მთავარი,სიახლეები

მუსლიმთა სამმართველო დისკრიმინაციულ მოპყრობას ასაჩივრებს

20.07.2017
მუსლიმთა სამმართველო დისკრიმინაციულ მოპყრობას ასაჩივრებს

„რატომ უნდა გაერთიანდნენ სუნიტი და შიიტი მუსლიმანები, როცა კანონი იგივე გაერთიანებას არ მოითხოვს კათოლიკეებისგან და სომხური ეკლესიისგან,“ – აცხადებს იურისტი გიორგი გოცირიძე. საიას იურისტი საკონსტიტუციო სასამართლოში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ ინტერესებს იცავს.

მუსლიმთა სამმართველო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას ასაჩივრებს, რომელიც 4 რელიგიური მიმდინარეობისთვის [იუდეველები, სომხურ-გრიგორიანული ეკლესია, რომაულ-კათოლიკური ეკლესია, მუსლიმთა თემი] საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწლობრივ ანაზღაურებას განსაზღვრავს. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ზიანის ანაზღაურება ამ დადგენილებით არ რეგულირდება.

იმისთვის, რომ რელიგიურმა მიმდინარეობამ სახელმწიფოსგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მიიღოს, საჭიროა იურიდიულ პირად რეგისტრაცია, ან ერთიანი წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა, რომელშიც ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი. მუსლიმი თემის შემთხვევაში, სუნიტი და შიიტი მუსლიმანები უნდა გაერთიანდნენ.

„ამ ორ მიმდინარეობას შორის არსებობს სქიზმა, ანუ პრინციპული შეუთავსებლობა. ეს იგივეა, რომ კათოლიკეებს გრიგორიანულ ეკლესიასთან გაერთიანება მოსთხოვო. ეს არის განსხვავებული მოპყრობა“, – განმარტავს გიორგი გოცირიძე.

„განსხვავებული მოპყრობა არ ნიშნავს ყველა შემთხვევაში დისკრიმინაციას,“ – მიმართა მოსარჩელეებს საქართველოს მთავრობის ინტერესების დამცველმა. მისი თქმით, დადგენილების მიღების დროს, სახელმწიფოს ჰქონდა მიზანი, მხოლოდ სიმბოლურად აენაზღაურებინა ზიანი და გაერთიანებულიყო ის რელიგიური მიმდინარეობები, ვისაც მსგავსი მოძღვრებები აქვთ.

„სომხური ეკლესია და კათოლიკეები საბჭოთა ტიტალიტარული რეჟიმის დროსაც ცალ-ცალკე არსებობდა,“ – დაამატა მთავრობის წარმომადგენელმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ წარმომადგენლობითი საბჭო მხოლოდ გამტარია ზიანის ანაზღაურების მისაღებად.

„მუსლიმ თემს მიადგა ზიანი, როგორც ერთიან თემს, ამიტომ ჩვენ გეუბნებით, რომ თქვენ განსაზღვრეთ, ვის რა ეკუთვნის,“ – დაამატა მთავრობის ინტერესების დამცველმა.

მთავრობის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში დავით დავითაშვილი და ვალერიან ლილუაშვილი იცავენ.

მოსარჩელე, ანუ მუსლიმთა სამმართველო, შიიტ მუსლიმებს წარმოადგენს. მისი წარმომადგენლები საუბრობენ საფრთხეებზეც, რაც ამ დაფინანსებას შეიძლება მოჰყვეს.

ზიანის ანაზღაურების თანხა, გიორგი გოცირიძის თქმით, გასულ წლებში მიიღო მუსლიმმა თემმა, მაგრამ არ მიუღია მუსლიმთა სამმართველოს.

ანაზღაურების მისაღებად სუნიტი მუსლიმანები სხვა, შიიტურ მიმდინარეობასთან არიან გაერთიანებული, რომელიც არ წარმოადგენს მუსლიმთა სამმარათველოს.

მუსლიმი თემი 4 მიმდინარეობას აერთიანებს, მათ შორის, 2 სუნიტების, 2 შიიტების. მაგალითად, აჭარაში მცხოვრები მუსლიმანების უმრავლესობა სუნიტია.

ზიანის მოცულობა შეფასებული არ არის. მთავრობა ყოველწლიურად იღებს გადაწყვეტილებას, რა ოდენობის თანხა ჩაურიცხის რელიგიურ ორგანიზაციებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: