სიახლეები

საკრებულოს უმრავლესობა მერის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს

17.01.2014 • 1499
საკრებულოს უმრავლესობა მერის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს

კანონმდებლობით ბათუმის მერის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება დააყენოს საკრებულოს თავმჯდომარემ ან მოქმედი მერი თავად წერს განცხადებას გადადგომაზე, რომელსაც საკრებულო ან აკმაყოფილებს, ან – არა. მისი გადაყენების უფლება არც ერთ სხვა სამთავრობო სტრუქტურას არ აქვს. ამის მიუხედავად, ჯემალ ანანიძე გუშინ მაინც დაიბარეს აჭარის მთავრობაში, რასაც თავის მხრივ არც ჯემალ ანანიძე ადასტურებს და არც მთავრობის პრეს სამსახური. ამ სამსახურის ხელმძღვანელის, ნათია სირაბიძის თქმით, ჯემალ ანანიძე გუშინ მთავრობაში არ ყოფილა. შესაბამისად, არც  არჩილ ხაბაძეს შეხვედრია.

ჯემალ ანანიძის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარე ჭორს უწოდებს. „ეს ყველაფერი ჭორია და მე ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

25-წევრიანი საკრებულოს დეპუტატები კი, რომელთა უმრაველსობაც ღიად აფიქსირებს, რომ წინააღმდეგია მერის გადაყენების, ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯემალ ანანიძის გადაყენების საკითხი ამ კვირის დღის წესრიგში ნამდვილად იდგა და ამის მიღწევას მთავრობა მაქსიმუმ იანვრის ბოლომდე გეგმავს. დეპუტატები –  ზაურ ფატლაძე, კობა ზაქარია, გიორგი დიასამიძე, გენო თებიძე, ნაზი ფუტკარაძე, ჯუმბერ კახიძე, გიორგი კირთაძე, მარიზა აბაშიძე, ალეკო ჩხარტიშვილ, ნუკრი დოლიძე, ბესარიონ ჭოხონელიძე, მანანა ილურიძე და ჯუმბერ კობალაძე საჯაროდ აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს ჯემალ ანანიძის გია ერმაკოვით ჩანაცვლებას. დეპუტატია – ნაზიბროლა ქობულაძე ამბობს, რომ არ უჭერს მხარს ჯემალ ანანიძის მერობას, ხოლო სხვები ამბობენ, რომ ფრაქციაში მოილაპარაკებენ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ყველა მათგანი ამბობს, რომ მერის საქმიანობას დადებითად აფასებს.

„არის საუბარი ვიღაც ვიღაცეებზე, თუმცა არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს. ჩვენ ორჯერ დავუჭირეთ მხარი ჯემალ ანანიძეს ამ თანამდებობაზე. მეორედ მაშინ, როცა თავად გააკეთა განცხადება გადადგომაზე. ჩვენ მას ორჯერ გამოვუცხადეთ ნდობა, ამიტომ  ცოტა არ იყოს უხერხულია ამ საკითხის წამოწევა ხელახლა. თუ ჯემალ ანანიძის მიმართ რაიმე იძულებითი ღონისძიება უნდა გატარდეს, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. მე, როგორც საკრებულოს წევრი, მივიჩნევ, რომ ჯემალ ანანიძემ უნდა ჩაამთავროს მუშაობა მერის არჩევნებამდე და თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მე, პირადად, ძალიან მესიამოვნება. ჩვენ ახლა სათამაშო  პერიოდი არ გვაქვს. ეს არის გარდამავალი პერიოდი და უფრო მეტი სტაბილურობა გვჭირდება.  ასეთმა გადაწყვეტილებებმა კი გამორიცხული არ არის, რომ საკრებულოში გარკვეული დაძაბულობა გამოიწვიოს“, – უთხრა „ბათუმლებს“ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავჯდომარემ გენო თებიძემ.

„ბათუმელების“ ინფორმაციას, რომ ჯემალ ანანიძე აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში დაიბარეს, ადასტურებს  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძეც:

„მეც მესმის კულუარებიდან, რომ ვიღაცებს მერის გადაყენების სურვილი აქვთ, თუმცა საკრებულოში ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. მერის გადაყების მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ჯემალი არ არის ისეთი მართვადი პიროვნება, რომ უთხრა ეს გააკეთეო და გააკეთოს. აჭარის მთავრობას სურს, რომ მაქსიმალურად მართოს თვითმმართველობა. როგორც ჩანს, სურვილი აქვთ დანიშნონ პიროვნება, რომელსაც შესარულებინებენ  ყველაფერს რასაც ეტყვიან.  ჯემალი დაიბარეს მთავრობაში. რაღაც კითხვები და საუბრები ჰქონდათ მასთან. ჩვენ ვუსაყვედურეთ ამის გამო ჯემალს. აჭარის მთავრობას არავითარი შეხება არ უნდა ჰქონდეს თვითმმართველობასთან. ჩვენი ზემდგომი აჭარის მთავრობა არ არის“.

მერის მეორე მოადგილეს, ვაჟა ვერულიძეს მერის შესაძლო გადაყენებაზე ინფორმაცია არ აქვს: „არ უთქვამს ასეთი რამ საკრებულოს თავმჯდომარეს ჩემთან.  არც საკრებულოს კულუარებში მომისმენია მსგავსი საუბარი. რამდენადაც ვიცი, ჯერ საფუძველი უნდა გაჩნდეს და მერე უნდა დაიწყოს საუბარი. მე მერიის მუშაობით არათუ ახლა, მთელი ოთხი წლის განმავლობაში არ ვიყავი კმაყოფილი. ჯემალ ანანიძის მუშაობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არც დადებითად და არც უარყოფითად არ შეცვლილა. ახალი წამოწყება მას არ ჰქონია. უბრალოდ, გრძელდება გარკვეული პროექტები.“

თავად ჯემალ ანანიძე კი ამბობს, რომ – „ ასეთი რამ არ გაუგონია“.

„გადადგომას არ ვაპირებ. თუ არ დაისვა იმპიჩმენტის საკითხი.  ეხლაც კი ვმუშაობ ქალაქის განვითარების კონცეფციაზე. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობ არასად წასვლაზე. პირიქით, პროქტებზე ერთად ვმუშაობთ, მოქალაქეებს ერთად ვხვდებით და ბოლო პერიოდში არ მახსოვს რაიმე დისკომფორტი ან ხელის შეშლა ყოფილიყოს მუშაობაში. მთავრობაში დაახლოებით ათი დღის წინ ვიყავი, როცა გამგებლებთან შეხვედრა იყო, იქ მსგავსი საუბარი არ მქონია. უმაღლეს საბჭოში კი დიდთოვლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ერმაკოვს, მას შევხვედრივარ როცა საგადასახადოში მუშაობდა და შემდეგ როცა გარემოს დაცვის ინსპექციას ხელმძღვანელობად. მეტი არაფერი ვიცი მასზე“, – უთხრა ჯემელ ანანიძემ „ბათუმელებს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯემალ ანანიძის შემცვლელად გია ერმაკოვის კანდიდატურა განიხილება. გია ერმაკოვი 2004 წლიდან აჭარის პოლიციაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. ამჟამად ის თბილისის ერთ-ერთ უნივესიტეტში ლექციებს კითხულობს.

თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებზე ბათუმის საზოგადოება მერს პირდაპირი წესით აირჩევს.

გადაბეჭდვის წესი