სიახლეები

რატომ არ განიხილავს სასამართლოს შს სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს?

18.11.2014 • 1328
რატომ არ განიხილავს სასამართლოს შს სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს?

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა, 6 ნოემბერს სასამართლოში მისულ “ბათუმელების”ინტერესების დამცველს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტს, ეკა ციმაკურიძეს უთხრა, რომ საქმის განხილვა 11 დეკემბრამდე გადადო. მიზეზი – მოუცლელობა. 

 

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გადადო “ბათუმელების” მიერ შს სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა. 

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, შს სამინისტრო არის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ უწყება; ასევე დადასტურებულია, რომ სწორედ ამ სამინისტროსგან ჟურნალისტები პრაქტიკულად ვერ იღებენ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღემდე მხოლოდ ის მოახერხა, რომ საქმის მოსამართლე ერთხელ გამოცვალა (თავდაპირველად მოსამართლე თამარ ონიანი იყო) და საქმის მოსმენა მრავალგზის გადადო, ამჯერად უკვე 11 დეკემბრამდე.

 

რამდენად საკმარისი არგუმენტია სასამართლოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის ვერმიღების გამო შეტანილი სარჩელის ვერგანხილვის მოტივად მოუცლელობის დასახელება, მაშინ როცა კანონი ზუსტად განსაზღვრავს ვადებს (2-5 თვეა)? საქმისადმი მსგავსი დამოკიდებულებით ხომ არ ახალისებს სასამართლო შს სამინისტროს ჩაკეტილობას? – ამ კითხვების პასუხად თბილისის საქალაქოს სასამართლოს პრეს სამსახურში შემდეგი განმარტეს: 

 

“ნანა ჭიჭილეიშვილს ამჟამად წარმოებაში აქვს 130-ზე მეტი საქმე, დარბაზი კი კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და პარასკევს. გუშინ მთავარ სხდომაზე მოსარჩელის ახსნა-განმარტებები იყო, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებისთვის დრო ამოიწურა, სხვა პროცესი იწყებოდა, ამიტომ მოუწიათ გადადება. რეალურად, ორ-სამ თვეზე ახლო პროცესებს ვერ ნიშნავენ მოსამართლეები, რადგან გადატვირთული გრაფიკი აქვთ. ეს მარტო ამ კონკრეტული მოსამართლის პრობლემა არ არის, ეს სასამართლო სისტემის პრობლემაა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივად ამბობს, რომ მინიმუმ 10 მოსამართლის დამატებაა საჭირო და ამას ვერც შენობა იტევს”.

 

“ბათუმელებმა” 2013 წლის ნოემბერში შს სამინისტროსგან შემდეგი კითხვებზე ვერ მიიღო პასუხი: რა თანხა გაიცა პრემიის სახით შს სამინისტროში 2013 წლის განმავლობაში, რას შეადგენდა მაღალი თანამდებობის პირების ყოველთვიური პრემიის ოდენობა? სამინისტროს “ბათუმელებმა” სასამართლოში სწორედ ამ საჯარო ინფორმაციის მოუწოდებლობისთვის უჩივლა. სასამართლოს მხრიდან რეაგირება 11 დეკემბრამდე გადაიდო.

გადაბეჭდვის წესი