Batumelebi | რას ითხოვს არასამთავრობო სექტორი აჭარის მთავრობისგან რას ითხოვს არასამთავრობო სექტორი აჭარის მთავრობისგან – Batumelebi
RU | GE  

რას ითხოვს არასამთავრობო სექტორი აჭარის მთავრობისგან

 

„არ მისცა ხელისუფლებას ბევრი ძეგლის დანგრევის უფლება. ამიტომ მოხსნეს ის თანამდებობიდან“, – ეს არის ერთ-ერთი ვერსია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოხსნის შესახებ. ამას დაემთხვა ისიც, რომ გასულ კვირასვე ბათუმის მთავარი არქიტექტორის შტატი გააუქმა საკრებულომ: არქიტექტურის სამსახური დატოვა, მაგრამ სხვა სამსახურს დაუქვემდებარა. შესაბამისად, სტრუქტურას ჩამოშორდა გია რამიშვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, მეტ-ნაკლებად ახერხებდა წინააღმდეგობა გაეწია მთავრობის სურვილისთვის – ინვესტორს უნდა დავუთმოთ ყველაფერი ძველ ბათუმში. რა ელოდება ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს? – ამ საკითხით დაინტერესებული არასამთავრობოები აჭარის მთავრობას მიმართვის ტექსტს უგზავნიან და მოუწოდებენ, სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნოს დარგის სპეციალისტი. რა წერია მიმართვის ტექსტში? – „ბათუმელების“ კითხვებს მიმართვის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა უპასუხა.

 

ნინო ინაიშვილი
ნინო ინაიშვილი

ნინო, ვიცით, რომ მესამე სექტორი აპირებს მიმართოს მთავრობას, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. რის შეთავაზებას აპირებთ?

 

დიახ, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ მთავრობას და მასთან ერთად განვიხილოთ პრობლემების ფართო სპექტრი, რომელიც აჭარის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს ეხება. ეს საკითხები არა მარტო არასამთავრობო სექტორის, არამედ ფართო საზოგადოებისა და გნებავთ, ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროსაც წარმოადგენს, რადგან ფართო გაგებით, ეს ეხება ჩვენი კულტურული მეობის შენარჩუნების საკითხს დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში. 

 

კონკრეტული კანდიდატები თუ გყავთ, ვინც წარმოგიდგენიათ, რომ კარგად გაუძღვება ამ საქმეს?

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფერო ძალიან კომპლექსური და რთული დარგია. მისი მართვა მოითხოვს სპეციფიკური სახის ცოდნას, გამოცდილებასა და კომპეტენციებს. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც სასურველია მოხდეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე პიროვნების შერჩევა. ჩვენ გვყავს ჩვენი შესათავაზებელი კანდიდატურებიც.

 

 

შეგიძლიათ თქვათ, ვინ არიან ისინი?

 

 

ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან.

 

 

რას ფიქრობთ, მოისურვებს აჭარის მთავრობა ამ სახის კონსულტაციები გამართოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან? გაქვთ ამ მხრივ მათთან თანამშრომლობის  გამოცდილება?

 

ჩვენ გვქონდა აჭარის მთავრობასთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ ის ვერ განხორციელდა. როგორც ჩანს, ჩვენი ძალისხმევაც არ იყო სათანადო.

 

 ითქვა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის შეცვლა უკავშირდება მთავრობის ახალ პოლიტიკას ძეგლების ავთენტურობის ხელყოფის, მათი დანგრევის ხარჯზეც კი, ინვესტიციების მოზიდვას შეუწყონ ხელი. რამდენად არსებობს  რისკი, რომ სააგენტოს ახალ უფროსს მოსთხოვოს ხელისუფლებამ ძეგლების  ხელყოფის დასაშვებობა?

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მუდმივად სხვადასხვა სახის საფრთხის ქვეშ იმყოფება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც მოქმედებს მკაცრი რეგულაციები და არსებობს მემკვიდრეობის მართვის განვითარებული სისტემა. ასეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც მემკვიდრეობის ძეგლები დიდ ეროვნულ სიმდიდრედ განიხილება და ამ სიმდიდრის ადეკვატურად გამოყენება ხდება, საზოგადოება მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს, რომ არ მოხდეს შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ძეგლების ხელყოფა კერძო ინტერესების მქონე ბიზნესჯგუფების მიერ. ჩვენნაირ ქვეყნებში კი, ეს საფრთხე გაცილებით დიდია და ის დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ძნელად გადასაჭრელ საკითხებთან, როგორიცაა, მაგალითად, სიღარიბე.

 

 

მე არ ვიტყოდი, რომ მთავრობის მიერ სააგენტოს დირექტორის შეცვლა ისე უნდა გავიგოთ, რომ მთავრობა გადადის ძეგლების ხელყოფის პოლიტიკაზე. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც თავს იწონებს თავისი ძველი კულტურით, საერთოდ არა აქვს ჩამოყალიბებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა, არა აქვს ხედვა იმისა, თუ როგორ განავითაროს და გამოიყენოს ეს სიმდიდრე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. იმედია, რომ უახლოეს მომავალში იქნება წინსვლა ამ მიმართულებით, დაიდება პოლიტიკისა და სამართლებრივი დოკუმენტები.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დარგის წინაშე არსებული ურთულესი გამოწვევებიდან გამომდინარე, როდესაც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული დაცვისა და მართვის სისტემა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ ფაქტორს. აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორად უნდა დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული დარგის პრობლემებში. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ თანამშრომლობას ამ სფეროში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე