Batumelebi | ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ამბობს, რომ ცემის შემდეგ შსს-ს არ დაუკითხავს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ამბობს, რომ ცემის შემდეგ შსს-ს არ დაუკითხავს – Batumelebi
RU | GE  

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ამბობს, რომ ცემის შემდეგ შსს-ს არ დაუკითხავს

 

 

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ლევან ტეტემაძე„ბათუმელებთან“ კომენტარში ამბობს, რომ პირებს, რომლებმაც გუშინ ის სცემეს, არ იცნობდა. 

 

 

„რომ დამირეკა, მითხრა შაინიძე ვარო, ახლა ვხვდები, რომ ეს გვარი მოიტყუა. მითხრა, შეხვედრა მინდა, ტელეფონით ვერ გეტყვი, რაღაც ოჯახური „პონტიაო“. ვაჟა-ფშაველას #48-ში ვცხოვრობ. ჩემი სახლის შესასვლელ ჩიხთან შევხვით. რომ  მოვიდნენ არა მარტო მე ვერ ვიცანი ისინი, მათაც ვერ მიცნეს. ორი მამაკაცი იყო. მათი ასაკი დაახლოებით 30 წელს ზემოთ იქნებოდა. გვერდით დამიდგნენ და ტელეფონით დარეკვა დაიწყეს ჩემთან. როცა რეკავდნენ, ვუთხარი, მგონი ჩემთან რეკავთ-მეთქი. მკითხეს ლევანი შენ ხარო? კი-მეთქი ვუთხარი. რაღაცა საქმე გვაქვსო, შევიდეთ აგერ „არკაშიო“ და გეტყვითო. როცა შევედით, რა მოხდა არ ვიცი. მან დამარტყა თუ მეორემ, ვინც თან ახლდა. გავითიშე და 15-20 წუთის მერე მოვედი გონზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ სამი იყვნენო. ჩემთან ორი მოვიდა და მესამე საიდან გაჩნდა მე არაფერი მახსოვს“.

 

შემთხვევა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გუშნ მოხდა. რა გახდა ცემის მიზეზი? 

 

„იქედან გამომდინარე, რომ პიროვნებები, რომლებიც ჩემთან მოვიდნენ მე არ მიცნობდნენ, მგონია, მათ ვიღაცის დაკვეთა შეასრულეს. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი და აქტიური წევრი ვარ, ალბათ ამიტომ ვიღაცებს გავეჩხირე ყელში“ – ამბობს ლევან ტეტემაძე. 

 

ლევან ტეტემაძე ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მას სახის არეში მრავლობითი მოტეხილობა აქვს მიღებული.

 

„ხვალ ჩამიტარდება ქირურგიული ჩარევა, სახეზე ძვლები მაქვს ჩატეხილი. ექიმების თქმით მინიმუმ ხუთი დღე კიდევ მომიწევს საავადმყოფოში ყოფნა“.

 

ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 125 მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით.

 

როგორც ლევან ტეტემაძე გვეუბნება, ჯერ-ჯერობით ის არავის დაუკითხია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი