მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

სოფელ ღურტას მაცხოვრებელთა ღია წერილი, შუახევი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

30.04.2014 • 1849
სოფელ ღურტას მაცხოვრებელთა ღია წერილი, შუახევი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

“ბათუმელები” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს, მსოფლიო ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებას, ღ ი ა წ ე რ ი ლ ი

ბატონებო!
მოგმართავთ ულამაზესი და ძირძველი ქართული სოფლიდან, რომელიც უახლოეს რამდენიმე წელიწადში, დიდი ალბათობით, აღარ იარსებებს და მხოლოდ ნასოფლარის სახელით შემორჩება ისედაც დაცლილ-დაცარიელებულ საქართველოს მთიანეთის ისტორიას. ხოლო მშობლიურ გარემოდან იძულებით აყრილი გამრჯე და განათლებული მოსახლეობის ხვედრი და ბედი ძნელი განსაჭვრეტი არ უნდა იყოს. ჩვენ მთის ხალხი ვართ, მთის მკაცრ პირობებსა (აქ შვიდი თვე ზამთარია) და ბუნებრივ საფრთხეებს შეგუებულნი, ზედმეტად არავის ვაწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ 1970-80-იანი წლებიდან თითქმის ყოველ მეორე მოსახლეს გააჩნია გეოლოგიური დასკვნა და რეკომენდაცია, რომ აქ ცხოვრება უდიდესი რისკის
შემცველია.

1958 წელს ღურტის დასავლეთ ნაწილში განვითარებულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები და პირუტყვი ჩაიტანა; საბედნიეროდ ადამიანების გადარჩენა მოხერხდა. 1971 წლის 11 თებერვალს კი სოფლის შუაგულში, თოვლის ზვავმა 22 სიცოცხლე წაგვართვა და უდიდესი მატერიალური ზარალი მოგვაყენა… მას შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებებმა განარიდეს საფრთხეს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განასახლეს, მაგრამ 170 კომლი ისევ ადგილზე ვართ და ბუნებრივ სტიქიას შეგუებულნი, კერიებს არ ვაქრობთ და მამა-პაპისეულ საფლავებს ვჭირისუფლობთ. თუმცა,ძველთან ერთად, არსებობს
აჭარის გეოლოგიური სამსახურის ახალი, 2013 წლის დასკვნებიც, რომლებიც ასევე ადასტურებენ, რომ მთელი ტერიტორია აქტიური მეწყერსაშიში (და ზვავსაშიში) ზონაა, საცხოვრებელი სახლები და მიწის სავარგულები-დახეთქილ დაბზარულია.

ყოველ გაზაფხულზე აქტიურდება ძველი და ახალი მეწყრული კერები, რამდენიმე დღის წინ დაიმეწყრა ღურტის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია-ჩასკდა  სოფელში მოსასვლელი გზა და უკვე საფრთხე ემუქრება თვით სკოლის შენობასაც… ერთი სიტყვით სრულ იდილიაში ვცხოვრობთ… სამწუხაროდ, ეს „იდილია“ დაგვირღვია ე.წ. შუახევიჰესის პროექტმა, რომლის მიხედვითაც ჩვენი სოფლის ძირში 39 მეტრი სიმაღლის კაშხალი უნდა აიგოს და ამ სიმაღლის წყალი მიადგება 45-50 გრადუსი დახრილობის ისედაც დამეწყრილ
ფერდობებს, რომლებზეც ასევე დამეწყრილი სოფელია გაშენებული. ამას გარდა, საცხოვრებელი სახლებისა და სოფლის წყაროების ქვეშ, სოფლის მთელ პერიმეტრზე გაივლის 9 კმ სიგრძის გვირაბი, რომელიც აფეთქების მეთოდით უნდა გაიყვანონ და გასაგებია, რომ არამარტო სახლებს, არამედ წყლებსაც უნდა გამოვეთხოვოთ.

სამაგიეროდ წყლის შემცველობა მოიმატებს ჰაერში და გაზრდილი ტენიანობა (ისედაც ჩაკეტილ სივრცეში), კიდევ უფრო დაატენიანებს დამეწყრილ ფერდობებს, ხოლო ცივ სეზონზე ნისლის, ჭირხლისა და ლიპყინულის სახით ავნებს მოსავალსაც და ხეხილსაც. აღარაფერს ვამბობთ ჯანმრთელობის მოსალოდნელ გაუარესებაზე.

ბატონებო!
ჩვენ შეგუებულნი ვიყავით ბუნებრივ საფრთხეებს, მაგრამ ახლა ამ პროექტის გარემოზე, განსაკუთრებით ჩვენს საცხოვრისებზე გარედან ხელოვნური ზემოქმედებით გაზრდილმა საშიშროებამ დაუცველობის განცდა გაგვიჩინა და შიში დაგვეუფლა. შექმნილ მდგომარეობაზე ჩვენი წუხილი არავის ესმის და ჩვენი ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

შუახევიჰესის პროექტს ახორციელებს შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“, რომელიც ცდილობს ყველა სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და მაქსიმალურად უგულვებელყოს მოსახლეობის პრობლემები. ეს კომპანია ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ სრულყოფილი კვლევები ჩაატარა, რადგან მის მიერ მოწვეულმა ინგლისურმა კომპანიამ მხოლოდ კაშხლის მიმდებარე მდინარის სანაპირო შეისწავლა კაშხლის მდგრადობის განსაზღვრის მიზნით, ხოლომიმდებარე ფერდობებისა და სოფლის ტერიტორიის მეწყრული კერების შეფასება
ჩატარდა დიდ ბრიტანეთში „აეროფოტო დეშიფრირებით“ 2005 წელს.

სოფლის საფუძვლიანი გეოლოგიური კვლევა კი არ ჩაუტარებიათ. კომპანია ცრუობს გვირაბთან დაკავშირებითაც და ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესწავლილია. სინამდვილეში მათ „კვლევებში“ გარკვევით წერია, რომ გვირაბის პერიმეტრი შესწავლილი არ არისო. ამავეს ადასტურებს ორი ექსპერტი, რომლებმაც ეს „კვლევები“ შეისწავლეს: „გვირაბების გაყოლებაზე კვლევები არ ჩატარებულა, მათი განლაგების ზონებში გეოლოგიური სტრუქტურების, ტექნიკური ნაპრალების და ლითოლოგიური აგებულების შესახებ ინფორმაცია ემყარება არსებული გეოლოგიური ლიტერატურის მონაცემებს“-ო. გაურკვეველია, რომელ „არსებულ მონაცემებს“ გულისხმობენ მაშინ, როდესაც საერთოდ უგულვებელყოფილია ერთადერთი, რეალურად არსებული აჭარის გეოლოგიური სამსახურის ბოლო 34 წლიანი დასკვნები და რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, ასეთი მაშტაბის პროექტები, არამარტო ჩვენს სოფელს, მთლიანად ზემო აჭარას დაანგრევს.

ზემოთნახსენები იგივე ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ სასურველი იყო გვირაბების ღერძის გასწვრივ გაკეთებულიყო 2-3 ჭაბურღილი სიღრმეში ისეთი პარამეტრების დასადგენად, რაც მხოლოდ ჭაბურღილითაა შესაძლებელი. კომპანია ცრუობს, როდესაც თვალში ნაცარს გვაყრის, თითქოს აფეთქებებს „ვერც კი ვიგრძნობთ“ და ჩვენს სახლებს და საუკუნოვან სასაფლაოს, რომლებიც გვირაბის
თავზე ვერტიკალურად 80 მეტრზე მდებარეობს, არაფერი ემუქრება.

ამ დროს კი ექსპერტები წერენ, რომ: „შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გვირაბის  პირველი 100 მეტრი მოხვდება „ძლიერ ცუდი“ ქანების ზონაში, ხოლო რამდენიმე ასეული მეტრი „ცუდ“ გრუნტებში გაივლის,“ რომ „გვირაბის პარალელურად და
სუბპარალელურად შეინიშნება რღვევის (მეწყრული) ზონები,“ რომ „გვირაბის განთავსების ტერიტორიის ზოგ ადგილას, მეოთხეული ნალექების მნიშვნელოვანი სიმძლავრის გამო, ქანების ძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს კლდის გახეთქვა და დასკდომა“ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ძნელი არ უნდა იყოს იმის განსაზღვრა, თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს წყალსატევისა და გვირაბის თავზე
განლაგებულ სოფელს, მის სასმელსა და სარწყავ წყლებს…

რას გვთავაზობს კომპანია ე.წ. შემარბილებელი ღონისძიებების სახით?ერთადერთ  რამეს- დაკვირვებას (მონიტორინგს) ორ ადგილას დამონტაჟებული მოწყობილობით და თუ რამე შეგვემთხვა, შემდეგ შესწავლა-რეაგირებას. ერთი სიტყვით, ექსპერიმენტის ობიექტად აქციეს ამხელა სოფელი…

შექმნილ სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს და მეტ ტრაგიზმს სძენს ის ფაქტი, რომ ავტონომიური და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კომპანიის ადვოკატებად გვევლინებიან და ხალხის მოსმენა არ უნდათ. უფრო მეტიც: 8 მარტს, შეხვედრის საბაბით მოყვანილ (თვითონ მოიყვანეს) 50-მდე კაცსა და ქალს 200-მდე პოლიციელი დაგვახვედრეს და დაგვარბიეს. მოყვანილი და გამზადებული ჰყავდათ სპეცდანიშნულების რაზმიც. ან შეხვედრაზე მიწვევა რას ნიშნავდა, ან რატომ დაგვარბიეს, ან სპეცრაზმი რისთვის სჭირდებოდათ?

ყოველივე ამის შემდეგ არ უნდა ამოგვეღო ხმა, არ გამოგვეხატა პროტესტი? გავაპროტესტეთ კიდეც, მაგრამ ავტონომიური და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხმაშეწყობილად გაიძახიან პროცესი მართულიაო. ბატონებო, სირცხვილია! მარიონეტები ნუ გგონივართ, ჩვენ მთის ხალხი ვართ. ერთადერთი ძალა, რომელიც გვმართავს უფალია. ამას ემატება ჩვენი ოჯახების
ინტრესები და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე, ეს არის და ეს. ვიღაცების ბიზნესინტერესებს ვერ შევეწირებით და არ შევეწირებით. იძულებული ვართ თვითონ დავიცვათ საკუთარი ოჯახები ყველა შესაძლო საშუალებით.

ჩვენ არ შევეხებით კომპანიის ტერიტორიას (შესყიდულს), მაგრამ სოფლის ტერიტორიაზე არც ტექნიკას და არც მუშახელს არ გავატარებთ. ერთ სანტიმეტრ მიწასაც კი ვეღარ შეისყიდის კომპანია ჩვენგან. რადგან აზრი დაკარგა ყოველგვარმა მოლაპარაკებამ და კომპანიისა და
ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობა ვაჭრობას დაემსგავსა, ღიად ვაცხადებთ:

ბატონებო, ჩვენ არ ვვაჭრობთ საკუთარი ოჯახებით, ამავე დროს ყველა ღონეს ვიხმართ, რომ საფრთხე ავაცილოთ ცოცხალ და მიცვალებულ ოჯახის წევრებს. ჩვენ არ ვიყიდებით! რადგან ხელისუფლება არ გვისმენს,ბოიკოტს ვუცხადებთ ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებს და შემდგომ არჩევნებზე ისეთ ხელისუფლებას ავირჩევთ, რომელიც ჩვენს ოჯახებს დაიცავს და გაუფრთხილდება. მოგმართავთ მსოფლიო ბანკის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის
ბანკისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მესვეურებს:

ბატონებო, ვიცით თქვენთან რამდენად დაცულია ადამიანის უფლებები. ჩვენ, ძველ
ევროპელებს, გვინდა ისტორიულ ოჯახში დაბრუნება და თავისუფალი, დაცული
სამყაროს ფასეულობებითა და ღირებულებებით ვისარგებლოთ.

სოფელ ღურტას მაცხოვრებელთა ღია წერილი, შუახევი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით “მწვანე ალტერნატივამ” გაავრცელა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: