„16 წლის ვიყავი როცა გავთხოვდი, მას შემდეგ ჩემი ქმარი ხშირად მცემდა. ვცდილობდი ბავშვების გამო ოჯახი არ დამენგრია. წელს, 16 აგვისტოს, ჩემი ქმრის სახლიდან დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად. 18 აგვისტოს ქმარმა მომაკითხა დავილაპარაკოთო. მანქანაში ჩავუჯექი… წამიყვანა ქობულეთში, ე.წ. გარადოკის დასახლებაში, როცა უარი ვუთხარი შერიგებაზე, მცემა, სისხლი მდიოდა პირიდან, ცხვირიდან, მანქანიდან გადმომაგდო და მიმატოვა… დახმარება გზატკეცილთან ახლოს მყოფებს ვთხოვე და მერე არაფერი მახსოვს… გონება დავკარგე. საავადმყოფოში გამეღვიძა… ტვინის შერყევა მქონდა, სისხლჩაქცევები ტანზე… ჩალურჯებები ახლაც მაქვს“, – გვიამბობს თეკლა (სახელი პირობითია).
მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენში წერია, რომ ქმარმა ცოლს ფიზიკური ძალადობით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, „რამაც ცოლის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“.
სასჯელის დასაბუთებაში მოსამართლეს ასეთი რამ უწერია: “ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან”.
მოსამართლეს განაჩენში უწერია, რომ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება: „მან აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან”, ამიტომაც მოსამართლის აზრით, “პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა”.
მოსამართლეს განაჩენში უწერია, რომ ყველა მტკიცებულება მხარეებმა უდავო გახადეს, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და ამიტომაც განაჩენი მან გამოკვლევის გარეშე გამოიტანა.
თეკლას ქმარი 24 წლისაა. ცოლის ცემაში ბრალდებულის მიმართ მამაკაცი მოსამართლის მსგავსად ლმობიერი იყო ქალი მოსამართლე – თამარ ბეჟანიშვილიც. ამ მოსამართლემ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორ ადილარ წირღვავას შუამდგომლობა. ბრალდებულს აუკრძალა ქვეყნიდან გასვლა, თუმცა გირაოს სახით თანხის გადახდა არ დააკისრა. პროკურორი ბრალდებულისთვის ორი ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.
რატომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით? – ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გან- მარტავენ, რომ თეკლას ჩვენებით ის მანქანაში ქმარს საკუთარი სურვილით ჩაუჯდა, ანუ ცოლისთვის ქმარს თავისუფლება იძულებით არ შეუზღუდავს. რაც შეეხება ცემას, სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით დაიწყეს, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. კოდექსში 1261 მუხლი ასეა ჩამოყალიბებული: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა… ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე“.
რატომ დაიწყო გამოძიება მხოლოდ 1261 მუხლით? პროკურატურა „ბათუმელების“ ამ კითხვის პასუხად განმარტავს: „შეტყობინების მიხედვით და თავად დაზარალებულის განმარტებით სახეზე იყო მეუღლის მხრიდან ფიზიკური დაზიანება, რის გამოც გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის მუხლით. დაზარალებულმა განმარტა, რომ მის მიმართ თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და მანქანაში მის მეუღლეს ჩაუჯდა თვითონ. დაზარალებულის მკაცრი პოზიციიდან გამომდინარე პროკურატურამ ბრალდებულზე არ გაავრცელა კანონით გათვალისწინებული შეღავათები (საპროცესო შეთანხმება, განრიდება და ა.შ.), იგი მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და სასამართლოს მოსთხოვა მის მიმართ სასჯელის დაკისრება. წინასასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ადილარ წირღვავამ, მისი პოზიციის გარკვევის მიზნით, დაზარალებული დაიბარა შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, მაგრამ იგი არ გამოცხადდა. მის ნაცვლად პროკურორთან შესახვედრად მივიდა დაზარალებულის დედა, რომელსაც პროკურორმა აცნობა წინასასამართლო სხდომის თარიღი (მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი საპროცესო კოდექსი ამას საერთოდ არ ავალდებულებდა) და ადგილი, ასევე მოიკითხა დაზარალებულის პოზიცია ბრალდებულის მიმართ, რაზეც ამ უკანასკნელმა დააფიქსირა, რომ მის შვილს ამ საქმეში თვითონ წარმოადგენდა და დააფიქსირა, რომ იყვნენ წინააღმდეგები ბრალდებულის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისა”.
დაზარალებულის პრეტენზიის საპასუხოდ, იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, პროკურატურა განმარტავს: „რაც შეეხება საქმის განხილვის თარიღისა და ადგილის შეტყობინებას დაზარალებულისთვის, საქართველოს სსსკ-ის 58-ე მუხლის შესაბამისად ასეთი ვალდებულება პროკურორს გააჩნია მხოლოდ დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში, ამის თაობაზე ინფორმირება კი დაზარალებულს არ მოუთხოვია”.
„ბათუმელების“ კითხვაზე კონკრეტულად საზოგადოებისთვის რა სასარგებლო შრომა მიუსაჯა ბრალდებულს სასამართლომ, პრობაციის უფროსი აჭარაში როინ თურმანიძე განმარტავს, რომ ეს პირის პირადი ინფორმაციაა და შესაბამისად, საჯაროს ვერ გახდის. მისი განმარტებით კი, ზოგადად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას მსჯავრდებულები ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გადიან, მაგალითად, ზოგიერთი მუნიციპალურ ავტობუსს რეცხავს, ზოგიერთი გამწვანების აქციაშია ჩართული, ასუფთავებს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებს, ან მეველის ფუნქციას ითავსებს. კითხვაზე, როგორ აკონტროლებენ, მაგალითად, რამდენად კეთილსინდისიერი მეველეა მსჯავრდებული? როინ თურმანიძე ამბობს, რომ ამას პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს.
რამდენი ოფიცერია აჭარაში და რამდენი პირი, ვისაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აქვს მისჯილი? – ამ კითხვაზე თურმანიძე ამბობს, რომ პასუხის გაცემა მის კომპეტენციას სცილდება.
“ბათუმელები” დაუკავშირდა თავად თეკლას ყოფილ ქმარსაც. ის ქობულეთში, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს. კითხვაზე, კონკრეტულად რას აკეთებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით, როგორ ასრულებს სასამართლოს განაჩენს, პასუხობს, რომ ეს მისი ოჯახის პირადი საქმეა და საჯაროდ საუბარი არ სურს.