სიახლეები

ეს მე, შენ – ყველას ერთად გვეხება

19.03.2014 • 1613
ეს მე, შენ –  ყველას ერთად გვეხება
ნათია როყვა

ნათია როყვა

საიას იურისტმა დარბაზში შეკრებილებს დახმარება სთხოვა, დახმარება ხელმოწერების შეგროვებაში. არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აპირებენ ხელმოწერები შეაგროვონ პარლამენტში შესატანად, ხელმოწერებისა და საკანონმდებლო ინიციატივით კი ისინი პარლამენტს სთხოვენ კანონი შეიცვალოს და ფარულად მიყურადება სასამართლოს ნებართვის გარეშე აიკრძალოს. ასეთი კანონპროექტი, როგორც ვიცი, პარლამენტში უკვე შეტანილია, მაგრამ რომ მოვიკითხე, მითხრეს „თაროზეა შემოდებულიო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთდროულად ათი ათას ადამიანს მოუსმინოს – თქვა შეხვედრაზე მყოფმა კიდევ ერთმა იურისტმა. რა გამოდის?! გამოდის ის, რომ ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება, პატიმარი ციხეში ისევ კვდება და ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, ის რომ მოკლეს. ექსპერტიზის დასკვნას ოჯახს ჯერ არ აცნობენ, საქმეს იძიებენ, მაგრამ ბრალდებული არავინ არაა გარდაცვალებიდან ათი დღის შემდეგაც კი. ციხის დირექტორი და მისი მოადგილე, რომლებიც ათეულობით წამებაში არიან ბრალდებულები, გირაოს საფუძველზე გარეთ არიან. სახალხო დამცველი გასული თვის ანგარიშში წერს, რომ პატიმრები ისევ არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. ეზღუდებათ პაემანის, სეირნობის უფლება, ხელმძღვანელები მკაცრად ექცევიან. ომბუდსმენი მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს, უწყება კი კომენტარს არ აკეთებს…

ზოგჯერ ჩემი რესპონდენტები მეუბნებიან – «იქნებ, ამ თემაზე ტელეფონში არ ვილაპარაკოთ», «ტელეფონით ამის თქმა არ მინდა», «მირჩევნია გნახო, ვერ დაგელაპარაკები»… სულ ვფიქრობდი, რომ ადამიანებს, მათ შორის ჩემს რესპოდენტებს, გადაჭარბებული შიშის სინდრომი ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე მეც მჯერა, რომ მისმენენ, გვისმენენ;

ის აპარატი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დგას ყოველთვის, ავტომატურად იწერს ყველა ადამიანის საუბარს და მერე ასევე ავტომატურად იშიფრება ყველაფერი, ვისი საუბარიც აინტერესებთ.

ალბათ ბებიას არ უსმენენ, რომელიც პენსიონერია და შინ ზის. ალბათ 4 მილიონი ადამიანის მოსმენა შეუძლებელიცაა…

მგონია, რომ სახელმწიფო ამ მოსმენებზე არასოდეს იტყვის უარს. მიუხედავად ამისა მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არასამთავრობო სექტორის წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, ჩემი, შენი, თქვენი, ყველასი ჩართვა და აქტიურობა – საკანონმდებლო ცვლილება ძალიან გვჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ ნებისმიერ პროკურორს და გამომძიებელს როცა მოეპრიანება, მაშინ არ გვისმინოს. და თუ მაინც მოგვისმენს და ეს დადასტურდება, კანონით დაისაჯოს. ახლა ამის არავითარი ბერკეტი არ არსებობს.

იმედი მაქვს, ჩვენი აქტიურობისა და კანონის შეცვლის შემთხვევაში, სასამართლო ასეულობით ადამიანის მოსმენისა და მიყურადების უფლებას ერთდროულად არ მისცემს, შესაბამისად, გაჩნდება მეტ-ნაკლები პერსპექტივა, რომ ადამიანების პირადი ცხოვრება ამ ქვეყანაშიც პოლიციელებისგან, პროკურორებისგან თუ სხვა «ჯურის მოხელეებისგან» დაცული იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: