ნეტგაზეთი • RU

რას ითხოვს ბარაკებსა და ავარიულ სახლში მცხოვრები მოსახლეობა

 

დღეს თამარის დასახლებასა და ლერმონტოვის 102 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაცია „მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრთან“ ერთად ქალაქის მმართველობასთან შეხვედრას ითხოვდა.  

 

თამარის დასახლებაში, ბარაკებში, მცხოვრები მოსახლეობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბათუმის მერიამ  მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაუფორმა და ახალ საცხოვრებელ სახლში გადაყვანას დაჰპირდა, ისინი დღემდე ბარაკებში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.  

 

ლერმონტოვის #102-ში, ავარიულ სახლში, მცხოვრებ მოსახლეობას კი სხვა პრობლემები აწუხებს. სახლის გასამაგრებელი სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სახლში მცხოვრებ ოჯახებს ქალაქის თვითმმართველობა თვეში 300 დოლარის ექვივალენტს გადაუხდის ლარში, რათა მათ ბინის ქირაობა შეძლონ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ეს პირობები მათ არ მოსწონთ.

 

„ისინი შიშობენ, რომ ჰაერში არ დარჩნენ, მხოლოდ 300 დოლარით და სახლის გარეშე“ – ამბობს „მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი კოკი კვერნაძე. „ჩვენ გვინდოდა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს შევხვედროდით, მაგრამ ეს არ მოხერხდა, საკრებულოს თავმჯდომარე არ იყო, თუ არ ისურვა შეხვედრა და ამ ადამიანებმა პასუხი კითხვებზე ვერ მიიღეს.“ – ამბობს კოკი კვერნაძე. მისივე თქმით, „მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრს“ ამ მოქალაქეებმა განცხადებით მიმართეს.  

 

მოქალაქეებს ქალაქის მერის თანაშემწე რომან დუმბაძე შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ბათუმის მერიის პოზიცია  მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"