„ეპისკოპოსმა მითხრა, რომ მომკლავენ“ – დეკანოზ მამალაძის ძმა


დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა – თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ ერთ-ერთი ეპისკოპოსი დაემუქრა და უთხრა, რომ მოკლავენ.

„ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი რო რაც ჩემმა ძმამ მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი რამაც დიდი გამოხმაირება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ), რომელმაც დამემუქრა და მითხრა, რომ მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ეხლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება. მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!“ – წერს „ფეისბუქში“ თორნიკე მამალაძე.


დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“

გიორგი მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა. დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ აქ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი