სიახლეები

ბათუმი კინოში – წიგნის პრეზენტაცია „აპოლოში“

02.09.2014
ბათუმი კინოში – წიგნის პრეზენტაცია „აპოლოში“

 

„ბათუმი კინოში“ 1918-1921 წლიდან 2012 წლამდე  ბათუმში გადაღებული ქართული და უცხოური მხატვრული და დოკუმენტური ფილმების შესახებ შეიცავს ინფორმაციას და ფოტომასალას. წიგნში მოცემულია კინოში მოღვაწე ადამიანების მოგონებები, ფილმების ანოტაციები და ინგლისურენოვანი რეზიუმე.

 

„კინოს აქვს უნიკალური თვისება – ის შეიცავს მეხსიერებას. კინომ შემოგვინახა ბათუმის იერსახე, მისი კულტურული სივრცე. ქართული კინოს ისტორია დაკავშირებულია ბათუმთან. 20-იან წლებში, როდესაც ამოქმედდა  ქართული კინოწარმოება, ეს პერიოდი დაკავშირებულია ბათუმთან. აქ იღებდა მარჯანიშვილი ფილმს, პერესტიანი, ბარსკი… პერესტიანის „წითელი ეშმაკუნები“, რომელიც მსოფლიო კინომემკვიდრეობის ნაწილია, სწორედ ბათუმში არის გადაღებული, მისი ეპიზოდები…“ – განაცხადა წიგნის პრეზენტაციაზე ოლიკო ჟღენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სიმბოლურია, რომ წიგნის პრეზენტაცია კინო „აპოლოში“ შედგა სწორედ იმ დღეებში, როცა ქალაქი „ბათუმობას“ აღნიშნავს.

 

წიგნს თან ერთვის დისკი, რომელზეც ბათუმის კინოქრონიკებია ჩაწერილი, მათ შორის: „ბათუმის გათავისუფლება თუქთაგან“, „უცხოეთის დელეგაციების ვიზიტი მენშევიკური პერიოდის ბათუმში“ და ფრაგმენტები იმ ფილმებიდან, რომელიც ბათუმშია გადაღებული.

 

წიგნი აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის – „აჭარაში კინოხელოვნების მხარდაჭერის ხელშეწყობა“,  ფარგლებში გამოიცა. წიგნის ტირაჟი ათასს ეგზემპლარს შეადგენს, იგი არ გაიყიდება. „ბათუმი კინოში“ საჩუქრად გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. წიგნი დღეს საჩუქრად მიიღეს პრეზენტაციაზე მოწვეულმა პირებმა.   

 

 

წიგნის პრეზენტაციას აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  

 

პრეზენტაციის შემდეგ „აპოლოში“ ბათუმელი ჟურნალისტის, ანზორ თალაკვაძის გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „წვიმა“ და ძველი ბათუმის კინოქრონიკები აჩვენეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: