საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება კი უკვე გამოაცხადა. სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალქალაქში მცხოვრები ექვსი უცხოელი მოსწავლის (რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები) სახელით ჰქონდა შეტანილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, რის შედეგადაც ძალადაკარგულია ის ნორმები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკისრებს ვალდებულებას, სასკოლო ვაუჩერის მისაღებად გადაიხადონ განსაზღვრული ოდენობის თანხა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ზოგადი განათლების მისაღებად უცხოელებისათვის სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლითაც გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობა, რადგან სასკოლო ვაუჩერს საქართველოს მოქალაქეები უსასყიდლოდ იღებდნენ, ხოლო უცხოელები ამისთვის საფასურს იხდიდნენ, ამით სხვა ქვეყნის მოქალაქეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყვნენ.
გარდა ამისა, საიას მიაჩნდა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლს, სადაც მითითებულია, რომ განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება ყველას და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის უფლებას წარმოადგენს.