სიახლეები

წიგნი, რომელიც მოსამართლეებს ზღუდავს

27.04.2014 • 2770
წიგნი, რომელიც მოსამართლეებს ზღუდავს

 

260-გვერდიანი სახელმძღვანელო წინადადებები სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ბრძანებით გამოიცა. რეკომენდაციები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მხოლოდ იმ დანაშაულზეა, რომელიც სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ხდება: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა, შენახვა… ხულიგნობა, ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენება… სამსახურებრივი გულგრილობა, სიყალბე, ქრთამის აღება ან მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება…  

 

აი, რას წერს კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებს წიგნის შესავალში: „ძვირფასო მოსამართლეებო, სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია  ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება… 

 

დემოკრატიულ სახელმწიფოებს ამ მხრივ ჩვენთან შედარებით უდიდესი  უპირატესობა აქვთ: ეს არის რამდენიმეწლიანი გამოცდილება და ამ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული და მუდმივად განვითარებული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ქვეყნდება კრებულის სახით… რეკომენდაციები კიდევ უფრო უწყობენ ხელს  ნორმათა ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას და, შესაბამისად, მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელების საფუძველს ქმნის… ამასთან, ეს პრაქტიკა თანმიმდევრულად გამოყენებული იქნება საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიერ, არამედ ფაქტობრივად ასევე გაზიარებული უნდა იქნას  პროკურორების მიერ“.

 

ნინო გვენეტაძე  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორია. 2006 წლამდე ის უზენაესი სასამართლოს წევრი იყო. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ სახელმძღვანელოთი მოსამართლეები გააფრთხილეს  ეხელმძღვანელათ „გაიდლაინით“. მისი მოსაზრებით, „მოსამართლე, რომელიც სისტემური მორჩილების რეჟიმში მუშაობდა, იძულებული გახდა უპირატესი ძალა მიენიჭებინა  გაიდლაინებისთვის“.

 

გვენეტაძე ამბობს, რომ რეკომენდაციების გადმოღება ამერიკული მოდელიდან არაკონსტიტუციური არ არის, მაგრამ პრობლემად საქართველოში ის იქცა, რომ გაიდლაინები სარეკომენდაციო სახის კი არა, სავალდებულოდ შესასრულებელი გახდა: „პირდაპირ დაავალეს მოსამართლეებს ამ რეკომენდაციების შესრულება, ვეწინააღმდეგებოდი მის სავალდებულო ძალას და დღესაც ვფიქრობ, რომ ეს აზიანებს სასამართლოს დამოუკიდებლობას. იმედი მაქვს, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი თანდათან იზრდება. თუ მოსამართლე ეთიკური ნორმების დამცველია, ის არ გაიზიარებს ამ გაიდლაინს. ეს იყო ერთ-ერთი ხერხი, რომელიც დევნის ორგანოს პროგნოზირებად სასჯელს სთავაზობდა. პოზიტივი ამ გაიდლაინებით საზოგადოებამ ვერ ნახა, ნეგატივი კი ის იყო, რომ მოსამართლემ დაკარგა დამოუკიდებლობა.

 

ნინო გვენეტაძე ამის დასტურად კონკრეტულ მაგალითს ასახელებს: „მაგალითად, კოდექსში წერია, რომ ქურდობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე. ეს კანონი მოსამართლეს აძლევს დისკრეციულ უფლებას თვითონ გადაწყვიტოს მიუსაჯოს 3 წელი, 5 თუ 3 წელი და 6 თვე. მაგრამ რეკომენდაციის შედეგად კოდექსით მინიჭებული უფლება მოსამართლეებს შეეზღუდათ. მაამებელი პოლიტიკიდან გამომდინარე იყო მოსამართლეთა კატეგორია, რომლებიც ამყარებდნენ არასწორ დამოკიდებულებას და სასამართლო დარბაზში ისე განმარტავდნენ ამ რეკომენდაციებს, როგორც სავალდებულოს“.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტს, გიორგი ხიმშიაშვილს სისხლის სამართლის სფეროში გაიდლაინების შექნა   დაუშვებლად მიაჩნია: „ეს არის სენსიტიური თემა, უფრო მეტ სიღრმისეულ მიდგომას მოითხოვს, რადგან საქმე გვაქვს ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან. მართალია, გაიდლაინი არ არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, თუმცა მან მიიღო კანონის სტატუსი, მოსამართლეები გადაწყვეტილებას გაიდლაინებზე დაყრდნობით იღებდნენ.“

 

 

გიორგი ხიმშიაშვილი

 

 

ხიმშიაშვილის დაკვირვებით, ეს რეკომენდაციები მოსამართლეებს ვიწრო წრეში აქცევს: „გაიდლაინებმა ყველა დანაშაული, სიმძიმის მახასიათებლის გაუთვალისწინებლობით, ჭადრაკის ერთ დაფაში მოაქცია და თქვა, რომ ყველა უნდა დაისაჯოს. იშვიათად გვყავდა მოსამართლეები, რომლებიც გაიდლაინებით არ სარგებლობდნენ. სამოსამართლეო საქმიანობის ძალიან ვიწრო ჩარჩოებში მოაქციეს მოსამართლეები. გაიდლაინების გამოყენების აუცილებლობა იყო ზემდგომი მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს „თხოვნა“, ვითომ ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრებისთვის. საბოლოო ჯამში მოსამართლე არ ასრულებდა იმ როლს, რაც ჰქონდა დაკისრებული სისხლის სამართლის კოდექსით -მოსამართლეს უნდა გამოერკვია ქურდობის ჩამდენი პირის ნიუანსები, მიზანი, გარემოება. მოსამართლეები კი ამას არ იკვლევდნენ, რადგან გაიდლაინებით ხელმძღვანელობდნენ“. 

 

აკაკი თოიძე დღეს ადვოკატად მუშაობს, 10 წლის განმავლობაში ის მოსამართლე იყო.  მისი აზრით, გაიდლაინებით მოსამართლეები „ჩარჩოში მოაქციეს“, `ხელისუფლებამ მოსამართლეები შებოჭა“ და კონტროლის მექანიზმი გააძლიერა: „კოტე კუბლაშვილი, ვინც ეს რეკომენდაცია შეადგინა, დღეს ისევ მართლმსაჯულების სათავეშია, ამიტომ, ვფიქრობ, სასამართლოში დღესაც არაფერი შეცვლილა – მოსამართლეების 90 პროცენტი ისევ ტყვეობაშია“.

 

გაიდლაინით ანუ მოსამართლის სახელმძღვანელოთი მიღებული გადაწყვეტილებით ამერიკის მოქალაქეებიც უკმაყოფილოები იყვნენ. ამიტომაც მოქალაქეებმა ამ რეკომენდაციებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ საკითხის განხილვის დროს თქვა, რომ ეს არის რეკომენდაცია და არ შეიძლება ის სავალდებულოდ შესთავაზოს სასამართლომ პროცესის მონაწილეებს. უზენაესმა სასამართლომ კი ჩათვალა, რომ რეკომენდაციას აქვს არსებობის უფლება.

გადაბეჭდვის წესი