სიახლეები

პატიმრების მდგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშში

31.03.2014 • 1677
პატიმრების მდგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშში

 

მ.გ.-ს საქმე

2013 წლის 10 დეკემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულებაში შეხვდა და ესაუბრა მსჯავრდებულ მ.გ.-ს. მსჯავრდებულის განმარტებით, 2013 წლის 7 დეკემბრის საღამოს დაწესებულების თანამშრომელთან მოუვიდა უმნიშვნელო შელაპარაკება. ამ ფაქტიდან 5 წუთში ხსენებულმა თანამშრომელმა მ.გ.-ს უთხრა, რომ უფროსი ეძახდა და გაიყვანა საკნიდან. მსჯავრდებული შეიყვანა ადმინისტრაციის ერთ-ერთ ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ დაწესებულების დირექტორი, მისი ორი მოადგილე და სხვა თანამშრომლები. მ.გ.-ს ჰკითხეს, თუ რატომ შეაგინა თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მისი ცემა. მსჯავრდებულის გადმოცემით, ცემა გრძელდებოდა დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ გაიყვანეს ოთახიდან და წაიყვანეს საკნის მიმართულებით. დერეფანში გავლის დროს მ.გ.-მ სხვა საკნებში მყოფ მსჯავრდებულებს უთხრა, რომ ის ცემეს. მ.გ. დააბრუნეს ოთახში, დაადეს ხელბორკილები და განმეორებით ცემეს. პატიმარს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებების კვალი.

2013 წლის 11 დეკემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულ მ.გ.-ს ადვოკატის განცხადების საფუძველზე სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა.

 

დ.ბ.-ს საქმე

2013 წლის 30 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს დ.ბ.-ს. მსჯავრდებულის განმარტებით, 2013 წლის 25 სექტემბერს დაწესებულების თანამშრომელმა მოტყუებით გამოიყვანა საკნიდან, რის შემდეგაც დირექტორის მოადგილემ, რეჟიმის განყოფილების უფროსმა და ცვლის უფროსმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს A კორპუსის სამარტოო საკანში. დ.ბ.-ს გადმოცემით, სამარტოო საკანში შეყვანისას მას ხელებზე და ფეხებზე დაადეს ბორკილები, რის შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებულის განმარტებით, დაწესებულების დირექტორის მოადგილემ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახეში. დ.ბ.-ს თქმით, დაწესებულების თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში ბორკილდადებული დატოვეს სამარტოო საკანში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დ.ბ.-სთან გასაუბრებისას შედგენილი ოქმის ასლი შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 11 ნოემბრის №13/6703 წერილით გვეცნობა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №073250913005 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ხოლო მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება ცალკე წარმოებად არ დაწყებულა.

 

 ი.მ.-ს საქმე

2013 წლის 11 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ ი.მ.-ს. მსჯავრდებულის განმარტებით, 2013 წლის 5 აპრილს იგი გადაიყვანეს №6 დაწესებულებიდან №7 დაწესებულებაში, სადაც მიღებისას დაწესებულების დირექტორის მოადგილემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა.

 

ი.მ.-ს გადმოცემით, ის მოათავსეს დაწესებულების №7 საკანში, სადაც მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მიიყენა თვითდაზიანება. მისი თქმით, დაახლოებით სამი საათის შემდეგ გადაიყვანეს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაუმუშავეს ჭრილობები და დააბრუნეს №7 დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებულის განმარტებით, დაწესებულებაში დაბრუნებისას მას დახვდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და დაწესებულების დირექტორი. მათ ჰკითხეს    მსჯავრდებულს დაზიანებების მიყენების საფუძველი. ი.მ.-ს თქმით, მან მოუთხრო თანამშრომლებს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის თაობაზე და განუმარტა, რომ თუ ისევ დაწესებულებაში შეიყვანდნენ, კვლავ მიიყენებდა თვითდაზიანებებს ან თავს მოიკლავდა.

 

ი.მ.-ს გადმოცემით, იგი შეასახლეს №3 საკანში, სადაც მასთან ერთად დილამდე იმყოფებოდნენ №7 დაწესებულების თანამშრომლები, რათა არ მიეყენებინა თვითდაზიანება. მსჯავრდებულის განმარტებით, დილის საათებში მასთან კვლავ შევიდა დირექტორის მოადგილე გია, რომელიც მას კვლავ დაემუქრა, „აქ ამოგძვრება სულიო“. ი.მ.-ს თქმით, იგი იძულებული გახდა კვლავ მიეყენებინა თვითდაზიანება ქვედა კიდურებზე, რის შემდეგაც დაწესებულების დირექტორმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, „გაგაფუჭებო“. ასევე უთხრა, რომ №7 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს დასჯიდა მის გამო და შემდგომ მას უნდა გაეცა აღნიშნული მსჯავრდებულებისთვის პასუხი. მსჯავრდებულის გადმოცემით, ამის შემდეგ მან ყელის არეში მიიყენა თვითდაზიანებები. მსჯავრდებული აცხადებდა, რომ თავს არ გრძნობდა უსაფრთხოდ.

 

მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 23 აპრილის №13/43210 წერილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0732220413003 საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

 

უჩა ნანუაშვილი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: