ჩანჩხალოელები
„გუშინწინ იყვნენ ამოსულები. გვითხრეს, თბილისიდან, ენერგეტიკის სამინისტროდან ვართო. შეამოწმეს კიდევ ერთხელ სახლები. დასკვნა უნდა დავწეროთ ერთ კვირაშიო, გვითხრეს. დასკვნას ველოდებით. ვნახავთ რას დაწერენ და მერე ვიმოქმედებთ. ამ წუთშიც მიდის აფეთქებები. ღამით ძლიერი აფეთქებებია. მთვრალიც რომ იყო, მაინც გეღვიძება. დღისით ასეთი მძლავრი ბიძგები არაა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ჩანჩხალოს მკვიდრი ემზარ დუმბაძე. მისივე თქმით, თუ გეოფიზიკური დასკვნა რეალობის ამსახველი არ იქნება, სოფელი საპროტესტო აქციებს გააგრძელებს.
„სოფელი ჩანჩხალო წარმოადგენს აჭარის რეგიონში ერთ-ერთ მაღალი რისკის დასახლებულ ტერიტორიას, სადაც მეწყრული პროცესების აქტივაცია პერიოდული ხასიათის მატარებელია, რაც დასტურდება წლების განმავლობაში ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა-დაკვირვებით.
კომისიის მუშაობის პროცესში სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ბზარებისა და ნაპრალების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ასევე გაჩენილია ახალი ნაპრალები გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირბით ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დაწყების შემდეგ. შუახევის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობიდან გამომდინარე სოფელ ჩანჩხალოში გამოწვეული გეოლოგიური პროცესების შესწავლის მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩატარდეს გეოფიზიკური კვლევები, რაც ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად უწყობს ხელს ტერიტორიაზე მიმდინარე გეოლოგიური პროცესების პროვოცირებას გვირაბის მშენებლობისას განხორციელებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები“, – ეს არის ამონარიდი იმ სამთავრობო კომისიის დასკვნიდან, რომელიც ჩანჩხალოში არსებულ ვითარებას სწავლობდა.
სამთავრობო კომისიამ მუშაობა ჩანჩხალოში ოქტომბერში დაასრულა. სულ 127 სახლი და მათ მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები იქნა შესწავლილი. დასკვნაში, რომელსაც ხელს გეოლოგები აწერენ, მოსახლეობისთვის ახალი არაფერი წერია.
„წესით გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა შეესწავლათ. ჩაერთვნენ გეოლოგები, რომლებმაც სრულყოფილი დასკვნა ვერ დადეს. თქვეს, რომ სოფელი ჩანჩხალო მდებარეობს მაღალი აქტივობის მეწყერსაშიშ ზონაში. ეს ისედაც ვიცოდით. სრულყოფილი დასკვნისთვის გეოფიზიკური დასკვნაა საჭირო. რომ დოკუმენტურად დამტკიცდეს, რა კავშირშია ის აფეთქებები ამ ბზარებთან, რომელიც ჩვენს საცხოვრებელ სახლებს უჩნდება“, – ამბობს ბადრი მახარაძე, სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი.
ბადრი მახარაძე იმ სპეციალისტების მუშაობითაც უკმაყოფილოა, ვინც გეოფიზიკური დასკვნა უნდა მოამზადოს.
ჩანჩხალო
„ჩვენ ვიცით, რაც ხდება აქ, საპირისპიროს დამტკიცება მოუწევს კომპანიას საბუთებით, მაგრამ ამას ვერ დაამტკიცებენ, რადგან კვლევა არ ჩაუტარებიათ. სამთავრობო უწყებებიდან მოვიდნენ, მაგრამ რა გააკეთეს, ვერ გავიგეთ. ვიზუალურად დააკვირდნენ და გადაიღეს. რაღაც აპარატურა ხომ უნდა იყოს. გინდ სეისმოლოგიური, გინდ გეოფიზიკური. რაღაცით ხომ უნდა ამოწმებდნენ?“ – კითხულობს ბადრი მახარაძე.
მისივე თქმით, მოსახლეობა კიდევ ერთი კვირა აპირებს ლოდინს. მას შემდეგ, როცა დასკვნას გაეცნობიან, იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ჩანჩხალოს მოსახლეობა იქნება დაცული. ჰესის მიმდინარე მშენებლობა რაიმე ზიანს თუკი გამოიწვევს, ისინი მიიღებენ კომპენსაციას. კომპანიის გასაგონადაც ვიძახი, რომ ისინი ვერ დაარღვევევნ იმ ნებართვას, რომელიც მათ მშენებლობისათვის მიიღეს“, – ეს პირობა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ სტუმრობისას დადო.
თავად კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ სოფელი ჩანჩხალო ისტორიულად მეწყრული ზონაა და იქ სახლები გვირაბის სამუშაოების დაწყებამდე იყო დაბზარული.
„ჩვენ მზად ვართ კომპენსაცია გადავიხადოთ იმისთვის, რომ თუ რამეს დავაზიანებთ მშენებლობის შედეგად და არა იმ სახლებისთვის, რომლებიც დაზიანებული იყო მანამდე,“ – ასეთია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პოზიცია.
ჩანჩხალოში, წესით, გეოფიზიკური დასკვნის საფუძველზე, მომავალი კვირიდან უნდა გაიგონ, რატომ ინგრევა და იბზარება მათი სახლები.