სიახლეები

„საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც იმედის ფესტივალის ჩატარებას ხელი შეუშალეს“

08.06.2014 • 1824
„საქართველო  პირველი ქვეყანაა, სადაც იმედის ფესტივალის ჩატარებას ხელი შეუშალეს“

 

 

 

ვარლამ რამიშვილი და ფრანკლინ გრემი

 

 

ფესტივალი 6, 7 და 8 ივნისს  სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო. რადგან დარბაზი ცხრა ათას ადამიანზეა გათვლილი, ფესტივალში მონაწილე პირების გამგზავრება თბილისში სხვადასხვა რეგიონებიდან ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო. ფესტივალში დაახლოებით 30 ათას ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, რეგიონებიდან მონაწილეები ვერ  გაემგზავრნენ. 

 

 

თბილისში ფესტივალის ჩატარება  ერთი წლის წინ დაიგეგმა, თუმცა ერთი დღით ადრე სპორტის სასახლეში, ღამის სამ საათზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც, სასახლის ადმინისტრაციამ ფესტივალის ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაზე უარი უთხრა. ხანძრის გაჩენას წინ უსწრებდა  მუქარა იმის თაობაზე,რომ ფესტივალს აუცილებლად ჩაშლიდნენ. „იმედის ფესტივალის“ მონაწილეებმა დარბაზის ქირაობის თხოვნით 12-მდე დაწესებულებას მიმართეს, თუმცა ყველა მათგანმა უარი განაცხადა. ამჟამად ფესტივალი თბილისში „სახარების რწმენის ეკლესიის“ ეზოში ტარდება.  

 

რა ზიანი მიაყენა ფესტივალს მოულოდნელმა ხანძარმა და რატომ უთხრა 12 დაწესებულებამ უარი „იმედის ფესტივალს“  ფართის მიქირავებაზე? „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორს, ვარლამ რამიშვილს,  რომელიც ფესტივალს უძღვება თბილისში და რამდენიმე კითხვით მიმართა. 

 

„პირველი კითხვის ნიშანი, სპორტის სასახლესთან დაკავშირებით ჩნდება, რადგან ხანძარს სასახლისთვის არ მიუყენებია იმ დონის ზიანი, რომ ფესტივალის ჩატარება შეუძლებელი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება სასახლესთან ერთი წლით ადრე დაიდო და თანხაც გადახდილია, ადმინისტრაციამ უარი მაინც თქვა ფესტივალის ჩატარებაზე.

 

შემდეგი კითხვა ჩნდება იმ 12 დაწესებულების მისამართით, რომლებმა, თითქოს შეთანხმებულად თქვეს უარი, რომ კარები გაეღოთ „იმედის ფესტივალისთვის“, ყველამ ერთად შეკრა პირი.

 

მესამე ფაქტორი რაც დამატებით კითხვას აჩენს, იყო წინასწარი მუქარა გიორგი გაბედავას მხრიდან, რომ ის ხელს შეუშლიდა ამ ფესტივალის ჩატარებას, რომ გააკეთებდნენ სირცხვილის კორიდორს და ა.შ  საღამოს კი ჩნდება ხანძარი. გაბედავა და მისი თანხმლები პირები   გამოჩნდნენ ეკლესიის ეზოსთანაც, სადაც ადამიანებს მოუწოდებდნენ  არ დასწრებოდნენ ფესტივალს. დღეები მიდის, ფესტივალი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ტარდება, შეიცვალა პროგრამა. ამჟამად ფესტივალი ტარდება „სახარების რწმენის ეკლესიის“ ტერიტორიაზე, სადაც  ხუთი ათასი ადამიანი ძვლივს დაეტია. გეგმის მიხედვით კი ფესტივალში 30 ათას ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.“ 

 

როგორც ვარლამ რამიშვილი ამბობს, ინცინდეტის გამო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ფესტივალის პროგრამაც: „ფესტივალი უნდა გაეხსნა შეიარაღებული ძალების სასულე ორკესტრს, უნდა მიეღო მონაწილეობა კონსერვატორიის გუნს, რომელსაც  საეკლესიო სიმღერები უნდა შეესრულებინა, ჩამოსულია ბევრი ცნობილი მუსიკოსი, თუმცა ეს გრანდიოზულობა აღარ გამოვიდა“.   

 

გაუთვალისწინებელი მიზეზების მიუხედავად, ფესტივალზე მაინც ჩამოვიდნენ სტუმრები ფინეთიდან, აშშ-იდან,  რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან. „ასზე მეტი ადამიანია უცხოეთიდან ჩამოსული“.

 

 

„ფესტივალზე ჩამოსულია  ფრანკლინ გრემი,  ცნობილი ევანგელისტი მისიონერი, ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „სამარიტელთა ქისა“-ს ხელმძღვანელი. ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, მათ შორის საქართველოშიც.

 

 

ფრანკლინ გრემი დაცვის ქვეშ იმყოფება და თვითონ უსაფრთხოდ არის, თუმცა ის  აგრესია, რომელიც გამოხატული იყო ფესტივალში მონაწილე პირების მიმართ, არასასიამოვნოა. ფრანკლინ გრემმა თქვა, რომ ექსცესი შეიძლება ყველგან მოხდეს, მაგრამ ის რომ მთელ თბილისში არ აღმოჩნდა არც ერთი დაწესებულება, რომელიც ფესტივალს კარს გაუღებდა, მასში უბრალოდ ღიმილს იწვევს. საქართველო აღმოჩნდა პირველი ქვეყანა, სადაც „იმედის ფესტივალის“ ჩატარებას ხელი შეუშალეს“- ამბობს ვარლამ რამიშვილი.  

 

 

პასტორი ამბობს, რომ პროცესებში რომელიც ფესტივალის ირგვლივ განვითარდა, ვერ ხედავს საქართველოს საპატრიარქოს ინტერესებს: „ოფიციალურ პოზიციაში  ფესტივალის საწინააღმდეგო არ გამოუთქვამს საპატრიარქოს. ისინი კეთილად მოიხსენიებენ ბილი გრემს, თუმცა  რატომ ხდება ეს ყველაფერი არ ვიცი, გასაკვირია. ყველა ვიყავით შოკში, რადგან არავინ ელოდება ამას“.

 

ვარლამ რამიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია ხელისუფლების პოზიცია: „სახელმწიფოს როლია რომ დაიცვას მოქალაქეები, ადამიანის უფლება, თუმცა მე არანაირი განცხადება ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტზე არ მომისმენია.  არ ვიცი ვისი ინტერესი იყო ფესტივალის ჩაშლა, თუმცა ფაქტია, რომ 12 ადგილი დაკეტილი დაგვხვდა, ფაქტია, რომ იყო წინასწარი მუქარა ფესტივალის ჩაშლაზე და ისიც ფაქტია, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეს, „სულს ნუ ყიდი, სად მიდიხარ“ და ა.შ რომ არა პოლიცია, ალბათ უფრო დიდი ექსცესი იქნებოდა“.

 

„იმედის ფესტივალის“  ყოველწლიურად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება.  

 

 

„იმედის ფესტივალი“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: