მთავარი,სიახლეები

განათლების მინისტრის მოადგილე რუსეთის ოკუპანტობაზე: არის ფაქტი და ანგარიშს უწევს ყველა

20.04.2017 • 12594
განათლების მინისტრის მოადგილე რუსეთის ოკუპანტობაზე: არის ფაქტი და ანგარიშს უწევს ყველა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ ბადრი ნაკაშიძე დაინიშნა. მან ბოლო  17  წელი რუსეთში იცხოვრა და ლომონოსოვის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ბადრი ნაკაშიძე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის იყო უზენაესი საბჭოს წევრი, მუშაობდა პროკურატურაშიც. როგორ და ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ბადრი ნაკაშიძე მინისტრის მოადგილედ და რა აკავშირებს პარლამენტის თავმჯდომარის მამასთან? ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებთან“ ბადრი ნაკაშიძემ ისაუბრა.

ბატონო ბადრი, საქართველოში თქვენ თანამდებობაზე დაბრუნდით 17 წლის შემდეგ. თქვენ ერთი პერიოდი იყავით ასლან აბაშიძის გუნდის წევრი და ასევე აბაშიძის რეჟიმის გამო იძულებული გახდით ქვეყანა დაგეტოვებინათ. რატომ წახვედით მაშინ საქართველოდან?

ჩავთვალე, რომ ჩემი შესაძლებლობები იმ თანამდებობაზე, სადაც  ვიყავი, უკვე ამოვწურე, ვეღარ ვხედავდი ინტერესს და წავედი. მქონდა სურვილი ბათუმის უნივერსიტეტში მუშაობის, მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომ ნახევარი წელი ვიყავი უმუშევარი და შემდეგ დავბრუნდი მოსკოვში – იქ, სადაც მქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი, ჯერ მიმიღეს როგორც მასწავლებელი და შემდეგ კათედრის გამგედ დავრჩი.

როგორც ვიცით, თქვენ ცოტა ხნის წინ გინდოდათ ბსუ-ს რექტორობა, შემდეგ პრორექტორობაც, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ცხოვრობდით და მუშაობდით მოსკოვში, წინააღმდეგობა შეგხვდათ. ეს მართალია?

ჩემთვის უარის მიზეზი არავის აუხსნია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მოსკოვის ფაქტორთან ყოფილიყო დაკავშირებული, იმიტომ, რომ მოსკოვშიც იმავე საქმიანობას ვეწეოდი, რასაც გავაკეთებდი ბათუმის უნივერსიტეტში. ერთხელ არ მოხერხდა ტექნიკური მიზეზების გამო, რადგან როცა შემომთავაზეს უნივერსიტეტში მუშაობა, საბუთების მიღებამდე რჩებოდა ერთი დღე და მომზადებული არ ვიყავი, საბუთები ჩამოტანილი არ მქონდა, მეორედ კი, თითქმის გადაწყვეტილი იყო ეს საკითხი, შეთანხმებული იყო რექტორთანაც, მაგრამ რატომ გადაიფიქრეს, ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. ამიტომ გავაგრძელე იქ მუშაობა, სადაც ვიყავი.

თუმცა ამჯერად მცდელობა აღმოჩნდა შედეგიანი, რადგან თქვენ უკვე ხართ განათლების მინისტრის მოადგილე. 15-წლიანი რუსეთში ცხოვრების შემდეგ დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე. ვისი რეკომენდაციით მოხდა ეს? 

მართალი გითხრათ, არ მეგონა თუ ასეთი მაღალი სტატუსის თანამდებობას შემომთავაზებდნენ, მაგრამ, როცა შედგა საუბარი ზურაბ პატარაძესთან, მან შემომთავაზა რამდენიმე ვარიანტი.

ანუ ზურაბ პატარაძის რეკომენდაციით დაინიშნეთ?

დიახ, რადგან მთავრობის მეთაური ნიშნავს მინისტრის მოადგილეს. მე და ზურაბ პატარაძე ადრე ვიცნობდით ერთმანეთს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთში საქართველოს კონსული იყო და შემდეგ ეს ურთიერთობები აღვადგინეთ.

მე როგორც ვიცით, თქვენ და საქართველოს პარლამენტრის თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე მეგობრები ხართ. ამ ოჯახის მხარდაჭერა არ გქონიათ ამ თანამდებობაზე დანიშვნის დროს?

მე და გიორგი ვიყავით და ვართ მეგობრები, ჩვენ ერთად ვიყავით საქართველოს პარლამენტში 1991-1995 წლებში, მას შემდეგ ვმეგობრობთ. გიორგის ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ დავბრუნებულიყავი სამშობლოში, დანიშვნაში მის წვლილს რაც შეეხება, ჩემთვის უცნობია.

რამდენიმე წლის წინ, თუ არ ვცდები 2010  წელს, თქვენ საქართველოში იყავით მოწვეული საზაფხულო სკოლაში კონსტიტუციონალიზმის და რეგიონალური მოწყობის საკითხებზე ლექციის წასაკითხად, რუსეთის სახელით რატომ იყავით მოწვეული, რუსეთის მოქალაქე ხართ თუ საქართველოს?

დიახ, 2011 წელი იყო. რუსეთის მოქალაქე ვარ – 15 წელი ვცხოვრობდი რუსეთში და ახლაც მაქვს ორმაგი მოქალაქეობა.

რატომ მიიღეთ რუსეთის მოქალაქეობა?

ძნელია იქ მუშაობა, თუ არ გაქვს მოქალაქეობა. სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობდი და უცხოელების მიღება სამუშაოდ ძალიან რთული პროცესია. ყოველ წელიწადს არის ხელშეკრულება გასაახლებელი, რაც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.

თქვენ აგვისტოს ომის პერიოდშიც და შემდეგაც მუშაობდით რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც ვიცით, ლომონოსოვის უნივერსიტეტი პუტინის ერთ-ერთი დასაყრდენი იდეოლოგიური ცენტრია, ოკუპანტი ქვეყნის იდეოლოგიურ ცენტრში რომ მუშაობდით, ეს გიქმნით დისკომფორტს თუ არა?

უნივერსიტეტი ცოტა სხვა საზოგადოებაა. მართალია, არ არის დაცლილი ბოლომდე პოლიტიკისგან, მაგრამ არის აკადემიური თავისუფლების პრინციპი, რომელიც დაცულია და ყველას აქვს თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება. მათ შორის აუდიტორიაშიც სტუდენტებთან.

ამ საზოგადოებაში ახერხებდით იმის თქმას, რომ რუსეთი ოკუპანტია?

ასე საკითხი არ დასმულა, უბრალოდ, იმის მტკიცება, რომ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არის აფხაზეთი და სამაჩაბლოც, მე არ დამჭირვებია, იმიტომ, რომ ბევრი თანამოაზრე მყავდა. ყველა გაგებით ეკიდება იმას, რომ რუსეთმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად, ეს იყო შეცდომა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ არის ფაქტი და ანგარიშს უწევს ყველა დანარჩენი საზოგადოება, ვინც არის რუსეთში. მეც ვფიქრობ, რომ რუსეთმა დაუშვა შეცდომა, როცა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ეს იყო რუსეთის სისუსტე.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთი ოკუპანტია?

მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა დაუშვა შეცდომა, როდესაც დაიწყო ომი და აღიარეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ეს იყო აშკარა შეცდომა და რუსეთის სისუტე. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებს დაუბრუნდება საქართველოს ხელისუფლება და საქართველოში იქნება აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც.

 რის გაკეთებას აპირებთ განათლების სამინისტროში, გაქვთ განსხვავებული ხედვა რაიმე საკითხებზე?

ჩემს საკურაციო სფეროში შევიდა სპორტი და ახალგაზრდული საქმიანობა და რესურსების დეპარტამენტი, რომელიც, ძირითადად, დაკავებულია ბიუჯეტის შედგენით და შესრულებით. დღეს მქონდა საუბარი საინტერესო ადამიანებთან და ჰქონდათ წინადადება, რომ მუნიციპალიტეტებში შევქმნათ საჭადრაკო სკოლები. გარდა ამისა, ჩაქვში დავათვალიერეთ სპორტული დარბაზი, სადაც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები გამოიზარდნენ, მაგრამ რომ ნახოთ რა მდგომარეობაშია დარბაზი, გაგიკვირდებათ.  დაინგრევა ეს დარბაზი და ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება,  ხელოვნებისა და კულტურის ცენრტთან ერთად. ეს იქნება ადგილი, სადაც შეიძლება ნებისმიერი დონის სპორტული შეჯიბრებები გაიმართება.

კიდევ რა გეგმები გაქვთ?

დიდი სურვილი მაქვს მასიური გახდეს სპორტი ახალგაზრდებისთვის და სპორტი იყოს ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება აჭარაში. იქმნება სპორტული ტურიზმის ფედერაცია, რომლის თავმჯდომარეც იქნება ზურაბ პატარაძე და იზრუნებს იმაზე, რომ ეს მიმართულება განვითარდეს. ყინულის სასახლის გვერდით არის კიდევ დაგეგმილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ამიტომ თუ ცოტა დროს მოგვცემთ და მოგვიანებით კიდევ შემეხმიანებით, უფრო ჩამოყალიბებული ვიქნები გეგმებში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: