მთავარი,სიახლეები

ენმ დევნილებისთვის 45-ლარიანი შემწეობის შეჩერების საკითხს ეხმაურება

03.02.2017
ენმ დევნილებისთვის 45-ლარიანი შემწეობის შეჩერების საკითხს ეხმაურება

„დევნილები აპირებენ წერილობით მიმართონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ძალაში არ შევიდეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დევნილთათვის უქმდება 45-ლარიანი შემწეობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი,“ – განაცხადა დღეს, 3 თებერვალს, ბათუმში „ერთიანმა ნაცონალურმა მოძრაობამ“.

ოპოზიციური პარტია ასე ეხმაურება დევნილთა ნაწილისათვის 45-ლარიანი შემწეობის შეჩერების საკითხს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამჟამად განიხილავს.

„დახმარების მოხსნა დაკავშირებულია სტატუსის მოხსნასთან, რამაც დევნილების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ აპირებენ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას და მათთვის მიუღებელია რაიმე ფორმით დევნილის სტატუსის შეწყვეტა, ამიტომ მათთან ერთად მომზადდა განცხადების ტექსტი პრემიერ-მინისტრის სახელზე, ჩვენ შემოვივლით კარდაკარ, შეგროვდება ხელმოწერები და გაეგზავნება პრემიერ-მინისტრს, რომ ამ საკითხის განხლვა შეწყდეს“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გია აბულაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 2 თებერვალს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დევნილების დახმარება არ შეეხება დევნილის სტატუსს. „სტატუსი არის პოლიტიკური სტატუსი და რჩება მანამ, სანამ არ მოხდება დაბრუნება,“ – აღნიშნა მინისტრმა. სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილების მიზანი დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის დაჩქარებაა.

„ვინც არის სოციალურად დაუცველი და სახელმწიფოსგან ბინა ჯერ არ მიუღია, ის მიიღებს არა 45 ლარს, არამედ 90 ლარს. ვინც არის სოციალურად დაუცველი, თუმცა სახელმწიფოსგან ბინა აქვს მიღებული, იმას შეუნარჩუნდება 45 ლარი, ან მიიღებს სოციალურ დახმარებას, ისევე როგორც სხვა არადევნილი იღებს, ეს მისი არჩევანია. თანხა დაიზოგება რეფორმით. ჩვენ მოგვცემს ეს შანსს, რომ დაახლოებით გავაორმაგოთ ბინათმშენებლობაც. ეს იქნება 4000 ბინა წელიწადში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. 

____________________

ამავე თემაზე: 

შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის სამუშაო ვერსია და დევნილების პროტესტი

სუბარი: დევნილებს სტატუსი შეუნარჩუნდებათ, სანამ არ მოხდება მათი დაბრუნება

სუბარი 45-ლარიანი შემწეობის მოხსნის საკითხზე: თანხა უნდა გადანაწილდეს გაჭირვებულებზე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: