სიახლეები

როგორ ესმით ლიბერალიზმი საქართველოში

31.03.2014 • 10396
როგორ ესმით ლიბერალიზმი საქართველოში

ვინ არის ლიბერალი და საქართველოში ვინ ჰგონიათ ლიბერალი?

ლიბერალია ადამიანი, ვისთვისაც პოლიტიკურად ყველაზე ღირებული პრიორიტეტებია სამართლიანობა, თავისუფლება, ისეთი პოლიტიკური წყობის მიღწევა, სადაც ძალაუფლება დაყოფილია და მას აკონტროლებენ. ლიბერალს სწამს პროგრესის და რეფორმის აუცილებლობის. თუმცა, უშუალოდ ლიბერალიზმის შიგნით სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოძრაობას უარსებია. მათ შორის ყოფილა ლიბერალური ანუ სამოქალაქო ნაციონალიზმი, ქრისტიანული ლიბერალიზმი, სოციალური ლიბერალიზმი, ისე როგორც ნეოლიბერალიზმი. ერთი ნებისმიერი ადამიანის ლიბერალიზმი შესაძლოა ამ და სხვა სააზროვნო ტრადიციების მიჯნაზე იდგეს, ან მათი ასპექტების კომბინაციას წარმოადგენდეს. მოკლედ, ლიბერალიზმი არ არის ერთი უნიფორმული და მონოლითური იდეოლოგია – არსებობს მისი სხვადასხვა მიმართულება და სააზროვნო ტრადიციები. მაგალითად, ეკონომიკური მოწყობის თვალსაზრისით, ნეოლიბერალი და სოციალური ლიბერალი განსხვავებული სახის სახელმწიფოებს უჭერენ მხარს.

რატომ ლანძღავენ საქართველოში ლიბერალებს და როდის გააქტიურდა ეს პროცესი?

ლიბერალებს ხშირად იმის გამო ლანძღავენ, რომ მათ ქართული ეკლესიის მტრად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ლიბერალიზმი არ გულისხმობს ეკლესიასთან თუ რწმენასთან ბრძოლას, ლიბერალურ საქართველოში ეკლესიასაც ისევე ექნება არსებობისა და საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს თუ სამოქალაქო გაერთიანებას. ლიბერალიზმი არც „სამშობლოს ღალატს“ გულისხმობს. მსგავსი აზრები მხოლოდ ყველაზე უმეცარ წარმოსახვაში შეიძლება დაიბადოს, რომელიც მითებით საზრდოობს.

ლიბერალიზმი მიზნად ისახავს შექმნას საერთო სივრცე, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება გარანტირებული სამართალი, თავისუფლება და მოქალაქეობრივი უფლებები. სრულიად აბსურდულია მოსაზრება, რომ ლიბერალური სახელმწიფოს შენების პროცესი ვიღაცის განადგურებაზე ან დაკნინებაზე უნდა იდგეს. პირიქით, საუბარი გვაქვს ისეთი სივრცის შექმნაზე, სადაც ყველა მშვიდობიანად ითანაცხოვრებს და გარანტირებული ექნება საკუთარი უფლებები, მათ შორის რწმენის თავისუფლება.

ასეთი კანონიერი და თავისუფალი სივრცის შექმნის პროცესში ადამიანის მახასიათებლებს თუ მის მიკუთვნებულობას რომელიმე ინსტიტუტისადმი, აზრი სულაც არ აქვს, რადგან ეს სივრცე საერთო მოხმარებისთვის იგება და ის ყველასია. თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ შეეწინააღმდეგოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ კურსს, განსაკუთრებით კი საყოველთაო სამართლისა და თავისუფლების დაცვასა და გამტკიცებას, ეს უკვე მისი ინდივიდუალური პრობლემა იქნება, როგორც მოქალაქისა. ცხადია, ლიბერალური სახელმწიფოს ხიბლი იმაშია, რომ ის ყოველთვის პატივს სცემს არჩევანს; მათ შორის არჩევანს – იყო თავისუფალი და სამართლიანი სახელმწიფოს მტერი.

რატომ გახდა საქართველოში ლიბერალიზმი სალანძღავი სიტყვა?

ამის მიზეზი ზოგადი უცოდინარობაა, რომლის მსხვერპლიც მარტო ლიბერალიზმი არ არის. ასევე, მნიშვნელოვანია მითებისა და ჭორების სიყვარული და მათთან მარტივად დანებება. ეს ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი სისუსტეა. როგორც ცნობილია, ამ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს ამხნევებს დეზინფორმაციული მედია, რომელსაც ქვეყნის, თითოეული მოქალაქის წინაშე სერიოზული ბრალი მიუძღვის. ეს არის „ასავალ-დასავალი“, რომელიც ყოველდღიურად წამლავს კოლექტიურ გონს.

<სტრონგ>ყველაზე ცნობილი ქართველი ლიბერალი – ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად გამოაცხადა. რატომ ხდება, რომ ლიბერალი ილია, რომელსაც თავის დროზე სწორედ ლიბერალობისთვის ლანძღავდნენ, შემდეგ წმინდანი გახდა, დღეს კი ლიბერალობა ისევ სალანძღავი სიტყვაა, ანუ ილიას ფასეულობები ისევ მიუღებელია?

ჩემთვის ილია ჭავჭავაძე შესანიშნავი მაგალითია გაქვავებული დროის. ქართული წარმოსახვა ყველაზე მეტად ამ გაქვავებულ დროში ცხოვრობს, ერთგვარი ადამური ბრწყინვალების ეპოქაში, ბიბლიურ მითოსში. ეს ის წარსულია, სადაც ყველაფერი კარგად არის, სადაც საქართველო ყველაფერია, რაც ის სინამდვილეში არ არის და, დიდი ალბათობით, არც არასდროს ყოფილა. ამ სამყაროში დრო არ მოქმედებს, იქ მუდმივი აწმყოა, სადაც გამოუკეტავთ გმირები, „დიადი ქართველები“, ათასობით წმინდანი. აქ ყოფნას, სამწუხაროდ, ალბათ ბევრი ჩვენგანიც ლამობს.

ილია ჭავჭავაძეც იმ დროში არის გამწესებული. სინამდვილეში, ილია ჭავჭავაძე ამქვეყნიური ადამიანი იყო, მოქალაქე. მის ნაწერებშიც და ცხოვრებაშიც ყველაზე მეტად აქტიური ცხოვრების კლასიკური იდეალი ჩანს. ეს ქმედების რეჟიმია, შემეცნების, განვითარების, წინსვლის. ვფიქრობ, ილიას ასეთი საქართველო სურდა: ქმედითი, მღვიძარე, მჩქეფარე. რატომღაც მგონია, რომ ილიას ძალიან გაახარებდა დღეს თუ ვინმე მოისურვებდა მისი ნაწერები გაეაზრებინა. სამწუხაროდ, დღეს ილიას ქვეყანა კვლავ მძინარე და ინერტულია, თავად ილია კი ხატად არის გადაქცეული და გაყინულ დროში გამწესებული.

რამდენად ობიექტურია მოსაზრება, რომ თანამედროვე ლიბერალიზმი არის „ტოტალიტარული“, რომ ლიბერალებიც ისეთივე რადიკალები არიან დღეს, როგორც, ვთქვათ, ფუნდამენტალისტი მორწმუნეები?

მსგავსი მოსაზრება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ადამიანს გაუჩნდეს, ვისაც არავითარი წარმოდგენა არა აქვს არც ლიბერალიზმისა და არც ტოტალიტარული აზროვნების შესახებ.

ცნობილი ქართველი მწერლები წერდნენ, რომ ლიბერალიზმი მიიჩნეოდა კომუნისტური იდეოლოგიის მტრად. ლიბერალიზმის მტრებს ახლა სძულთ დასავლური ღირებულებები: ისინი ლიბერალებს უწოდებენ „ლიბერასტებს“, ათეისტებს და ა. შ. ეს საბჭოთა იდეოლოგიის გაგრძელებაა?

ჩვენ გვქონდა აზროვნების ტრადიცია, სადაც თავისუფლებისა და მოქალაქეობის იდეა დომინანტური იყო. სწორედ ამის ნიმუშია ჯავახიშვილის, ჭავჭავაძისა და მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ნაწერები. შეიძლება თუ არა ეწოდოს მათ ნაწერებში არსებულ იდეებს კონკრეტული ტრადიცია, ეს შემდგომი კვლევის საგანია. მაგრამ, ახლაც ცხადია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ თავისუფლებისა და მოქალაქეობის სრულიად კონკრეტული იდეები. ეს იდეები კარდინალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც შემდგომში საბჭოთა კავშირი, დღეს კი მისი მემკვიდრეები ქადაგებენ. თავისუფალი აზროვნების ტრადიცია საბჭოთა კავშირმა ფიზიკურად ჩაკლა, ამ ტრადიციაში მოღვაწე ავტორების განადგურებითა და 70-წლიანი სრულიად დამაჩლუნგებელი პრაქტიკით, რომელმაც მოქალაქის ნაცვლად მონა შექმნა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, არსებობდა მონა, რომელსაც ბატონები სჭირდებოდა. ბატონის როლი საქართველოში ეკლესიამ იტვირთა, რომელიც დღემდე ენერგიულად განაგრძობს საქართველოს მოქალაქეებზე ინტელექტუალურ ტერორს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახით საბჭოთა კავშირს ღირსეული მემკვიდრე ჰყავს. შესაბამისად, არსებობს სერიოზული წინააღმდეგობა, რომელიც ტოვებს არჩევანს, ერთი მხრივ, ილია ჭავჭავაძეს, მიხეილ ჯავახიშვილსა და გრიგოლ ფერაძეს, მეორე მხრივ, კი, მეუფე იობს, მეუფე იაკობსა და სხვა სასულიერო პირებს შორის. ცხადია, არჩევანი აქაც ჩვენზეა.

ლიბერალი ხალხის მტერი როგორ საზოგადოებაში ხდება?

არათავისუფალ საზოგადოებაში – იქ, სადაც მითები ჯაბნის რეალობას, სადაც ადამიანები წარმოსახვითი წარსულის ტყვეობაში იმყოფებიან და მომავალს არ აშენებენ.

ქართული ლიბერალიზმის პრობლემა მის ფასადურობაშია. ის ცხოვრების წესი უფროა, რომელიც, სხვათა შორის, მაგონებს მე-18 საუკუნის პარიზის სალონურ ცხოვრებასა და იდეალებს, ვიდრე ცხოვრების ფილოსოფია და პოლიტიკური მოწყობის წესი. სამწუხაროა, რომ ლიბერალური პოლიტიკური ძალები საკმაოდ არასახარბიელო პოზიციაში იმყოფებიან. იმედია, ქართველი ლიბერალების ახალი თაობა, რომელიც ლიბერალიზმის არსს, საბედნიეროდ, უფრო უკეთ იცნობს, ლიბერალური საქართველოს ძალიან ნათელ და ყველასათვის გასაგებ სურათს ჩამოაყალიბებს. ასეთ ვითარებაში, ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დააფასებს ლიბერალიზმს, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე ღირსეულ წესს.

ლიბერალს ხშირად აიგივებენ ზნეობრივი და ეროვნული ფასეულობების მტერთან. რატომ?

ალბათ იმიტომ, რომ ქართული „ეროვნული ფასეულობები“, ჩემი დაკვირვებით, ძალიან მყიფე და საკმაოდ არაინფორმირებული რამაა. ისინი არ არსებობს არც ინსტინქტურად და არც გულწრფელად. თანამედროვე საქართველოში, სადაც ფსევდო-ქრისტიანული ღირებულებების დამცავი სასულიერო პირები ჰელოუნს – სრულიად უწყინარ დღესასწაულს არბევენ, მარტივად ივიწყებენ ისეთ ქართულ ტრადიციებს, როგორიც იყო ისპანახობა, ყეენობა და სხვა მრავალი წესჩვეულება. ტრადიციების ცოდნა ისტორიის ცოდნას ნიშნავს. ისტორია კი, ზოგადი განათლების მსგავსად, საქართველოში არასახარბიელო ვითარებაშია.

და ბოლოს, გულწრფელად არ მესმის რომელი ეროვნული ფასეულობით შეიძლება იამაყოს ერმა, თუკი ის ვერ აფასებს ყვეალაზე მთავარ ადამიანურ და მოქალაქეობრივ ღირებულებას, რომელიც გახლავთ საკუთარი და სხვისი თავისუფლების დაცვა და პატივისცემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: