გემთსამოდელო წრე ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 70 წელზე მეტია არსებობს. წრის ხელმძღვანელი, ზურაბ ქარცივაძე ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში ბევრი საბავშვო დაწესებულება არსებობდა, სადაც სხვადასხვა ტექნიკური წრე ფუნქციონირებდა, შემდეგ ეს წრეები გაერთიანდა და უკვე 12 წელია ყველა მათგანი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშია განთავსებული.
გემთსამოდელო წრეში სკოლის ასაკის დაახლოებით 30 ბიჭი დადის და იმის გამო, რომ ამ წრეს საქართველოში ანალოგი არ აქვს, მათ არც მეტოქე გუნდი ჰყავთ და მხოლოდ ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამბობენ, რომ ჰქონდათ მცდელობა ფოთში გაეხსნათ ანალოგიური წრე, იახტების ნახაზებიც კი გააგზავნეს საამისოდ, თუმცა იქედან პასუხი აღარ მიუღიათ: “თბილისსა და ქუთაისში მხოლოდ ავიატორების წრეები ფუნქციონირებს, გემების დამზადება კი ცოტა სხვა რამაა, ალბათ ზღვასთან სიახოლოვეს მოითხოვს”, – ამბობს ზურაბი.
გემთსამოდელო წრეში ორ წლის მანძილზე ბიჭები ხის დამუშავებას, დეტალების გამოჩარხვას, შეწებებას, ელექტრობის მარტივ წესებს, ნახაზების შექმნასა და მათ წაკითხვას სწავლობენ. მათ მიერ გაკეთებული ყველა გემი, რომელიც სასტენდო ანუ დასათვალიერებელი არ არის, მოქმედია და ერთ ჯერზე, წყალში რამდენიმე ათეული მეტრის გავლა შეუძლია. 13 წლის სურენ ჩილიჯიანი ამბობს, რომ ინტერესი ტექნიკური წრეებისადმი ბაბუასგან გაუჩნდა, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო ავტოსამოდელო განხრით: `ექვსი წელია თვითმფრინავებს ვაკეთებ, ახლა რამდენიმე თვეა გემთსამოდელო წრეშიც დავიწყე სიარული”.
12 წლის ალექსანდრე ცეცხლაძე ერთი წელია, რაც გემთსამოდელო წრის წევრია. წრის შესახებ ზურა მასწავლებლისგან გაიგო, რომელიც მათ სკოლაში ასევე გეოგრაფიას ასწავლიდა. “ძალიან მიხარია ამ საქმის კეთება, როცა გარეთ გემით გავდივარ, ყველა ყურადღებას მაქცევს, ყველას ძალიან მოსწონს და ეს ძალიან სასიამოვნოა. რაც შეიძლება მეტ ხანს მინდა გემების კეთება, მერე კი მეზღვაური გავხდები”, – ამბობს ის.
11 წლის გიორგი გედევანიძეს უკვე ხუთი გემი აქვს გაკეთებული: “ჩემი გემებიდან ყველაზე მეტად ჯავშნიანი კატარღა მომწონს, ამერიკული, სამხედრო გემია. გემები სულ მაინტერესებდა, მამაჩემსაც ჰყავს გემი, ბუქსირი, რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს. დიდ ლაინერებს პატარა ადგილის გამო უჭირთ ჩვენთან შემობრუნება და ამაში მათ ბუქსირი ეხმარება”, – ამბობს გიორგი.
ბიჭები ამბობენ, რომ ყველაზე სასიამოვნო მათ საქმიანობაში ბოლო ეტაპია – მომენტი, როცა გემი ზღვაში ჩადის. “ყველაზე რთული დასაწყისია, როცა ხიდან ტეხ ფორმას, მაგრამ ბოლოს, როცა გემს წყალში ჩაუშვებ და მიდის, ყველაზე დიდი სიხარულია”, – ამბობს სურენი.
გემების ნახაზებს ინტერნეტში ან ჟურნალ “არსენალში” პოულობენ, მაგრამ ბიჭების თქმით, არის გემები, რომელთა ნახაზებიც გასაიდუმლოებულია, ასეთ გემებს ზოგიერთი მათგანი ორიგინალიდან თავისი ხელით იხაზავს.
მას შემდეგ, რაც გემების აწყობა სრულდება, საჭირო ხდება მათი შემოწმება, რისთვისაც გასაშვები ანუ საწვრთნელი აუზია საჭირო. იმის გამო, რომ აუზის გაკეთება დამატებით ფართობთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, ბიჭები გემებს “მორვაგზალში”, ჭაჭის თაუერის ერთ-ერთ, შედარებით სუფთა აუზში ტესტავენ ან პირდაპირ ზღვაში უშვებენ.
შეჯიბრებებს ნურიგელის ტბაზე აწყობენ, რომელიც ბოლო დროს ხავსით იფარება, რაც გემების სვლას უშლის ხელს. “ხავსი ფრანს შემოეხვევა ხოლმე და გემი შუა ტბაში ჩერდება, ჩვენ კიდევ შუა ტბიდან გემის ამოსაღებად ნავით ჩასვლა გვიწევს და ეს ძალიან გვაფერხებს”, – ამბობს წრის ხელმძღვანელი.
სულ მალე ბიჭები რადიომართვადი გემების დამზადებას აპირებენ, რისთვისაც წელს ჩინეთიდან ელოდებიან საჭირო დეტალებს. ზურაბ ქარცივაძე ამბობს, რომ რადიომართვად გემს მეტი ფუნქცია აქვს, მიმართულებების შეცვლის გარდა მას შეუძლია სხვა მოძრავი ელემენტები გაააქტიუროს, მაგალითად, იარაღის შემობრუნება, გემზე მოთავსებული ვერტმფრენის წამოწევა და ასე შემდეგ. ამიტომაც სულ მალე ბიჭების შრომა ბევრად უფრო საინტერესო და სანახაობრივი იქნება.
გემთსამოდელო წრე უფასოა. ამ წრეში გაერთიანება სკოლის ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის გოგონებსაც, შეუძლია.