მთავარი,სიახლეები

ქალაქის „დამლაგებლები“ თავიანთ დაუფასებელ შრომაზე

02.02.2017 • 3685
ქალაქის „დამლაგებლები“ თავიანთ დაუფასებელ შრომაზე

მაშინ, როცა თოვს, გარეთ ცუდი ამინდია და ბათუმში ფეხით სავალი ბილიკები თოვლისგანაა გასაწმენდი, ბათუმის ქუჩებში ნიჩბებით ხელში სტაფილოსფერჟილეტიანი ადამიანები გამოდიან. თოვლიან ამინდში ისინი სამუშაოს ჩვეულზე ერთი საათით ადრე იწყებენ: „ ასე უფროსობამ გადაწყვიტა“.

ისინი შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ თანამშრომლები არიან. ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ხიბლავთ, კითხვებზე მოკლე პასუხებით შემოიფარგლებიან. მათ შორის ბევრს საუბარი საერთოდ არ უნდა, ბევრი კი განმარტავს, რომ ჟურნალისტთან მისი დალაპარაკების საკითხი ხელმძღვანელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც ამ დროს კაბინეტშია.

აქვე უმეტესობა მაფრთხილებს, რომ „გლახა არაფერი დავუწერო“. მოგვიანებით კი მიხსნიან, რომ ხელმძღვანელებით და ხელფასებით კმაყოფილები არიან. მთხოვენ დავპირდე, რომ ამაზე „აუცილებლად დავწერ.“

გორგილაძის ქუჩაზე ექვსი სტაფილოსფერჟილეტიანი მუშაობს, მათგან ორი ქალია. შენობასთან მისასვლელ ბილიკებს ასუფთავებენ. ერთ-ერთი ელგუჯაა, ის ამბობს, რომ თავისი სამუშაო მოსწონს: „დღეს დილის რვიდან სამამდე ვმუშაობ. როგორც რიგითი მუშა წესიერად და გემრიელად ვაკეთებთ სუფთა საქმეს.“

საუბარს ომარი აგრძელებს – მეკითხება, რა მაქვს მათთვის ინტერვიუს სანაცვლოდ. ვუხსნი, რომ მათ ამბავს გავაშუქებ, რაზეც ამბობს: „რათ მინდა გამოქვეყნება, ისეც ქუჩაში არ ვართ? – 24 საათი ქუჩაში ვაგდივართ, გამოქვეყნებული ვართ.“

ფეხი ყველას ცივი, მაგრამ მშრალი აქვს, სამსახურმა მათ რეზინის ბოტები და წყალგაუმტარი ქურთუკები შეუძინა.

ხელფასი 350 ლარია, ამ თვეში პრემია ექნებათ თუ არა, არ იციან. გასულ წელს თოვლისგან ქუჩებისა და ტროტუარების გაწმენდის სანაცვლოდ პრემიები აიღეს: „საგანგებო მდგომარეობა იყო, ღამეშიც ვიმუშავეთ“.

ომარი ამბობს, რომ გასულ წელს თოვლში მუშაობის შემდეგ ერთი ხელფასის ოდენობის პრემია აიღო. ელგუჯას 250 ლარი აუღია პრემიის სახით.

შპს „სანდასუფთავების თანამშრომლები გზას თოვლისგან წმენდენ ფოტო: ცაგო კახაბერიძე

შპს „სანდასუფთავების თანამშრომლები გზას თოვლისგან წმენდენ.
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ქალები მუშაობას აგრძელებენ, მათ არც საუბარი უნდათ და არც კადრში გამოჩენის სურვილი აქვთ. საკუთარ სახელს არც ერთი არ ამბობს.მერი [პირობითად] გაბრაზებულია, არ მოსწონს, რომ მისი კოლეგები მესაუბრებიან. ჯერ აკაკი გააფრთხილა:

„დაგალაპარაკებს შენ, რომ გნახავს ტელევიზორში ზურიაი!“ – აკაკი გაფრთხილებას არ ითვალისწინებს, არც ელგუჯა.

რუსუდანმა [პირობითად] გადაწყვიტა ილაპარაკოს, „ოღონდ სახელის თქმის გარეშე“: „მე 150 ლარი ავიღე გასული წლის თოვლის შემდეგ პრემია. ომარიმ მეტი იმიტომ აიღო, რომ მობილურ ჯგუფში იმუშავა.“

ბილიკებს ტროტუარებზე დილის რვიდან სამ საათამდე წმენდენ. შესვენება არ აქვთ.

აკაკი ყვება, რომ ხალხი მათ შრომას არ აფასებს. „ტელევიზორში სიუჟეტი გავიდა, სანდასუფთავება არაფერს აკეთებსო. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. ასე რატომ თქვეს. ცოდვა ვართ.“ ელგუჯაც იმავეს ამბობს.
ხელფასზე კითხვებს გაურბიან. ბოლოს მაინც გადაწყვიტეს ეთქვათ, რომ „ 350 ლარი ცოტაა და არაფერში ჰყოფნით“.

„სამასი ლარი ძალიან ცოტაა. მე ნაქირავებში ვცხოვრობ და 250 ლარს ვიხდი. დილის ცხრიდან გამოვდივარ და საღამოს ცხრამდე ვმუშაობ. დღეს რვიდან სამამდე. დილით რვაზე ისევ სამუშაოზე გამოვალ, ეს თოვლის პერიოდში. სხვა დროს დილის ექვსიდან რვამდე ვმუშაობ ყოველდღე, კვირის გარდა. ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე დილითაა“, – ამბობს ელგუჯა. მისივე თქმით„ სანდასუფთავების“ მუშებს გადადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ, მას უნდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამაც გაიგოს:

„ავტობუსით უფასოდ მგზავრობა გვეკუთვნის. სამსახურში გვეუბნებიან გეკუთვნითო. ავტობუსში კი – ბილეთი აიღეთო. ეს ვერავინ გაგვირკვია“.

მერი ისევ გაბრაზდა: „რა უნდა გიქნას ერთმა ჟურნალისტმა, მაგან რა უნდა ქნას!“

IMG_8193

იგორი ბათუმის წყლის თანამშრომელია. როცა თოვს, ისიც მთელი დღე გარეთ მუშაობს. იმ ადგილებში, სადაც გადასასვლელზე წყალი დგას  სანიაღვრე არხების მუშაობას ამოწმებს: „ვწმენდთ, რომ წყლისგან დაიცალოს.“

რთული სამუშაო აქვს, მაგრამ კმაყოფილია. მისი ხელფასი 520 ლარია, პრემიებიც აქვს, ხან ხელფასის ოდენობით და ხან ხელფასის ნახევარი.

ომარს ექვსი თვის შვილი ჰყავს. ჯერ პატარაა იმისთვის, რომ მამის საქმიანობით იამაყოს. იგორმა იცის, რომ „მომავალში ასე იქნება“. როცა ამინდი უარესდება, მეუღლე ხშირად ურეკავს: „მეკითხება ხომ არ დასველდი, ხომ არ შეგცივდა, ხომ არ დაიღალეო.“

როგორ ხვდება ქალაქი მათ, ვინც წმენდს ბილიკებს თოვლისგან, რომ უსაფრთხოდ ვიაროთ, ვინც წმენდს სანიაღვრე არხებს, რომ გადასასვლელებზე წყალი არ დადგეს? – იგორის თქმით, „ზოგი ამბობს ტყუილად დგახართ, არაფერს აკეთებთო. ზოგმა „გენაცვალეთ ბიჭებოო“, ელგუჯას თქმით, ხალხი მათ არ აფასებს, მათ შრომას არავინ ხედავს.

აკაკის ჩემთან აქვს კითხვა „ვთქვათ, თოვლი არ იყოს, ყოველთვის ხომ არ არის, როგორ ფიქრობთ თქვენ, ქალაქი დალაგებულია? – ვპასუხობ, რომ „დალაგებულია“. ამ დროს მას მერი ეძახის „წამოდი , მივდივართ“, – სხვა ქუჩაზე გადადიან.

IMG_8238

გადაბეჭდვის წესი