ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მოკლული მარიამ კოჩალიძის ოჯახი გარდაცვლილის ნივთების დაბრუნებას ითხოვს. უზენაესი სასამართლოს განმარტებით კი, ვიდრე მკვლელობაში ბრალდებულს არ დააპატიმრებენ და გამოძიება საქმეზე სასამართლოს ყველა ინსტანციაში არ დასრულდება, პროკურატურა მარიამის ნივთებს, ტანსაცმელს, ჩანაწერების რვეულს და კომპიუტერს ოჯახს ვერ დაუბრუნებს.
ეს ნივთები – მათ შორის ტელეფონი და კომპიუტერი საქმესთან ერთად, როგორც ნივთმტკიცება პროკურატურაში ინახება.
2013 წლის 16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიამ კოჩალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მოჰამმადამინ როოინტანი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოჰამმადამინ როოინტანი სარფის საბაჟო პუნქტის გავლით მკვლელობის დღეს, 2013 წლის 22 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდა. მისი ადგილსამყოფელი ქართველი სამართალდამცავებისთვის უცნობია.