სიახლეები

ბათუმელები მარი კორინთელისა და ირაკლი ბაკურიძის წიგნების მაღაზიის შესახებ

21.06.2014 • 2355
ბათუმელები მარი კორინთელისა და ირაკლი ბაკურიძის წიგნების მაღაზიის შესახებ

რა როლს ასრულებს მაღაზია „წიგნები ბათუმში“ ქალაქის ცხოვრებაში, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილია სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებისათვის და რას უსურვებენ მაღაზიას მისი ერთგული მომხმარებლები? „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს დაუსვა.

ლიკა ცინცაძე, მოსწავლე: „მარიმ და ირაკლიმ გვაჩუქა ისეთ წიგნების მაღაზია, როგორზეც ერთხელ მაინც უოცნებია ყველა  მკითხველს. საოცარი გარემო, თბილი შეხვედრა და ძალიან კარგი რჩევები.  მათი რეკომენდაციით წავიკითხე „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა უამრავი წიგნი, რომლებმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მგონი ეს მაღაზია ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდა. დღეს, რომ „წიგნები ბათუმში“-ს  დაბადების დღეა, ყველამ იცის და ყველას უხარია.“

 

ასლან ჭანიძე, იურისტი: „ეს მაღაზია წიგნიერების ამაღლებას უწყობს ხელს. პერიოდულად აწყობენ ბავშვებისათვის და ახალგაზრდებისათვის ისეთი ტიპის საინტერესო ღონისძიებებს, რომელიც ბავშვებში წიგნის სიყვარულს აღვივებს, რაც არის მნიშვნელოვანი.“

გოჩა სურგულაძე, სტუდენტი: „ეს არის ადგილი, სადაც ყველა სახის წიგნის პოვნა შემიძლია და როცა შევდივარ, თავი სამოთხეში მგონია, ასევე, ყველაზე კარგი, რაც მომწონს, მაღაზია მაძლევს შესაძლებლობას უფასოდ, ადგილზე გავეცნო ჩემთვის საჭირო ლიტერატურას.“

ინდირა ანანიძე, მასწავლებელი:  „რა დროსაც არ უნდა მიხვიდე, ყოველთვის სცალიათ შენთვის, მე სულ რუსული ლიტერატურისთვის მივდივარ, ისე კარგად იციან რუსული ლიტერატურა მთელი თავისი სიღრმეებით და სიახლეებით და სიძველეებით, ზოგჯერ მიკვირს, მსიამოვნებს და როგორც ფილოლოგს, შინაგანი კონკურენციის და პროფესიული უკმარისობის გრძნობა მრჩება, მგონი ამათ ფონზე დრომ ძალიან გამასწრო მეთქი.“

 

ნათია კოპალიანი, ჟურნალისტი:  „მიყვარს ეს მაღაზია,  იმიტომ, რომ კარგ კონსულტაციას მიწევენ. რაც მირჩიეს, ყველა წიგნი მომეწონა. არ მიყვარს, როცა კონსულტანტს წიგნზე ან ავტორზე ეკითხები და არ იცის რა გითხრას, აქ ასე არ ხდება. თან ჩემი მეგობრები არიან.  ნდობა და მეგობრობა – ესაა მთავარი.“

ნინო ბერიძე, მოსწავლე: „წიგნები ბათუმში” ის ადგილია, სადაც ყოველთვის მსიამოვნებს მისვლა. ეს ირაკლის და მარის „ბრალია” . ყოველთვის, როცა ვორჭოფობ რა წიგნი წავიკითხო, ისინი მეხმარებიან. პირველი წიგნი, რაც ირაკლის რჩევით წავიკითხე იყო ერიკ ემანუელ შმიტის ნოველათა კრებული “ოდეტ ტულმონდი”. მაღაზიაში მისვლის პირველივე დღესვე ეს წიგნი “შემომაჩეჩა” ხელში  და ამ წიგნით იმდენად აღფრთოვანებული დავრჩი, რომ ყოველთვის, როცა მჭირდება წიგნის არჩევა ჩემთვის ან ჩემი მეგობრებისთვის, “წიგნები ბათუმში”-ს მივმართავ. უკვე სათვალავიც ამერია რამდენი წიგნი წავიკითხე მათი რჩევით. ეს წიგნების მაღაზია იმიტომ მიყვარს,რომ არაჩვეულებრივი გარემოა, კარგი აურა, ჰყავს არაჩვეულებრივი კონსულტანტები. თუ საღამოობით შეივლით “წიგნები ბათუმში”-ში აუცილებლად დაგხვდებათ ირაკლი და მარი წიგნებით ხელში. ვულოცავ “წიგნები ბათუმში”-ს პირველ დაბადების დღეს, 100 წელი მიმელოცოს. მინდა სულ ასეთი იყოს, ბედნიერი ხალხით სავსე.“

მაკა ლომჯარია, მასწავლებელი:  „ეს არის მაღაზია, რომელიც იზიდავს ახალგაზრდებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რომლებისთვისაც ეს მაღაზია საყვარელი ადგილი გახდა, ბავშვებს უხარიათ აქ მისვლა, წიგნის ყიდვა, ურთიერთობა, იმიტომ რომ მაღაზიის მფლობელები მოსწონთ, მისაბაძად მიიჩნევენ, ხედავენ, რომ მათ უყვართ წიგნები და ეს სიყვარული გადამდებია. ჩემი აზრით „წიგნები ბათუმში“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წიგნის მაღაზია.“

ნატა იმედაიშვილი, ჟურნალიტი: „ასე არსად არ გხვდებიან, არსად არ გიხსნიან და ასე ვერსად გახვედრებენ ზუსტად, რა გინდა შენ.“

 

გადაბეჭდვის წესი