ნეტგაზეთი • RU

დელფინარიუმის დირექტორი არასამთავრობოს პრეტენზიებს პასუხობს

 

შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენრტრის“ დირექტორი ნატალია ზოიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას პასუხობს.

 

ნატალია ზოიძის განცხადებით, პრობლემები, რომელიც „6 მაისის პარკში“ და, ზოგადად, მათი მმართველობის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებში დაგროვდა, სწორედ მერიისგან მიიღეს მემკვიდრეობით.

„დელფინარიუმიც, პარკიც და ზოოკუთხეც, როგორც ვიცით, მთლიანად „ქართუ ჯგუფმა“ აღადგინა, თუმცა ამ პარკის მერიის დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ, ბევრი ტექნიკური პრობლემა დაგროვდა. თვეების განმავლობაში ჩაბნელებული იყო პანორამული ბორბალი (ე.წ ეშმაკის ბორბალი), რომლის განათება ჩვენს მმართველ კომპანიას „მენეჯმენტ სერვისს“, 135 ათასი ლარი დაუჯდა. ამ ბორბალის მოვლა-პატრონობა ისევ ჩვენს ვალდებულებებშია. ჩვენი ორგანიზაციის წლიური შემოსავლები დაახლოებით ორი მილიონი ლარია, ამიტომ კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ დოტაციაზე ვიმყოფებით.

 

გარდა ამისა, მერიის დაქვემდებარებაში ყოფნის დროს, პარკში სამი სკამი იდგა მხოლოდ, რის გამოც მოსახლეობა დასვენებას ვერ ახერხებდა, ჩვენზე დაქვემდებარების შემდეგ კი,  პარკში 120 სკამი დაიდგა. სკამების გვერდით კი სანაგვე ურნები განვათავსეთ. მაშინდელი დაცვის პოლიცია ვერც დაბალი განათებების დაცვას უზრუნველყოფდა, რის გამოც სოკოსებრი განათებების თავსახურები დაიკარგა.

 

პარკის განათების განახლებას მთლიანობაში 500 ათასი ლარია სჭირდება. ხარჯთაღრიცხვა უკვე წარვუდგინეთ მმართველ კომპანიას და თვის ბოლომდე მივიღებთ პასუხს“, – აცხადებს ნატალია ზოიძე

 

რაც შეეხება მერიას, დელფინარიუმის დირექტორის განცხადებით მერიამ თავისი წილი ვალდებულება ვერც ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარებაზე აიღო:

 

„მთელი წლის განმავლობაში ვწერდით მერიას და შპს „ნიუ-ენერჯისაც“, რომელიც პარკში მერიის ნებართვის შემოვიდა, რომ მათ მიერ დაზიანებული ბილიკები და შემოსასვლელი გზები აღედგინათ, თუმცა უშედეგოდ. იმედი გვაქვს, წელს მაინც მოაგვარებენ ამ პრობლემას“.

 

დაბალი განათების ბოძი 6 მაისის პარკში

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე