სიახლეები

უსაფრთხოა თუ არა ბინა, რომელშიც ცხოვრობ

21.06.2014 • 3250
უსაფრთხოა თუ არა ბინა, რომელშიც  ცხოვრობ

„აივანი ავარიული იყო“, – განმარტა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ძნელაძემ. აივნის ჩამონგრევის შედეგად გასულ კვირას ბათუმში ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. აივნის ავარიულობის დადგენა უბედურ შემთხვევამდე მერიის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენცია არ ყოფილა.

არა მხოლოდ ხიმშიაშვილის #43-ში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მიმდებარედ არსებულ ძველ კორპუსებშიც მოსახლეობას აივანზე გასვლის ეშინია. მათგან ორი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ უკვე მიმართა მერიის ზედამხედველობის სამსახურს, დაინტერესდეს მათი საცხოვრებლის აივნების უსაფრთხოებით. ზოგიერთი ოჯახი კი მერიისგან აივნების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების ნებართვას ითხოვს.

„ვიცით, რომ ჩვენი სახლი ავარიულია. იმ ამბის შემდეგ აივანზე არ გავსულვარ. სახლიდან გამოსვლამდე კი ბავშვს ვაფიცებ არ გავიდეს. ძალიან გვეშინია, მერიას უკვე მივმართეთ, ველოდებით, როდის მოვლენ და შეამოწმებენ“, – ამბობს შუშანა ტოგოსიანი. ის იმავე სახლში ცხოვრობს, სადაც აივანი ჩამოინგრა.

იქვე მცხოვრები მარინა ჩიჩუა: „დაინტერესდით, რატომ არ შემოიყვანა „სოკარმა“ ჩვენს და მეზობელ კორპუსში გაზი – იმიტომ, რომ კორპუსები ავარიულია და თავის დროზე ის მერიამ არ ჩაიბარა“.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მერია დაადგენს, რომ აღნიშნული კორპუსები სიცოცხლისთვის საშიშია? – ამ ოჯახებს მერა გამოასახლებს.

კანონის თანახმად, თუ მოქალაქე საკუთარი საცხოვრებლის მდგრადობის შესახებ ინფორმაციას კერძო ინსტრუქტორის ჩარევით მოიპოვებს და ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართავს დასკვნით, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია, სამსახური საქმის წარმოებას დაიწყებს. დოკუმენტის სინამდვილესთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მერია ოჯახის გამოსახლების გადაწყვეტილებას მიიღებს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, როგორც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მოქია განმარტავს, „რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს“ მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. შემდეგ კი საქმე სააღსრულებლოში გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საცხოვრებლიდან ძალით გამოასახლებენ. სახელმწიფო ვალდებულია ასეთი ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოს. სულ ეს არის, რასაც სახელმწიფო მოქალაქეს უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით სთავაზობს.

ზოგადად კი, სახელმწიფოში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც არათუ ძველი სახლებისა და აივნების უსაფრთხოებას შეისწავლის, არამედ არ არსებობს სტრუქტურა, რომელსაც ახალაშენებული სახლების კონსტრუქციული მდგრადობის დადგენა ევალება.

კანონმდებლობით მთელი პასუხისმგებლობა დამკვეთზე გადადის. დამკვეთი კი, ბათუმის მთავარი არქიტექტორის გიორგი რამიშვილის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში „საქმეს იმაზე ნაკლები პასუხისმგებლობით უდგება, ვიდრე ეს საჭიროა“.

სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ბათუმში მერიის შესაბამისი განყოფილება უწევს. განყოფილებაში ამ დროისათვის არ ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ბინა ან აივანია ბათუმში, რომელიც სიცოცხლისათვის საფრთხეს შეიცავს. თუმცა ირაკლი მოქიამ იცის, რომ ასეთი ბინები და აივნები ბათუმში ნამდვილად არის. ის ამბობს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურს არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი ამ ტიპის კვლევის ჩასატარებლად არ აქვს.

სახელმწიფოში არც სხვა სტრუქტურა არსებობს, რომელიც ჩაატარებდა მონიტორინგს იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რომელი  კორპუსი ან აივანია სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი.

უბედური შემთხვევის დროს ხიმშიაშვილის ქუჩაზე მისულმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა მოსახლეობას ურჩია თავი შეიკავონ უკანონო მშენებლობებისგან, ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში კი ზედამხედველობის სამსახურს შეატყობინონ. შეტყობინების შემთხვევაში სამსახურს აქვს უფლება, შეამოწმოს მშენებლობა. ირაკლი მოქიას ინფორმაციით, ობიექტის უსაფრთხოების გადამოწმების უფლება მერიის ზედამხედველობის სამსახურს მაშინაც შეუძლია, როცა დამკვეთი მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე ახდენს ობიექტის სამართლებრივ რეგისტრაციას, ანუ ე.წ. ჩაბარებას, ზედამხედველობის სამსახურში.

„იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი ჩვენთან დარეგისტრირდა, გავდივართ და ვადგენთ ობიექტის პროექტთან შესაბამისობას მშენებლობის სამივე ეტაპზე. ბოლოს კი მის ექსპლუატაციაში შესვლამდე ვითხოვთ ექსპერტის დასკვნას. თუმცა, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა დამკვეთზე მოდის.“

არქიტექტორ გიორგი რამიშვილის განმარტებით კი, ასეთი შესაბამისობის დადგენა რაიმე გარანტიის საფუძველი ვერ გახდება:

„ზედამხედველობის სამსახური შედარებას ახდენს ვიზუალურად, რულეტკით ზომავს კედელს ან ბოძს, მაგრამ რას შეიცავს ეს კედელი, ეს ექსპერტიზის დასადგენია.“

სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას, ახალაშენებული კორპუსების კონსტრუქციული ნახაზისა და მისი  მდგრადობის შესახებ. ასეთი დოკუმენტის წარდგენას დეველოპერს სანებართვოდ სახელმწიფო 2009 წლიდან აღარ ავალდებულებს.

ბათუმის მთავარი არქიტექტორის, გიორგი რამიშვილის განმარტებით, „ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა დამკვეთისთვის ბიუროკრატიული მომენტები აერიდებინა, ის ბევრი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.“ მათ შორისაა დოკუმენტი კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ, რაც ექსპერტის დასკვნით დადასტურებას ითვალისწინებს.

გიორგი რამიშვილი მიიჩნევს, რომ მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის მხოლოდ დამკვეთზე და მის კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობით სახელმწიფო რისკავს, რაშიც მას მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი არ ეთანხმება. ირაკლი სურმანიძის ინფორმაციით, ის, რომ სანებართვოდ მერია დამკვეთს კონსტრუქციულ ნახაზს არ სთხოვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ასეთი ნახაზი არ უნდა ჰქონდეს: „რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დიახ, მთელი პასუხისმგებლობა უნდა იყოს დამკვეთზე და უნდა იცოდეს მან, რომ ამისთვის მოეთხოვება.“

კითხვაზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე იმის იმედადაა, რომ მის უსაფრთხოებას იცავს სახელმწიფო? – არქიტექტორ გიორგი რამიშვილს აქვს პასუხი, რომ „რეგულაციები გასამკაცრებელია“. ამ ინიციატივით ის ახალ საკრებულოს მიმართავს, თუმცა კანონი პარლამენტმა უნდა შეცვალოს.

ამ საკითხზე პარლამენტი, ჯერჯერობით, არ მუშაობენ.

გადაბეჭდვის წესი