სიახლეები

როგორ გადაანაწილა აჭარის მთავრობამ 2015 წლის პრიორიტეტები

07.11.2014 • 1542
როგორ გადაანაწილა აჭარის მთავრობამ 2015 წლის პრიორიტეტები

 

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

დაფინანსების ოდენობის მიხედვით მომავალ წელს პრიორიტეტებს შორისაა ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლება. ამ სფეროს ხელშეწყობისთვის 21 მილიონ 487256 ლარი გაითვალისწინეს.

 

მთლიანობაში, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომავალ წელს 3 მილიონი ლარით გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს. სამინისტროს ბიუჯეტი 36 693 300 ლარი იქნება. მიმდინარე წლის გეგმის მიხედვით კი, სამინისტროს დაფინანსება 33 397 900 ლარია. 

 

პროექტის მიხედვით, მილიონი ლარით იზრდება სამინისტროში დასაქმებულთა ხელფასების ოდენობა. მიმდინარე წელს სამინისტროს ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების გრაფაში 15 590 500 ლარი ფიქსირდებოდა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კი, ეს ციფრი 160 35 000 ლარამდე იზრდება. პროექტის ავტორი დაწესებულების – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიზარდა აჭარის მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები, რამაც სახელფასო გრაფაში მილიონიანი მატება გამოიწვია.

 

„გასული წლის მარტში ხელფასები გაეზარდათ მუზეუმების თანამშრომლებს. მათ შორის გიდებსა და მეცნიერ თანამშრომლებს, რამდენიმე მუზეუმის პერსონალის ხელფასი კი არ გაზრდილა. ამიტომ მათი ხელფასების გაზრდა მომავალი წლიდან მოვითხოვეთ“, – განმარტეს განათლების სამინისტროში.

 

775 200 ლარიდან  მილიონამდე გაიზრდება სტუდენტთა დახმარების პროგრამა. გასულ წელთან შედარებით 100 ათასი ლარით გაიზრდება ასევე უმაღლესი განათლების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობაც.

 

რაც შეეხება კულტურის სფეროს, როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს, მომავალ წელს 765 600 ლარიდან – მილიონ 326 000-მდე გაიზრდება ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფინანსება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ამ მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.

 

გასულ წელთან შედარებით ნახევარი მილიონი ლარით იზრდება ასევე ბათუმის დრამატული თეატრის ბიუჯეტი. ეს ნამატი მნიშვნელოვნად ხარჯების ნაწილშია ასახული, მცირედითაა გაზრდილი თანხა შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულ გრაფაში. 

 

სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის კი სამ მილიონზე მეტი ლარი გაითვალისწინეს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროს დაფინანსებაში არ აისახა 14 მილიონი ლარი, რაც ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის გაითვალისწინეს.

 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება მომავალ წელს ცხრა მილიონამდე ლარი იქნება, რაც გასული წლის დაფინანსებისგან მკვეთრად არ განსხვავდება. თუმცა ამ თანხაში ასახული არ არის რვა მილიონი ლარი, რაც მთავრობამ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის ასაშენებლად უნდა დახარჯოს.

 

ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხა მილიონ 988 ათას 700 ლარიდან 2 011 000 ლარამდეა გაზრდილი. პროექტის მიხედვით ჩანს, რომ ხელფასები არ გაეზრდებათ სოფლის ექიმებს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალ წელს ბიუჯეტში მილიონი ლარით მეტი ექნება. სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელს 6 387 500 ლარი იყო. 2015 წლის პროექტის მიხედვით კი, 7 217 700 ლარი იქნება.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა მნიშვნელოვნად არ იზრდება. პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ისევ დაფინანსდება სამექანიზაციო საშუალებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის პროგრამა, პროგრამისთვის ამჯერადაც მილიონ 700 000 ლარი გაითვალისწინეს. ამ სფეროში ახალი კომპონენტი იქნება აგრომეწარმეთა და ფერმერთათვის მრავალფუნქციური მოტობლოკებითა და ურიკებით უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამა. მისი განხორციელებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში მილიონ 600 000 ლარი ჩაირიცხება.

 

ბიუჯეტის პროექტში თანხა გათვალისწინებული აღარ არის ფერმერთა ნაკვეთებზე ნაყოფიერების დონის ამაღლების მიზნით მელიორაციის ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის. გასულ წელს ეს პროგრამა 600 000 ლარით იყო დაფინანსებული. ისევ დაფინანსდება სასათბურე კონსტრუქციით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამა.

 

სამინისტრო 100 ათას ლარს დახარჯავს ხილ-ბოსტნეულის საშრობი აპარატების შესაძენად. დაფინანსებული არ არის ასევე მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა. კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის კი მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. მილიონზე მეტი ლარითაა დაფინანსებული აგროსერვისის მუშაობის ხელშეწყობაც.

 

მილიონზე მეტი ლარით იზრდება ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსება. დაფინანსების ყველაზე დიდი წილი – 24 089 320 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაითვალისწინეს. 

მთლიანობაში, 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 6 მილიონ 484 800 ლარით არის გაზრდილი და ას სამოცდაცამეტ მილიონ შვიდას ოცდახუთი ათას ლარს შეადგენს.

 

რაც შეეხება ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, მერიის ინფორმაციით, დოკუმენტი ჯერ მზად არ არის.

 

 

ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით 2015 წლისთვის შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

• აჭარის უმაღლესი საბჭო – 4 958,8 ათასი ლარი;

• აჭარის საარჩევნო ადმინისტრაცია – 582,5 ათასი ლარი;

• აჭარის მთავრობა – 39 750,3 ათასი ლარი, მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი – 3 845,0 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – 4 996,0 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – 4 839,0 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო – 1 732,0 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი – 24 089,3 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო- სამრეწველო პალატა – 248,9 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 38 217,7 ათასი ლარი;

• განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 36 593,3 ათასი ლარი;

• ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 8 988,8 ათასი ლარი;

• სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 7 217,7 ათასი ლარი.

გადაბეჭდვის წესი