ბატონო ტატო, თქვენ შექმენით სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა, რასაც კორუფციის დაძლევა უნდა მოეხერხებინა. გაამართლა სისტემამ?
სახელმწიფო შესყიდვები კუნძული არ არის, რომ შესყიდვებში ცალკე კლიმატი ან პირობებები დაფიქსირდეს. ის ქვეყნის შემადგენელი ნაწილი და ფინანსური მართვის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ფინანსური სისტემა კი ქვეყნის მართვის შემადგენელი ნაწილია. ყველა ნეგატიური მოვლენა, რაც ქვეყანაში არსებობს, შესყიდვებზე ასე თუ ისე აისახება. თუმცა შესყიდვები, იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ სისტემა გამჭვირვალეა და პროცედურები გამარტივებული, იძლევა იმის საშუალებას, რომ ექსტრემალური ფაქტორები მინიმუმამდე დაიყვანოს.
თქვენ, როგორც ამ სისტემის ყველაზე დაკვირვებულ თვალს, კორუფციის ნიშნები დაგინახავთ შესყიდვების დოკუმენტებში?
არის ქეისები, რაზეც შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ იყო კორუფციული გარემოებები, მაგრამ თუ ქვეყანაში არ არსებობს კორუფცია, ის ასევე ნაკლებად იარსებებს შესყიდვებში, თუ ქვეყანაში მომძლავრებულია კორუფციული ფონი, ეს ფონი აუცილებლად მომძლავრდება შესყიდვებშიც. გამჭვირვალე სისტემის პირველადი ეფექტი საკმაოდ მძლავრი იყო. არსებობდა დამკვიდრებული სქემები, დამკვიდრებული ქცევის წესები, რომლებიც მანამდე გამოიყენებოდა. ამის შემდეგ დაიწყო ახალი წესების შემოთავაზება. ვინც სქემებში იჯდა, ის ამოვარდა და სისტემა თითქოს დალაგდა. შესაბამისად, ამ პერიოდში იყო ნაკლები კორუფციული გამოვლინებები, ვიდრე ადრე, მაგრამ ადამიანი ნებისმიერ სიტუაციას ერგება. თავდაპირველად ეფექტი გამოიღო, სქემები დაინგრა, მაგრამ ის, ვინც საქმეში იყო, იწყებს ახალ სქემებზე ფიქრს, თუ როგორ აუაროს ამ ყველაფერს გვერდი.
რამდენად მაღალი დაცვის მექანიზმი არსებობს?
სისტემა გათვლილია საშუალო სტატისტიკურ ჰომოსაპიენსზე, რომელიც წესებს ემორჩილება, შესყიდვების კანონიც მსგავს ყოფაქცევაზეა გათვლილი. სტანდარტულ ყოფაქცევაზე და არა ანომალურზე, რომლიდანაც შეიძლება რაღაც ცუდი მივიღოთ.
მაშინ რა არის მთავარი პრობლემა?
კომპეტენცია. არაკომპეტენტური ხალხია ჩართული ყველა მხრიდან, არაკომპეტენტური ტექნიკური დავალება გაიცემა და არაკომპეტენტური მონიტორინგი გვაქვს. ერთი მაინც რომ იყოს ამ სისტემიდან ამოვარდნილი, ის პროცედურას გააჩერებს და შეეცდება ისევ საწყისთან მიიყვანოს, საიდანაც დაირღვა, მაგრამ თუ მასში ჩართული ყველა მხარე თავის საქმეს არაკომპეტენტურად აკეთებს, მაშინ სავსებით შესაძლებელია ნებისმიერი გარიგება გაძვრეს ამ სისტემაში.
რა გამოსავალი არსებობს?
ისევ და ისევ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ კუნძულზე არ ვართ, ამ ყველაფერს ცალკე შესყიდვებში ვერ მოევლება. საჭიროა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის გაძლიერება. თუნდაც ბიზნესმენების უნარ-ჩვევების გაზრდაზე ზრუნვა ან თუნდაც ინფორმაციის მიწოდება. ჩემთვის ბიზნესმენს უთქვამს, რაღაც ტენდერი გვაინტერესებს და იქნებ ინფორმაცია მოგცეო. ვეუბნები, რა ინფორმაცია მოგცე, ყველაფერი ღიაა, მიდი და ნახე-მეთქი. რას ამბობ, ჩვენ ერთ მინისტრს ველაპარაკებით, იქნებ სატენდერო დოკუმენტაცია მოგვცე და ისიც ჯიგრულად დაგვპირდაო. ეს ჰგავს ღია კარების შემტვრევას, ადამიანმა არ იცის, რომ ინფორმაცია ღიაა და არც არავინ ეუბნება ამას.
შესყიდვებში არის დაგეგმარების პრობლემა, ჩვენთან ძალიან ცოტა სტრუქტურაა, რომელიც დაგეგმარებაზე მუშაობს, რომელსაც ჰყავს სამსახური ან ადამიანი მაინც, რომელიც მოთხოვნების კონსოლიდაციაზე მუშაობს. ზოგჯერ შესყიდვებისას არ ითვალისწინებენ მარტივ საკითხებს, მაგალითად, ავიღოთ სეზონურობა. თუნდაც მუშახელი აიღეთ ან რაიმე მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც ზოგჯერ იაფია, ზოგჯერ _ ძვირი. მაგალითად, სამშენებლო სამუშაოს დაწყება უფრო მომგებიანია გაზაფხულზე თუ ზამთარში. ასეთ მარტივ რაღაცებს არ ითვალისწინებენ. იგივე საგზაო სამშენებლო ტენდერები არალოგიკურია ისე ჩაატარო, რომ მერე მოგიწიოს ზამთარში ან ადრეულ გაზაფხულზე სამუშაოების ჩატარება. ამ ყველაფერს საუნივერსიტეტო აკადემიური განათლება არ უნდა. საჭიროა ცოტა ლოგიკური აზროვნება და გული.
სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად მიმართავენ ერთ პირთან მოლაპარაკების წესს შესყიდვების განხორციელებისას, რასაც გადაუდებელი გარემოებებით ხსნიან.
ესეც დაგეგმვის პრობლემაა. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ახალ წელზე გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების მიზეზით ითხოვენ გამარტივებულ წესს _ საახალწლო ღონისძიებების განხორციელებას ვერ ვასწრებთო. ჯერ არ ყოფილა, რომ ახალი წელი არ მოსულიყოს, შესაბამისად, ეს რაღაც დოყლაპიობასთან გათანაბრებული გულგრილობაა ან სხვა. გადაუდებლობის ლომის წილი მოდის იმაზე, რომ ადამიანმა ვერ გათვალა. გადაუდებელი შეიძლება მოვითხოვოთ, მაგალითად, სტიქიური უბედურების, მეწყრის გამო, მაგრამ თუ რაღაც გიდევს გეგმაში და საკუთარი დაუგეგმავობის თუ სხვა რაღაცის გამო ეს ვადა ისე მოგეპარა, რომ ვერ გაიგე და ან უფროსმა უცებ გითხრა, სადა ხარ ბიჭი აქამდეო და გადაუდებელი ავიღოთო ითხოვ, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია.
გამარტივებული წესი უფრო პოლიტიკური ნების პრობლემაა, ეს წესი ისევ დევს კანონში და აქტიურად თუ პასიურად მას იყენებენ. არსებობენ დაინტერესებული ჯგუფები. გადაუდებელი აუცილებლად უნდა იყოს კარგად დასაბუთებული. აქ საუბარია ღონისძიებაზე, რომელიც წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი. 2010 წლამდე გადაუდებელი აუცილებლობის გამო გამარტივებული ტენდერის ჩატარების ნებართვას იძლეოდა შესყიდვების სააგენტო, შემდეგ ეს უფლება კონკრეტულ მაკონტროლებელ ორგანოს გადაეცა, მაგალითად, გამგეობას ნებართვას აძლევს საკრებულო.
2011 წელს გამარტივებულმა შესყიდვებმა იკლო, მაგრამ ადამიანი ყველაფერთან ახერხებს მორგებას და ნელ-ნელა ეროზიამ იმატა, მითუმეტეს თუ ამას პოლიტიკური კონიუნქტურა ან ზემდგომი ჰკარნახობს.
ბათუმის მერიას წლის ბოლოს ბიუჯეტში დარჩა მილიონობით ნაშთი, რაც ფინანსისტებმა ტენდერების ჩაშლით ახსნეს. ტენდერების ჩაშლის მიზეზი კი ის იყო, რომ კომპანიებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს. რატომ შეიძლება არ იღებდნენ კომპანიები ტენდერში მონაწილეობას, მით უფრო ასეთი კონკურენციის პირობებში?
როგორ შეიძლება კარგად დაგეგმილი ტენდერი ჩაგეშალოს? _ ეს დოყლაპიობაა. მაგალითად აიღეთ დიქტოფონი, თუ ის 100 ლარი ღირს და შენ ოც ლარად გინდა შეისყიდო, ვერ შეისყიდი, გამორიცხულია. ან რაღაცის აშენება გინდა და ითხოვ, რომ აგიშენონ ერთ წელში, არადა ამის აშენებას სჭირდება ერთ წელზე მეტი, მაშინ არავინ მოვა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მითუმეტეს, რომ ყოველ გადაცილებულ დღეზე კომპანიას უწევს ჯარიმის გადახდა. უნდა გაირკვეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებიც ტენდერებს ბაზრის შესწავლის გარეშე აცხადებენ.