სიახლეები

რა უნდა მოუთმინო მეზობელს და რა – არა

15.07.2014 • 4367
რა უნდა მოუთმინო მეზობელს და რა – არა

აუტანელი სუნის გამო საძინებლის ოთახის ფანჯრებს ვერ აღებს ბათუმში მცხოვრები ნინო გადახაბაძე. უსიამოვნო სუნი მეზობლის საცხოვრებელი ოთახიდან გამოდის. „ჩემს მეზობლად ერთოთახიანში ცხოვრობს მოქალაქე თინათინ ბიგვავა, რომელსაც ბინაში ანტისანიტარიულ პირობებში ჰყავს ათამდე მაწანწალა ძაღლი, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის ჩვენს სადარბაზოში… ცხოველები საშინლად ავები არიან, გვეშინია არ გვიკბინონ… მოპასუხე მხარესთან ვერანაირმა მოლაპარაკებებმა ვერ გამოიღო შედეგი… ეს თმენის ვალდებულებას სცდება“, _ ეს ამონარიდია სარჩელიდან, რომელიც ნინო გადახაბაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლებმა თინათინ ბიგვავას სახლიდან იძულების წესით გადაიყვანეს ძაღლები თავშესაფარში. რამდენიმე დღეში ბიგვავამ ძაღლები ისევ შინ დააბრუნა, მისმა მეზობელმა კი ისევ აღმასრულებელ ალექსანდრე ნათაძეს მიმართა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თხოვნით.
აღსრულების ბიუროს განმარტებით, უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა – როცა სახლიდან ძაღლები გამოიყვანა. აღსრულებამ სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერად აქტად შეაფასა და ამ საქმეში ჩარევას აღარ აპირებს.

ნინო გადახაბაძის ინტერესებს სასამართლოში მაია ქათამაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი იცავდა. მაია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტიკა აკლია: „მოსამართლეს შეეძლო შეექმნა პრეცედენტი ამ საქმეზე“. იურისტის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილების ერთჯერადად შესრულების მიზეზი ის არის, რომ სამოქალაქო კოდექსს, რომლითაც სამეზობლო ურთიერთობები განისაზღვრება, კონკრეტიკა აკლია, რადგან ეს გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურმა განმარტა, როგორც ერთჯერადი ქმედება. ნინო გადახაბაძემ სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მოთხოვნით ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ორივე ინსტანციიდან მან სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მიღებაზე უარი მიიღო.

ნინო გადახაბაძეს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ სრულდება, რაც დანაშაულია, სწორედ ამიტომ მან განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართა. ორივე უწყებიდან მიღებული წერილობითი პასუხით ირკვევა, რომ ეს ფაქტი სისხლის სამართლებრივ დანაშაულს არ შეიცავს.

„მივმართეთ დეპუტატებს, მერიას, საკრებულოს, სასამართლოს, ვერ შევძელით ეს ძაღლები გავიყვანოთ კორპუსიდან, იძახიან ძაღლების უფლებას ვერ დავარღვევთო, ჩვენს უფლებებს ვინ დაიცავს. ეზოში გამოსვლა გვეშინია, ჩვენც და ბავშვებსაც. სადარბაზოში მეზობლის ორსულ გოგონას უკბინა ძაღლმა, მისმა ქმარმა ფეხი მიარტყა ძაღლს, ძაღლების შეურაცხყოფისთვის ის პოლიციაში წაიყვანეს, ძაღლი ქალს როცა კბენს, ადამიანის უფლება არ დაირღვა? ჩვენი უფლება როგორ დავიცვათ?“, _ კითხულობს მეზობელი დალი ქემუკლიძე.
თინათინ ბიგვავა მარტო ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი ოთახიდან აუტანელი სუნი ნამდვილად გამოდის. ისმის ძაღლების ყეფა, თუმცა კარებზე კაკუნის მიუხედავად სახლის კარებს არავინ აღებს, ამიტომ „ბათუმელებმა” მისი ნახვა ვერ მოახერხა. მეზობლები ამბობენ, რომ 70 წელს მიღწეული ქალი ადამიანებთან არ კონტაქტობს.

ზოოჰიგიენური დასკვნა

„მსოფლიო სტანდარტებით ერთ, 15-კილოგრამიან ძაღლს სჭირდება 8 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი. თუ გავითვალისწინებთ სტანდარტებსა და ძაღლების რაოდენობას, ქალბატონ თინათინს მინიმუმ უნდა ჰქონდეს 150 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართობი. შინ არ აქვს გაზი, წყალი, ვერ იცავს სისუფთავეს და არის აუტანელი ანტისანიტარია. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ცხოველთა სასტიკ მოპყრობასთან, როგორც ცხოველთა უფლებადამცველი გთხოვთ რეაგირებას, იქმნება სერიოზული საფრთხე ინფექციური და პარაზიტული დაავადებების განვითარების, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სადარბაზოში მცხოვრებ ადამიანების ჯანმრთელობას. პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მივიღოთ“, _ ეს წერილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს ექიმმა-ვეტერინარმა გიორგი კალანდაძემ 2013 წლის 18 თებერვალს მისწერა.

გიორგი კალანდაძეს ამ წერილზე წერილობითი პასუხი არ მიუღია. ნინო გადახაბაძემ კი წერილი მერიისგან 2011 წელს მიიღო. ადმინისტრაციის უფროსი ოფიციალურ წერილში ბინათმესაკუთრეებს პრობლემის მოგვარებას სასამართლოში ურჩევს. იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მეზობელი უფლებას ბოროტად იყენებს.

ბათუმში ხშირია ისეთი ფაქტი, როცა მეზობლისგან შეწუხებული ადამიანი ადვოკატს მიმართავს დასახმარებლად. საადვოკატო ბიუროების განმარტებით, ეს განსაკუთრებით იმ უბნებში ხდება, სადაც სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება. მეზობლებს აწუხებთ, მაგალითად, რესტორანში საჭმლის სუნი, მშენებლობის ხმაური და მტვრის სუნი… აწუხებთ გვიან ღამით ხმამაღლა ჩართული ტელევიზორი თუ მუსიკის ხმა…

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, პრაქტიკაში არ არსებობს ხელსაწყო, რომელიც განსაზღვრავს სუნის დასაშვებობის ნორმას. რაც შეეხება ხმაურს, ამას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება არეგულირებს.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მიაჩნია, რომ მისი მეზობლისგან გამოწვეული ხმაური დასაშვებ ნორმაზე მეტია, სასამართლოს უნდა მიმართოს. სამეზობლო ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, კანონი ცალსახად თმენის ვალდებულების აუცილებლობას ითვალისწინებს. „ცხოვრებისეული გამოცდილება აჩვენებს, რომ შეუძლებელია სამეზობლო ურთიერთობების სისტემატიზაცია უფრო ღრმად, ვიდრე არის. ხშირად სამეზობლო ურთიერთობები იწყება კომუნიკაციით, გადადის დაპირისპირებაში, რაც დანაშაულის ჩადენის საფუძველი ხდება“.

გიორგის განმარტებით, კერძო სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის არის უფრო ნორმალური და მისაღები ისეთ ჩარჩოებში, სადაც კანონმდებელი ნაკლებ ჩარევას გვთავაზობს: „იქ, სადაც კანონმდებელი ურთიერთობის ყველა ფორმას განსაზღვრავს, იბოჭება კერძო სამართლის ურთიერთობის განვითარება, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკური საქმიანობის სტაბილურობასა და განვითარებაზე.“
გარდა ამისა, საიას იურისტის განმარტებით, იქ, სადაც უფრო მეტი რეგულაციებია დაწესებული, ყველა ერიდება ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას, რაც ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას უშლის ხელს. გიორგი ასევე ამბობს, რომ მართალია, ხმის რეგულირების სტანდარტი არსებობს, მაგრამ რთულია მისი დაცვის უზრუნველყოფა: „ძნელია, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი დადგეს საცხოვრებელ სახლთან და დაელოდოს მეზობელი როდის იხმაურებს, რომ მერე მას ხმაურის სტანდარტი განუსაზღვროს.“

ნინო გადახაბაძე კი ახლა წერილით ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს მიმართავს. ის თავმჯდომარეს სთხოვს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს მისივე მიღებული გადაწყვეტილების განმარტება დაავალოს.

გადაბეჭდვის წესი