სიახლეები

როგორ ემზადება ბათუმის მერია ზამთრისათვის

19.11.2014
როგორ ემზადება ბათუმის მერია ზამთრისათვის


გიორგი ერმაკოვი
გიორგი ერმაკოვი

ბატონო გიორგი, გასულ წელს ზამთრისთვის საკმაოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა ქალაქი. წელს როგორ ემზადებით?

 

წელს ვემზადებით ინტენსიურად, ყველა სამსახურში – იქნება ეს სანდასუფთავება, სახანძრო თუ სამაშველო, ტექნიკის შეძენაზე დამატებითი ტენდერი გამოვაცხადეთ. სანდასუფთავებისთვის დამატებით ვყიდულობთ სპეცტექნიკას, რაც მოგვცემს საშუალებას სრულყოფილად ჩავატაროთ სამუშაოები. გარდა ამისა, საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებთ, პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ქაოსი რომ არ შეუქმნას – მერია და მისი დამხმარე სამსახურები გაიყოფა. უხვი ნალექის შემთხვევაში ყველა სამსახურს ეცოდინება სექტორებად დაყოფილი ქალაქის რომელ ტერიტორიაზე რას აკეთებს. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ იყოს ორგანიზებული და არა ქაოტური პროცესი.

 

 

ქვაფენილიანი ქუჩები ბათუმის ცენტრში შარშან ტექნიკამ ვერ გაწმინდა, რადგან დაზიანდა ქვაფენილი და ამან დამატებითი პრობლემები გააჩინა. წელს როგორ აპირებთ ქვაფენილების გაწმენდას, ისევ ხელით მოუწევთ სანდასუფთავების თანამშრომლებს ამ ქუჩებისა და ტროტუარების გაწმენდა?

 

 

ჩვენ ილუზიონისტები არ ვართ რამე ახალი რომ მოვიფიქროთ, მერიას ჰყავს თავისი სამსახურები და ვისაც რა ევალება, იმას გააკეთებს. დამატებით ტექნიკის შეძენაზე იმიტომ გამოვაცხადეთ ტენდერი, რომ სანდასუფთავებას ექნება დამატებითი წმენდის საშუალება. თუმცა, ფილები ძალიან უხარისხოდ არის დადებული და ეს ცალკე განხილვის თემაა. გააჩნია ნალექის რაოდენობას, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, უფრო მობილიზებულად და უფრო კარგად გავაკეთებთ საქმეს.

 

 

გასულ წელს სანდასუფთავების თანამშრომლები უკმაყოფილო იყვნენ იმის გამო, რომ მძიმე შრომის მიუხედავად (ხელით წმენდნენ ქუჩებს), როგორც თვითონ ამბობდნენ, ვერ მიიღეს დამატებითი ანაზღაურება. წელს როგორ იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი?

 

 

ყველა ადამიანის შრომა შესაბამისად უნდა დაფასდეს. შეიძლება მერიის ან რომელიმე სამსახურის თანამშრომლის შრომა ისე არ დაფასდეს, როგორც საჭიროა, მაგრამ იმ ადამიანების შრომა, რომლებიც სტიქიური უბედურების დროს საქმეს აკეთებდნენ იმაზე მეტად, ვიდრე ევალებოდათ, იქნება დაფასებული.

 

 

ტექნიკური მარილის ნაკლებობა იყო შარშან. წელს რამდენი შეიძინეთ?

 

რამდენი ტონაა შესყიდული არ ვიცი, მაგრამ წელს მაგის პრობლემა არ იქნება. თუკი დამატებითი რესურსის შეძენა გახდება საჭირო, ბიუჯეტში ეს იქნება გათვალისწინებული. მარაგს გავაკეთებთ.

 

შარშან მთელი კვირა გათიშული იყო ქალაქში შუქი, რის გამოც, ფაქტობრივად პარალიზებული იყო ქალაქი. თუ გაქვთ ინფორმაცია, რას გააკეთა ამ პრობლემების მოსაგვარებელად წელს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, ხომ არ აღმოჩნდება ქალაქი წელსაც მსგავს სიტუაციაში?

 

 

აჭარის მთავრობაში ჩატარდა თათბირი – ჩვენ გვქონდა შეხვედრა ენერგოკომპანიასა და „სოკარის“  წარმომადგენლებთან. იქ დაისვა კითხვები ამ საკითხებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები რაც აქვთ, ანუ სუსტი წერტილები სადაც ჰქონდათ, იქ სამუშაოები მიმდინარეობს. შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვლელად, მაგრამ იმ ანგარიშით, რაც ენერგოკომპანიამ ჩაგვაბარა, მდგომარეობა ნორმალურია. რას გააკეთებს ეს კომპანია კონკრეტულ პრობლემურ წერტილებში, ამის თაობაზე ორ კვირაში გვექნება ინფორმაცია.

 

ბათუმი, აბაშიძის ქუჩა. 2013 წლის დეკემბერი
ბათუმი, აბაშიძის ქუჩა. 2013 წლის დეკემბერი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: