მთავარი,სიახლეები

არმაზ ახვლედიანი: არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს აწყობდათ ეს აქცია

12.03.2017 • 2915
არმაზ ახვლედიანი: არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს აწყობდათ ეს აქცია

11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ „ბათუმელები“ პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

ბატონო არმაზ, ხედავთ თუ არა გარკვეულ ძალებს ამ აქციის უკან? დღეს გაკეთდა განცხადებები, სადაც მთავრობა მიუთითებს “ნაციონალური მოძრაობის“ როლზე, რომელმაც გუშინ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს, თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების ეს მითითება?

სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა საქართველოში, რომ ხელისუფლება  მის საწინააღმდეგოდ მიმართულ ნებისმიერ მკვეთრ ქმედებას აბრალებს ოპონენტს ან ოპონენტებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ასეა და პრაქტიკულად ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ახერხებდა და ვერ ახერხებს დღესაც, რომ იფიქროს საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რომ იქნებ  მისი ბრალიცაა, რომ ასე მოხდა ან ასე ხდება. ვფიქრობ, რომ ასეთი სურათია ახლაც.

ვწუხვარ, რომ ასეთი ვანდალიზმი დატრიალდა ამ დილით ჩვენს ქალაქში, მაგრამ ვფიქრობ, ამ საქმეს დასჭირდება არა უბრალოდ გამოძიება პროკურატურის მიერ, არამედ გამოძიება, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული და გათვალისწინებული საზოგადოებრივი აზრი.  ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან სუბიექტური დასკვნა და ეს საქმეც, როგორც სხვა არა ერთი, შემოიდება თაროზე.

მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი შესაძლოა  იყო მართული, მაგრამ ვის მიერ – ამ კითხვას ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

ჩემთვის რამდენიმე კითხვაა პასუხგაუცემელი: რატომ არ რეაგირებდა პოლიცია ამდენი საათის განმავლობაში? რატომ მიეცათ შესაძლებლობა  ე.წ. მომიტინგეებს, რომ დაეწყოთ დარბევა და გვენახა ეკრანზე ის ვანდალიზმი, რაც ვნახეთ?  რატომ იყო ასეთი დაგვიანებული რეაგირება? რატომ არ შეხვდნენ ამ (რბილად ვამბობ) გაღიზიანებულ ნაწილს საზოგადოებისა ხელისუფლების წარმომადგენლები? მე არ ვგულისხმობ იმას, რომ იქ ცალკეული დეპუტატები იყვნენ,  სად იყო ამ დროს ქალაქის მერი?  თუ აჭარის თავმჯდომარე არ იმყოფებოდა რეგიონში, გასაგებია მიზეზი, მაგრამ ხომ არიან  მინისტრები და ბოლოს და ბოლოს, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ არის ადგილზე, რომელიმე მინისტრი უნდა ასრულებდეს მის მოვალეობას.

თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბათუმის მერიც იმყოფებოდნენ აქციაზე…

მე იქ ბათუმის მერი არ შემინიშნავს, ცოტა გვიან გამოჩნდა ალბათ. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მარტო ყოფნა საქმეს არ შველის. ხელისუფლებას უნდა შეეძლოს საკუთარ ხალხთან საუბარი, მიუხედავად იმისა,  ხალხი როგორც არ უნდა იყოს გაღიზიანაბული, ან იქნებ გაბოროტებულიც. უნდა მიესვლებოდეს, უნდა უსმენდნენ მათ. და თუ ხედავ, რომ აღარ გისმენენ, არაადეკვატურია ამ ჯგუფის დამოკიდებულება და უხეშად არღვევენ კანონს, მაშინ საჭიროა  დროულად და კანონის ფარგლებში რეაგირება. აი, ამ კითხვებზე პასუხი გასაცემია.

თქვენ გაქვთ ამ კითხვებზე პასუხის თქვენი ვერსია?

შეიძლება ვერსიის დონეზე აზრი გამოითქვას. მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს აწყობდათ კიდეც ეს სურათი. ქვეყანაში არის იმდენი მძიმე პრობლემა, რომ აქცენტების გადატანა ზოგჯერ ხელისუფლებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. ეს არ არის ახალი, სააკაშვილის დროს სავსე იყო ასეთი მაგალითები და სხვა დროსაც.

ვერავინ დამაჯერებს, რომ ბათუმის ქუჩებში გამოვიდნენ ახალგაზრდები ისე, როგორც გამოდიან ხოლმე დასავლეთში, ჩვენ ვხედავთ ხოლმე ფეხბურთის მატჩის შემდეგ რომ გაღიზიანდებიან ახალგაზრდები და ყველაფერს ანგრევენ. ეს არ იყო ეს შემთხვევა.  ასე სპონტანურად ეს ვერ მოხდებოდა. უკვე ითქვა და დავეთანხმები, რომ ფაქტობრივად ეს იყო ორი სხვადასხვა აქცია, ერთი – რომელიც დღისით ჩატარდა, სადაც ადამიანები ითხოვდნენ დაპატიმრებულების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გაშვებას სამსახურიდან და მეორე აქცია – რომელიც გვიან ვიხილეთ და ეს იყო კლასიკური ვანდალიზმი.

გაჟღერდა ვერსია, რომ შესაძლოა ეს აქცია იყოს ერთგვარი გამოძახილი ძალოვანებს შორის გარკვეული დაპირისპირებისა და ანგარიშსწორებისა, თქვენ თუ განიხილავთ ასეთ ვერსიას?

ვერსიის დონეზე ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაქცეულა მაშინ ჩვენი ქვეყანა თუ ასეთი მდგომარეობაა და ძალოვანები ასე არჩევენ ერთმანეთთან საქმეს.  თუ იმ ვერსიას განვავითარებთ, რასაც პრემიერ-მინისტრი დღეს გვეუბნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთით მოხდა (არ დაუსახელებია, მაგრამ მგონი ყველამ იგულისხმა, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“), მით უარესი ხელისუფლებისთვის.   რას აკეთებენ სამართალდამცავი ორგანოები? რისთვის არსებობს სუსი, აქამდე უნდა მივიდეს საქმე? ყველა შემთხვევაში სახეზეა ხელისუფლების სრული უნიათობა. ეს არის ბინძური საბჭოთა ტრადიცია, რომ ყველგან და ყველაფერში ეძებ მტერს და ბნელ ძალებს და არ გინდა გაიგო, რომ შენი უნიათობა არის მნიშვნელოვან წილად მიზეზი იმისა, რაც ხდება.

ზოგადად, ამ პრობლემის განხილვა ჩვენ გვმართებს ერთ დიდ კონტექსტში. საჭიროა იმის გააზრება, რა ხდება რეგიონში, მთლიანად ქვეყანაში. თუ ავიღებთ რეგიონს, ვფიქრობ, რომ აქ პრობლემების სათავეა ის, რომ ვერა და ვერ მოხერხდა, ადგილობრივი ხელისუფლება იყოს მეტ-ნაკლებად ობიექტური.  აჭარაში გრძელდება წარუმატებელი სახელისუფლებო ექსპერიმენტი.  ვერც წინა მთავრობამ, ვერც დღევანდელმა, ვერ შეძლო, რომ მეტ-ნაკლებად მაინც ყოფილიყო ჩვენი საზოგადოების, აქაურების ინტერესების, აზრისა და სურვილების გამომხატველი.

აჭარაში, რეგიონში, მთელს საქართველოში, დემოკრატიული არ არის მმართველობა და ეს იწვევს იმას, რომ შეიძლება ჩვენ ასეთი ვერსიები განვიხილოთ, რაზეც ახლა ვსაუბრობდით, რომ შეიძლება ძალოვანები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ან შეიძლება ხელისუფლება თავად გეგმავდეს სხვა თემების გადასაფარად, ან ოპოზიციამ ეს შეძლოს.  ყველა ვერსიის შემთხვევაში ეს მიუთითებს იმაზე, რომ არადემოკრატიულმა მმართველობამ პრაქტიკულად გარყვნა ეს ხელისუფლება და ვინ იცის, კიდევ რა შედეგებამდე მიგვიყვანს.

გუშინ აქციაზე ისმოდა  შეძახილები: „აჭარა აჭარლებს, “გორელი” და ა.შ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არსებობს ეს თემა ჯერ კიდევ აჭარაში?

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აჭარაში ეს თემა არ არსებობს და მე არ ვიცნობ არც ერთ ადგილობრივს, აჭარელს, აჭარაში მცხოვრებ ადამიანს, რომელიც ასე  ფიქრობს, ასე მსჯელობს.

არ შეიძლება უფრო მეტი ავნო აჭარას და მთელ საქართველოს, თუ არა ასეთი ფიქრით. პრობლემა ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვაი, რომ დღესაც არიან ძალები, რომლებიც ასეთი მგრძნობიარე თემით სპეკულირებას ახერხებენ და ვიღაცები წამოეგებიან ხოლმე ამ ანკესზე.  მე ვფიქრობ, რომ ამასთან გვაქვს საქმე, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი გააზრებული სტრატეგია, როგორ არ უნდა იგრძნოს საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ჯგუფმა, მთაში თუ ბარში, თავი გაუცხოებულად.

ყველას ვურჩევდი, რომ ფრთხილად იყვნენ, იმიტომ, რომ ეხებიან სათუთ და მნიშვნელოვან საკითხს, ბევრმა მოიტეხა კიდეც კისერი, როცა ამ საკითხს უხეშად და უდიერად შეეხო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: