მთავარი,სიახლეები

მოქალაქე ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლის საშუალებას არ აძლევენ

16.03.2017 • 2440
მოქალაქე ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლის საშუალებას არ აძლევენ

ბათუმში, რუსთაველისა ქუჩის #7-ში მდებარე კორპუსში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ერთ-ერთი ბინის მეპატრონე აივნის გადახურვის ნებართვას ითხოვს. ჯონი ჯაიანი ამბობს, რომ მისი ბინის აივნიდან მეზობლის ბინაში წყალი ჩადის.

„… მინდა ეს პრობლემა დროულად მოვაგვარო, რადგან სამსახურში როცა გამომიძახებენ, ქალაქში რამდენიმე თვე არ ვიქნები. მეზღვაური ვარ და მორიგი გასვლა მექნება მალე. სააგენტოს მივმართე, მისული ვიყავი, წერილობით არ მიმიმართავს. მითხრეს, რომ პროექტი ხელახლა უნდა მოვამზადო, რაც დროსა და თანხას უკავშირდება, მითუმეტეს, რომ პროექტი უკვე მაქვს…“

აივნის გადახურვის პროექტით ჯონი ჯაიანს სააგენტოსთვის 2014 წელს მიუმართავს და ნებართვაც მიუღია. სააგენტოსთან იყო შეთანხმებული სახურავის მასალა და მისი ფერიც, რომლითაც მოქალაქეს აივანი უნდა გადაეხურა:

„უნდა ყოფილიყო ყავისფერი, რაც ბაზარზე არ იშოვებოდა, ამიტომ ლურჯი გამოვიყენე, რის გამოც დამაჯარიმეს. შემდეგ,, როცა ავუხსენი, რომ ვერ ვიშოვე ამ ფერის მასალის, გამოყენებაზე შევთანხმდით… “

ჯონი ჯაიანი საკუთარი ბინის აივანზე

ჯონი ჯაიანი საკუთარი ბინის აივანზე

გასულ ზამთარს, ცუდმა ამინდმა მოქალაქის მიერ 2014 წელს დამონტაჟებული აივნის სახურავი ხელახლა დააზიანა. ამის გამო მეზობლებს პრობლემები ისევ შეექმნათ:

„ამიტომ ვცდილობდი იმ დაზიანებული ნაწილის ისევ დაფარვას, მაგრამ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამუშაოები გამაჩერებინა და სააგენტოდან ნებართვა მომთხოვა. მივმართე სააგენტოს. მითხრეს, რომ პროცედურა ხელახლა უნდა დამეწყო, ისევ უნდა მომემზადებინა პროექტი და ასე შემდეგ… მე ვიცი, რომ ეს ძეგლია და არაფრის შეცვლას არ ვეგმავ, მაქვს მოტივაცია, რომ მოვუარო როგორც ძეგლს, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლევა“, – ამბობს ჯონი ჯაიანი.

„ბათუმელები“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილებას დაუკავშირდა. განყოფილების უფროსის მირზა ცეცხლაძის განმარტებით, ჯონი ჯაიანს სახურავის აღდგენაზე ნებართვის მისაღებად რთული პროცედურის გავლა არ მოუწევს:

„… არავინ არ შეუქმნის სახურავის აღდგენაზე პრობლემას. პირიქით, როცა არის სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროება, მოქალაქემ უნდა მოგვმართოს, რომ გავცეთ შესაბამისი ნებართვა. მოქალაქე, რომელზეც თქვენ საუბრობთ იყო სააგენტოში მოსული, მას განვუმარტეთ, რომ უნდა დაწეროს განცხადება, რასაც უნდა დაურთოს კულტურული მემკვიდრეობის მოსაკრებლის ქვითარი [50 ლარი], მოიტანოს ასევე განმარტებითი ბარათი, ანუ სამუშაოს აღწერა, სამუშაო მასალა, ფოტომასალა, გეგმა-გრაფიკი, რაც საჭიროა ნებართვის მისაღებად. სიტუაციური გეგმა, საკადასტრო რუკა, შესაბამისი ნაწილის ანაზომები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც უკვე წარმოდგენილი აქვს, აღარ დაჭირდება. მითითებას გააკეთებს იმაზე, რაც აქვს წარმოდგენილი და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ უკვე ჩვენთან არსებული მასალებით, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა და განვუმარტეთ, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხელახლა გადახუროს აივანი.“

ჯონი ჯაიანმა „ბათუმელებთან“ სადარბაზოს პრობლემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სადარბაზოდან ინტენსიურად ცვივა ბათქაში და ასავლელი კიბეც მწყობრიდანაა გამოსული. მოძველებულია ასევე ელექტროგაყვანილობაც, რომლის გამო ერთხელ კორპუსში ცეცხლიც გაჩნდა. ჯონის თქმით, მეზობლებს ამ ყველაფრის მოწესრიგება საკუთარი სახსრებითაც შეუძლიათ, მაგრამ მათ სააგენტოსგან ნებართვის მიღების გრძელვადიანი პროცედურა აშინებთ. სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ.

17349280_1643848615644558_1088713270_o

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სადარბაზო

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სადარბაზო

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

გადაბეჭდვის წესი