობის აზრი, მოსაზრება, არ ვეკითხებით (ან ძალიან ნაკლებად) ოჯახში აზრს ახალ თაობას; ქართველი ძალიან გვიან ხდება დამოუკიდებელი; დედიკოს შვილია 40 წელს მიტანებული ქალი და კაცი.

2. მენტალური პრობლემა: ქართველმა განსაკუთრებით იცის შენჩემობა: ანუ საკუთარს უფრთხილდება და სხვისას- არა; სხვისად მიაჩნია ის, რაც მისი კარის ზღურბლს იქით არის, ანუ საკუთარ ჯამს არის ჩაჩერებული (ოთარაანთ გიორგისა და ქვრივის მაგალითი, თანასოფლელებს არ ესმით მათი ქცევის მოტივაციისა – ჩემი რა მიდისო)

3. საზოგადო საქმეზე არ ვზრუნავთ, ჩვეულებრივ, საკუთარი კეთილდღეობით ვართ დაკავებული. არ გვგონია, რომ ის ჭირი (სხვასთან რომ არის) ჩვენთანაც დადგება. სხვის საქმეში ჩარევად და `არამკითხე მოამბეობად“ აღიქმება თავგამოდება საზოგადო საქმისთვის.

 

რითი შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია? აღზრდაში მეტი დემოკრატიულობის გამოვლენით; ეს ამბობს, რომ სწავლა-სწავლების ცენტრში არის მოსწავლე, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს ასე არ არის, დღესაც გაცილებით მეტი გავლენა აქვს სკოლაში მასწავლებელს, ვიდრე _ მოსწავლეს. სტუდენტი ნაკლებად აქტიურია იმიტომ, რომ ნაკლებად აქტიურია მოსწავლე სკოლაში. მოსწავლეთა თვითმმართველობა სუსტია, მოსწავლეთა ინიციატივები არ არის წახალისებული. მოსწავლეს, სტუდენტს არ უსმენენ შინ, სკოლაში, უნივერსიტეტებში, ქუჩაში, მთავრობაში… ეს იწვევს მათ ინდიფერენტიზმს, ამიტომ გვყავს სტუდენტები სუსტად გამოხატული სამოქალაქო აქტიურობით. სამოქალაქო აქტიურობა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას. პასუხისმგებლობა ნიშნავს ნებისყოფის წრთობას, მოქმედებას. უპასუხისმგებლოდ, მდინარის დინების მიმართულებით ცურვა კი საკმაოდ კომფორტულია, რადგან არ ითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, მაგრამ შედეგი სავალალოა: `როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან არ ვიყავი პროფკავშირელი. კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო“…

 

ლევან კუტუბიძე, ბსუ-ს სტუდენტი, მომხსენებელი: სამოქალაქო პროცესებში ყველა მოქალაქე უნდა იყოს ჩართული, იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი სწორედ რომ მათზე ვრცელდება. სტუდენტთა ჩართულობა უფრო ინტენსიურ ხასიათს უნდა ატარებდეს, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ახალგაზრდა თაობის ყველაზე ჩამოყალიბებულ ნაწილს. საბედნიეროდ, სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ პოზიციას, აზრს, შეხედულებებსა და დამოკიდებულებას. საქართველოს რეალობაში ბევრჯერ დავინახეთ, რომ სტუდენტობა დიდ ძალას წარმოადგენს.
რა არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა? ჩემი განმარტებით ეს არის პირთა გაერთიანება იმ რეალობის გამოწვევების წინაშე, სადაც ისინი ცხოვრობენ, სადაც მათ კვებავენ პირდაპირი თუ ირიბი გაგებით, სადაც ისინი წევრებად ითვლებიან. ამიტომ სტუდენტებმა უნდა შეძლონ გადადგან მკაფიო ნაბიჯები, აიღონ პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის აღება უთუოდ გააზრებული არჩევანი უნდა იყოს, ღირებულებათა აწონ-დაწონისა და გადაფასების შედეგი. მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ შეიძლება სტუდენტური ძალის გამოყენება. სამწუხაროდ, ორივე მხრივ.

 

როცა ვსაუბრობთ სამოქალაქო პროცესებზე, აუცილებლად უნდა შევეხოთ პოლიტიკური პროცესების ცნებასაც. ხშირად რთულია მათი ერთმანეთისგან გარჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური პროცესები შენიღბული, სამოქალაქო აქტივობის სახით გვევლინება. შეუძლებელია მათი განსხვავება, თუკი არ გაქვს შესაბამისი განათლება, სიტუაციის შეფასების უნარი. ამიტომ, სანამ სტუდენტები მივიღებთ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობის აღებისა და სამოქალაქო პროცესში ჩართვის შესახებ, უნდა დავფიქრდეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, რათა მხოლოდ საზოგადოების სასარგებლოდ გამოვიყენოთ ჩვენი ძალები.

 

თამარ ბაუჟაძე, ბსუ-ს სტუდენტი, დისკუსიის მონაწილე: დღეს მთელ საქართველოში რკინიგზელებს ჰქონდათ გაფიცვა. ისინი ითხოვდნენ ხელფასის მომატებას, შრომითი უფლებების დაცვას, უსაფრთხო გარემოში მუშაობას. ჩვენ ვამბობთ, რომ სამოქალაქოდ აქტიური პიროვნებები ვართ, სად ვიყავით ჩვენ? რაში გამოიხატება ჩვენი აქტივიზმი? სამოქალაქო აქტივიზმი არ არის მარტო შეკრება და საუბარი.

თამთა კვარაცხელია: ყოველ შემთხვევაში რკინიგზელებს არ ვლანძღავთ, როგორიც იყო ავტობუსების მძღოლების პროტესტის შემთხვევაში. მოქალაქეები მათ ლანძღავდნენ. არიან ჯგუფები, რომლებიც მხარს უჭერენ მჩაგვრელ ძალას. თუ ჩვენ არ ვილაპარაკეთ, სხვებს არ ვუთხარით, მაშინ ქმედება კიდევ დიდხანს არ იქნება.
გიორგი ბოლქვაძე, ბსუ-ს სტუდენტი: როცა არის საპროტესტო აქციები, მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საზოგადოების კითხვებს ვერ პასუხობს.

 

ლევან კუტუბიძე: ნუ გავაიგივებთ სტუდენტების აქტიურობას ქუჩაში გამოსვლასთან. ერთი წლის განმავლობაში ვიყავი საკრებულოში – იქ არც ერთი სტუდენტი არ დამინახავს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ დაინტერესებულიყო თუ რა გადაწყვეტილებას იღებდა საკრებულო ან მერია… სხდომები არის ღია, მაგარამ იქ სტუდენტები არ დადიან.
ზურაბ მესხიძე, ბსუ-ს სტუდენტი: რამდენიმე დღის წინ სტიქია დაატყდა ბათუმს, ზღვა გადმოვიდა და დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ ერთი ახალგაზრდაც არ გამოსულა ქალაქის დასასუფთავებლად. სტუდენტების გაერთიანებას აქვს ძალიან დიდი ძალა – ერთ მაგალითს მოვიყვან, როცა აგრარულ უნივერსიტეტს შეუჩერეს აკრედიტაცია, მთელი ქვეყნის სტუდენტების პროტესტმა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება შეაცვლევინა და აკრედიტაცია დაუბრუნეს.

 

გადაბეჭდვის წესი