ბრალდებული მურმან აბაშიძე 2010 წლის ივნისიდან შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. „ბათუმელებთან“ ის უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე. კითხვაზე მიიჩნევს თუ არა თავს უდანაშაულოდ პასუხობს, რომ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დუმილს ამჯობინებს. შესაბამისად არც იმ ინფორმაციას გვაწვდის, რის გამო წარუდგინეს მას ბრალი.
ინფორმაციას რის გამო წარუდგინეს საკრებულოს წევრს ბრალი “ბათუმელები” ამ დრომდე ელოდება პროკურატურისგან.
საკრებულოს წევრის ბრალდების შესახებ ინფორმაციას ფლობს შუახევის მუნციპალიტეტის გამგებელი, თუმცა რას ედავება გამოძიება მას, ამ კითხვას არც ის პასუხობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლო კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ გავრცელებულ ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი (ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი) წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან და კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
ამ ნორმის ანალიზით საკრებულოს წევრის საქმიანობის პირობები განისაზღვრება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონით.
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც რეგულირებულია საკრებულოს წევრის საქმიანობა, მათ შორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი, არ ითვალისწინებს საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების შეჩერებას და არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს სასამართლო განჩინება.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად. მათ უფლება აქვთ აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამ კანონით და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკრებულო შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.
ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული თანამდებობის პირის – საკრებულოს წევრის გადაყენება განხორციელდეს, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს და შეფასებული იქნეს საკრებულოს წევრ მურმან აბაშიძის კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევად, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხის შესაფასებლად უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.