მთავარი,სიახლეები

რამდენად სამართლიანია სასჯელი მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის

01.06.2017
რამდენად სამართლიანია სასჯელი მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის

„არაგონივრულია პირი დაისაჯოს მაშინ, როცა ის მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა ვახუშტი მენაბდემ. ის კონსტანტინე კირვალიძის ინტერესებს იცავს, რომელიც მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის გაასამართლეს. სარჩელის არსებითად განხილვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, მარიხუანას მოხმარება უნდა იყოს თუ არა დასჯადი სისხლის სამართლის წესით.

ბექა წიქარიშვილის საქმის შემდეგ, როცა სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გააუქმა, კონსტანტინე კირვალიძის ინტერესებს სასამართლოში მოძრაობა „თეთრი ხმაური“ წარმოადგენს. სარჩელის მეორე ავტორი გივი შანიძეა, რომელიც ასევე მარიხუანას ხელმეორედ მოხმარებისთვის დააჯარიმეს. გივი შანიძის ინტერესებს სასამართლოში პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი“ იცავს.

„სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საერთოდ უნდა გაუქმდეს მარიხუანას კუთხით… კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად გადაწყვიტოს, რას მოიხმარს,“ – ამბობს იაგო ხვიჩია, „გირჩის“ წევრი.

მე-16 მუხლის გარდა, იურისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანის მსჯავრდება ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 21-ე მუხლს, რომელიც საკუთრების უფლებას იცავს. ამ მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად განკარგოს საკუთრება.

ვახუშტი მენაბდემ დღეს ასევე უთხრა მოსამართლეებს, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის პირის გასამართლება კონსტიტუციის 30-ე მუხლსაც არღვევს, რომლის მიხედვითაც იძულებითი შრომა აკრძალულია. მან ამის დასტურად მოსარჩელის, კონსტანტინე კირვალიძის შემთხვევა მოიყვანა, რომელსაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრეს სასჯელის სახით.

განიხილავს თუ არა ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო, გადაწყვეტილებას პირველი კოლეგია მიიღებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: