„ძალიან დიდი ხნის წინ გავაგზავნეთ ფესტივალზე განაცხადი, არ ველოდით გამოხმაურებას. მართალია ამ სპექტაკლით, უკვე ვიყავით ევროპაში ფესტივალზე, თუმცა მაშინ საპატიო სტუმრის სტატუსი გვქონდა, ფესტივალი გავხსენით. ახლა კი ფესტივალის მონაწილეები ვართ კონკურსანტის სტატუსით,“ – ამბობს გიორგი ჩხაიძე, „ექსპერიმენტალური თეატრი ყველგან“ დასის რეჟისორი.
ინტერნაციონალური თეატრალური ფესტივალი რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ფლორიდის ქალაქ ვენისში, ორ სახელს ატარებს – „ფესტივალი სამოთხეში“ და „ამერიკის გაერთიანებული თეატრების მსოფლიო ფესტივალი“. მისი ორგანიზატორები, ვენისის დრამატული თეატრი და ამერიკის გაერთიანებული თეატრების ასოციაციაა. ფესტივალის 110000$ შეადგენს, სხვადასხვა გრანტებისა და სპონსორების გამოკლებით.
ფესტივალში ყოველწლიურად თხუთმეტამდე ქვეყნის პროფესიული თეატრალური დასები მონაწილეობს, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ეს არის საუკეთესო საშუალება მთელი მსოფლიოდან მოწვეული დასების გაცნობის და დამეგობრების. ასევე გამოცდილების გაცვლის და ვორკშოფების გამართვის. ფესტივალი კონკურსის სახეს ატარებს, გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადაეცემა.
ფესტივალზე დასი სრული შემადგენლობით მიემგზავრება. სპექტაკლის რეჟისორი და ორგანიზაციის დირექტორი გიორგი ჩხაიძე, გრიმიორი, მხატვრული-კოსტუმერი, სცენის მემანქანე და ექვსი მსახიობი.
„ამ სპექტაკლით ნამდვილად არ ველოდი ასეთ წარმატებას, მოწვევა მივიღეთ მეორე კონტინენტიდან და გვახარებს წარმატება თუმცა ნომინაციებში გამარჯვების მოლოდინი არ გვაქვს. ფესტივალის ხარჯები საკმაოდ დიდია, 29 საათი მარტო ფრენისთვისაა საჭირო. უკვე განვაახლეთ რეპეტიციები, ბათუმელ მაყურებელს წასვლამდე შევთავაზებთ განახლებულ სპექტაკლს.“ – ამბობს გიორგი ჩხაიძე.
წელს ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 16 თეატრალურ დასს უმასპინძლებს: (არგენტინა, ავსტრალია, აზერბაიჯანი, კანადა, დანია, საქართველო, გერმანია,იტალია, ისრაელი, ლატვია, რუსეთი, სინგაპური, ბანგლადეში, აფრიკა, ტოგო, და აშშ-ს დასები). წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე სპექტაკლი, 20 მასტერკლასი. განსაკუთრებული სტუმარი იქნება ბენ ვერეენი.