ბათუმში, ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ერთმანეთის მომიჯნავედ დგას. ამ კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები, მათი სახლების წინ მიმდინარე ახალ მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ახალი კორპუსი მათი ბინების ფანჯრებს დაჩრდილავს და ბინები საცხოვრებლად უვარგისი გახდება. მოქალაქეები მერიის პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობენ.

ამ კორპუსის წინ ცხრასართულიანი სახლი აშენდება
„როგორ ვიცხოვრო ბინაში? სარეცხი სად გავფინო, ბალიში აღარ გავამზეურო? მე მესამე სართულზე ვცხოვრობ, წინ ცხრასართულიან კორპუსს რომ დამიდგამენ, მე რა ვქნა, მზე აღარ შემოვა ბინაში. ვნერვიულობ, ავად ვარ და მეშინია რამე არ დამემართოს“ – აცხადებს ზაირა ქურიძე.
მაღლივი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგია აკაკი ფუტკარაძეც:
„ჩვენს ბინას და ამ სახლის უკან მდგომ კორპუსსაც მთლიანად დაეფარება ახალი სახლი და აქ ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. ჩვენ ვრჩებით მზის და ჰაერის გარეშე. ვაპროტესტებთ ამ ადგილზე მაღლივი კორპუსის მშენებლობას და მოვითხოვთ მერიისგან, რომ მშენებლობა შეჩერდეს, ან მაღლივი კორპუსი არ აშენდეს“ – აცხადებს აკაკი ფუტკარაძე.
მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე რამდენიმე კერძო სახლი იდგა. ტეროტორია დაახლოებით შვიდი წლის გაიყიდა, თუმცა მშენებელმა ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კერძო მაცხოვრებლები ბინების გარეშე დარჩნენ.
„შემდეგ მშენებელი შეიცვალა. ახალი ნებართვა გასული წლის აგვისტოშია გაცემული. მესმის, რომ იმ ოჯახებსაც სჭირდებათ ბინები, მაგრამ სახლი ისე უნდა დაგეგმარებულიყო, რომ კორპუსებს ერთმანეთისთვის პრობლემა არ შეექმნა“- ამბობს აკაკი ფუტკარაძე.
მოქალაქეები მერიის პასუხიმსგებლობის საკითხსაც აყენებენ: „მშენებლობის ნებართვა რომ გასცა, ვერ დაინახა, რომ სხვა სახლებში მაცხოვრებლებს პრობლემას შეუქმნიდა ცხრასართულიანი სახლი? არც ერთ სახლს ეზო არ აქვს პარკინგი, იგივე მდგომარეობაში იქნებიან ახალი კორპუსის მაცხოვრებლებიც. მერიას ამ მშენებლობაზე ნებართვა არ უნდა გაეცა“ – ამბობენ მეზობლები.
აკაკი ფუტკარაძის თქმით, რამდენიმე განცხადება მერიაში უკვე შეტანილია.
ქალაქის მთავარი არქიტექტორის გია რამიშვილის თქმით, რადგან მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია, იქ მშენებლობის ნორმებიც დაცული უნდა იყოს:
„ალბათ აკმაყოფილებს ნორმებს. თუ ნებართვა გაცემულია, პროექტის გადახედვა ან რაიმე სახის პროცედურის დაწყების უფლება არ გვაქვს. მოსახლეობა ყველაფერს აპროტესტებს, მაგრამ ერთის ხარჯზე მეორის ინტერესის უგულებელყოფა ვერ მოხდება“.
რაც შეეხება, ეზოს მოცულობას და პარკინგს, მთავარი არქიტექტორი ამბობს:
„ეზოს ნორმა უნდა იყოს 50 პროცენტი და თუ არ აქვს, ალბათ ბინას აქვს დაბალი ფასი. შენობებს შორის დაშორების ნორმა არსებობს და თუ ეს ნორმები დაცულია, მერიას არ აქვს უფლება ვინმეს მშენებლობა აუკრძალოს“.

აკაკაი ფუტკარაძე და ზაირა ქურიძე