მთავარი,სიახლეები

ტრენინგები ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში

13.02.2017 • 5151
ტრენინგები ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში

ბათუმის 12 საჯარო სკოლის 36  მასწავლებელი ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში ტრენინგებს გაივლის. პროექტში სამოქალაქო განათლების, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის პედაგოგები არიან ჩართული.

პროექტში ჩართული არიან ასევე პედაგოგები კახეთიდანაც. პროგრამა ორწლიანია და 2018 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პირველ ეტაპზე სამოქალაქო განათლებისა და  კომპიუტერული მეცნიერებების პედაგოგებისთვის შემუშავებული იქნება ინგლისური ენის კურიკულუმი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ენის სწავლებისა და განვითარების ცენტრის (CLED), ზრდასრულთა განათლებისა და პედაგოგიკის პრინციპებზე დაყრდნობით. ეს კურსი, გააერთიანებს ენის შესწავლისა და კომუნიკაციის აქტივობებს ენის ცოდნის ყველა დონის პედაგოგებისთვის.

პედაგოგებს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სპეციალური პროგრამების აკადემიური კოორდინატორი გაწვრთნის, აშშ-ს  საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ  დაფინანსებული პროგრამების ELCE I/II და ICTE I/II ოთხ კურსდამთავრებულს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენელ ორ ინსტრუქტორთან ერთად.

ინგლისური ენის შესწავლის ორციკლიანი კურსი სამოქალაქო განათლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთათვის სამ თვეს გასტანს (თებერვალი-მარტი 2017  და აპრილი-ივნისი, 2017) და ბათუმისა და თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაზაზე ჩატარდება. საშინაო დავალებები და კლასგარეშე პრაქტიკული აქტივობები კი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება.

„გაწვრთნილი ინსტრუქტორები სატრენინგო მასალებად გამოიყენებენPearson-ის გამომცემლობის სახელმძღვანელოებს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კურიკულუმს და ონლაინ რესურსებს.ინგლისური ენის ინსტრუქციები სირთულის მიხედვითორ ციკლად გადანაწილდება. პირველ ციკლში მონაწილეები A2 დონეს (საკლასო ინსტრუქციების გაგება ინგლისურად ) მიაღწევენ, მეორე ციკლის ბოლოს კი B1 დონემდე განვითარდებიან.

პროგრამის განხორციელების მეორე ეტაპზე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ენის სწავლებისა და განვითარების ცენტრი (CLED) დაიქირავებს და გაწვრთნის ორ ამერიკელ სპეციალისტს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს PH International-თან.  ზემოთ ხსენებული ამერიკელი სპეციალისტები კახეთსა და აჭარაში 24 სკოლიდან შერჩეულ 72 მასწავლებელთან (24 სამოქალაქო განათლების, 24 ინგლისურის და 24 კომპიუტერული ტექნოლოგიების) მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ და მათ ინტეგრირებული სწავლის მეთოდების გამოყენებით გაკვეთილების ჩატარებაში გაწვრთნიან.

30 კვირის განმავლობაში (2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მაისამდე) ბათუმის და თელავის უნივერსიტეტების ბაზაზე სულ 5 სრულდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩატარდება.სწავლების მთავარი ფოკუსი სამოქალაქო განათლების ისეთი თემები იქნება, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით შეიძლება კომპიუტერული პროგრამირების, ინტერნეტსივრცის გამოყენების უნარ-ჩვევების, ვებდიზაინის, საბაზისო კოდირებისა და სხვა კომპიუტერულ-ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გამოყენება ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისა და საქართველოში დემოკრატიული სტრუქტურების გაძლიერებისათვის. სატრენინგო კურსი ინგლისურ ენაზე წარიმართება და თვის ერთ-ერთ შაბათ-კვირას ჩატარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: