სიახლეები

როგორ ემზადება აჭარა ტურისტული სეზონისთვის

04.06.2014 • 1662
როგორ ემზადება აჭარა ტურისტული სეზონისთვის

 

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით, უკვე მეორე წელია ტურისტების აღრიცხვა მხოლოდ სასტუმროების მიერ მიწოდებული მონაცემებით წარმოებს, იქამდე კი კერძო სექტორიც ითვლებოდა და ამის გამო ახალი მონაცემების ძველთან შედარება ვერ ხერხდება: „თუ ადრე დიდი ციფრები სახელდებოდა, ახლანდელი მონაცემები არის რეალური მაჩვენებელი დღევანდელი სიტუაციისა. მთავარი ისაა, რომ ზრდის ტენდენცია ისევ შენარჩუნებულია“, – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტი სოფო გუჯაბიძე.

 

 

როგორც ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, ქუთაისის იაფმა ავიარეისებმა ხელი შეუწყო აჭარაში დასვენების დღეებში ჩამოსვლის ტრადიციის დამკვიდრებას, მაგრამ ამ სეგმენტის ზუსტად დათვლა ჯერ ვერ ხერხდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ნაკლებბიუჯეტიანი მოგზაურები სასტუმროებში ნაკლებად რჩებიან და ძირითადად კერძო სექტორს მიმართავენ. კერძო სექტორის სტატისტიკური აღრიცხვა კი ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. სოფო გუჯაბიძის თქმით, მათი დეპარტამენტი ამ ეტაპზე სწორედ კერძო სექტორის სტატისტიკის წარმოების სტრატეგიაზე მუშაობს.

 

 

შარშანდელთან შედარებით, წელს აჭარაში ტურისტების რაოდენობის 10-15%-ით ზრდას ელიან. ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ისევ მზარდია ბათუმში შემომავალი საკრუიზო გემების სტატისტიკაც და თუ 2012 წელს ბათუმში სულ 10 საკრუიზო გემი შემოვიდა, 2013-ში კი  – 16, წელს მინიმუმ 26 საკრუიზო გემის შემოსვლა იგეგმება.

 

 

ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში ზაფხულობით უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიზიტორთა პირველი ხუთეული უცვლელია: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და ირანი, თუმცა სარეკლამო კამპანიები ამ ქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმეში წარმოებდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბოლო სამი თვის განმავლობაში აქტიურ სარეკლამო კამპანიას ეწეოდა ცხრა სამიზნე ქვეყანაში: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ისრაელი, უკრაინა, ყაზახეთი და ლიტვა – რომელიც წელს დაემატა.

 

 

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეკლამო კამპანია ამ ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის პიარაქტივობებს მოიცავდა – გარდა სარეკლამო ბანერებისა და პოსტერებისა, იქაური 250-მდე ტუროპერატორისა და ჟურნალისტისთვის მოეწყო საინფორმაციო ტურები აჭარაში, რომელთა შედეგადაც ამ ქვეყნების წამყვან გაზეთებში გამოქვეყნდა სტატიები და ნაჩვენები იქნა სატელევიზიო სიუჟეტები აჭარის შესახებ. გარდა ამისა, აჭარა წარდგენილი იყო სამიზნე ქვეყნებში გამართულ 19 საერთაშორისო გამოფენაზე.

 

 

ბათუმის (აჭარის) ძირითადი ტურისტული პროდუქტი ისევ ზღვაა. სოფო გუჯაბიძის თქმით, ტურიზმის დეპარტამენტი ყველანაირად ცდილობს, ზღვა არ იყოს ერთადერთი, რითაც აჭარა ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.

 

 

სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ბათუმის შემდეგ პოპულარობით რიგით მეორე ადგილზეა ქედა, სადაც ბუნებრივ და კულტურულ კომპონენტებს ემატება ღვინის კომპონენტიც, რაც ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის.

 

 

აჭარა ეკოტურიზმის მიმართულებითაც ცდილობს ტურისტების მოზიდვას. დამკვიდრდა ახალი ტურისტული მიმართულება – გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, რომელსაც მართალია მცირე სეგმენტი ჰყავს, მაგრამ გასულ წლებთან შედარებით, წელს მათი რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.

 

 

სიახლეებია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ონლაინსაქმიანობაშიც – შეიქმნა ახალი საიტი (gobatumi.com), რომელზეც სიახლეებს ოპერატიულად ათავსებენ. საიტი ქართულისა და ინგლისურის გარდა რუსულ ენაზეც ითარგმნა. უკვე მზადაა და სულ მალე დაემატება პოლონური ენის ფუნქციაც.

 

 

ტურიზმის დეპარტამენტმა შექმნა ახალი, ინფორმაციული ხასიათის ონლაინაპლიკაცია მობილურებისთვის, რომელიც სეზონის ბოლომდე, მუდმივად განახლდება.

 

 

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის _ მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, წელს სასტუმროებში მომუშავე 250 კადრი ოთხი მიმართულებით გადაამზადა. „ჩვენ ამით დავეხმარეთ სოფლის სახლის/სასტუმროების მეპატრონეებს, რომლებმაც მოინდომეს ბიზნესის შექმნა, მაგრამ არ ფლობდნენ მართვისა და მარკეტინგის უნარებს. ასევე გადამზადდნენ მიმტანები, საშუალო რგოლის მენეჯერები (ადმინისტრატორები). სასტუმროებში ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ სასტუმროები დალაგების კუთხითაც საჭიროებდნენ კადრების გადამზადებას, ამიტომ წელს პირველად დავამატეთ ჰაუსქიფინგის მიმართულება“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

 

 

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს დაემატა ხუთი ახალი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი, რაც გულისხმობს ახალი რუკების შექმნას ინდივიდუალური მოგზაურისთვის, მან თავად რომ დაგეგმოს კონკრეტული მოგზაურობა. ახალი მარშრუტებიდან სამი არის ხულოში – ბეშუმი/გოდერძის უღელტეხილი, ხიხანი და ქედლები; გარდა ამისა ქედაში – დანდალოს ხიდის მიმდებარე ტერიტორია და ხელვაჩაურში – მაჭახელა.

 

 

არსებულ ხუთ საინფორმაციო ცენტრს ამ კვირაში ახალი ტურისტული ცენტრები დაემატება – ქობულეთში, ქედაში, ხულოსა და ბათუმში (საბაგირო გზასთან).

 

 

სოფო გუჯაბიძის თქმით, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის აჭარა, სავარაუდოდ, ინკლუზიური ტურიზმის განხრითაც იმუშავებს. ინკლუზიური ტურიზმი გადაადგილების პრობლემის მქონე პირების გარდა, ხანშიშესულ სეგმენტსაც მოიცავს. ისინი ევროპაში დიდი პოტენციალის მქონე მოგზაურებად მიიჩნევიან.  

გადაბეჭდვის წესი