მთავარი,სიახლეები

პატიმარი ბათუმის ციხიდან აცხადებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ და მინისტრს მიმართავს

06.04.2017 • 1920
პატიმარი ბათუმის ციხიდან აცხადებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ და მინისტრს მიმართავს

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი ლეონიდე მ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სთხოვს, მის საკანში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში პატიმარი მიუთითებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ.

„2017 წლის 31 მარტის დაახლოებით 19:00 საათიდან ვიმყოფები #110 საკანში, სადაც მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტრონულ-ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობა. კერძოდ, ის უნდა მიმდინარეობდეს პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. ჩემზე კი ელსაშუალებით კონტროლი მიმდინარეობს უკანონოდ. კერძოდ, არ შედგენილა პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ოქმები, სადაც მითითებული უნდა იყოს, რა სახის ელ.საშუალებებით და რა მიზნით ხორციელდება ჩემზე თვალთვალი. ასევე არ არის დირექტორის ბრძანება“.

ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ასევე თავისი სიმართლის დასამტკიცებლად პატიმარი ითხოვს შეინახონ მის საკანში განთავსებული ვიდეო სათავლთავლო კამერის ჩანაწერები 31 მარტიდან იმ დრომდე, რა პერიოდშიც მას უთვალთვალებენ. პატიმარი ასევე ითხოვს დერეფანში განთავსებული კამერის ჩანაწერის ამოღებასაც. „მივმართავ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს, შეინახოს ზემომოთხოვნილი ჩანაწერები, რათა დამტკიცდეს ჩემ მიმართ განხორციელებული უკანონობა და მე შევძლო ჩემი უფლებების დაცვა სხვადასხვა ორგანოსა თუ სასამართლოში. ამ ჩანაწერის შენახვა აუცილებელია, ვინაიდან როგორც არაერთხელ მომხდარა, შედგება ცრუ ოქმები და ბრძანებები“, – წერს ლეონიდე მ.

პატიმარი თხოვნით  მიმართავს საქართველოს ომბუდსმენს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორსაც. პატიმარი ასევე მიმართავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარეს. ის ანა ნაცვლიშვილს სთხოვს, საიამ გაუწიოს მას იურიდიული კონსულტაციები.

საპატიმრო დაწესებულებიდან წერილის გამოგზავნის თარიღად მითითებულია 4 აპრილი. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს და იკითხა, აპირებეს თუ არა უწყება პატიმარ ლეონიდე მ-ს მიერ განცხადებაში მითითებული მოთხოვნის – კერძოდ, სათვალთვალო კამერის ჩანაწერების ამოღებასა და შენახვას? ამასთან დაკავშირებით სამინისტროდან წერილობით გვაცნობეს:

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულება განსაკუთრებული რისკის დაწესებულების ტიპს მიეკუთვნება, რომელშიც საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულები იხდიან სასჯელს. კანონის შესაბამისად,  საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულზე მიმდინარეობს ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა.  ელექტრონული საშუალებებით  მეთვალყურეობის საკითხი „პატიმრობის კოდექსის“ 54-ე მუხლისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით რეგულირდება. ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის შემთხვევაში, დგება შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელშიც მეთვალყურეობის მიზანი და საფუძველია მითითებული. თუ მსჯავრდებული არ ეთანხმება მას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ღონისძიებით ილახება მისი უფლებები, შეუძლია სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს. მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადები და დაარქივების საფუძველი განსაზღვრულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 120 საათისა. დაარქივება კი, ამავე ბრძანებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ხდება“.

რაც შეეხება კონკრეტულად მსჯავრდებულ ლ.მ-ს, მასზე ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა კანონის თანახმად მიმდინარეობს, რაზეც შედგენილია შესაბამისი სამართლებრივი აქტი. მასალის დაარქივება მოხდება „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის“ შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: