სიახლეები

ხაბაძის განცხადებით, „ტრამპ თაუერის“ პროექტი განახლდება

24.11.2014 • 1976
ხაბაძის განცხადებით, „ტრამპ თაუერის“ პროექტი განახლდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ის აჭარაში საინვესტიციო გარემოს მდგომარეობით კმაყოფილია.

„ბევრი ინვესტორი აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლება არწმუნებდა მათ, რომ ახალი ხელისუფლება ვერ მოახერხებდა საინვესტიციო პოლიტიკის შენარჩუნებას. ამის გამო ბევრი ინვესტორი თავს იკავებდა ინვესტიციის განხორციელებაზე. თუმცა, არჩევნებმა ჩაიარა და პოლიტიკური რისკები აღარ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პროექტია განხილვის სტადიაში. პირველი, 90 მილიონიანი ინვესტიცია, სექტემბრის დასაწყისში დავაანონსეთ და მალე დაიწყება მისი განხორციელება. ასევე გავაცოცხლეთ „ბაბილონის“ და „კუბთაუერის“ პროექტი. სიახლეა ის, რომ დავასრულეთ მოლაპარაკება „ტრამპ თაუერის“ პროექტის განახლებაზე და ახლო მომავალში ამ პროექტის განხორციელებაც დაიწყება“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

არჩილ ხაბაძის განცხადებით, 2015 წელს ყაზახურ ინვესტიციების განხორციელებაც დაიწყება:

„2006 წელს ქობულეთსა და ბათუმში 21 ობიექტი გაიყიდა. ეს იყო ყოფილი პანსიონები და სხვა ობიექტები, თუმცა პროექტი აღარ განხორციელებულა. ჩვენ ეს პროექტიც მოვაბრუნეთ. დახლოებით 11 პროექტის რეალიზებას ჩავუყარეთ სამომავლოდ საფუძველი და მათი მშენებლობის პროცესი წლების მიხედვით არის გაწერილი. ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზეა საუბარი“.

არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა დამაჯერებელია: „ჩვენი პოლიტიკა არის ფრთხილი და დამაჯერებელი. ჩვენ ყველა ინვესტორთან გვაქვს სერიოზული ურთიერთობა. თუ ადრე სწრაფი გადაწყვეტილებები იყო მიღებული, შესაბამისად, მარგი ქმედების კოეფიციენტიც იყო დაბალი. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, 2012 წელთან შედარებით ინვესტივიები 2013 წელს 45 პროცენტით გაიზარდა, წელს კი 25 პროცენტით. ძირითადად, მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ ახლო მომავალში მრეწველობის და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებითაც განხორციელდება ინვესტიციები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: