მთავარი,სიახლეები

რას ედავება „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორებს პროკურატურა

02.02.2017 • 1886
რას ედავება „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორებს პროკურატურა

კომპანია „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორებს, რომან ხიმშიაშვილსა და რუსუდან ქამადაძეს პროკურატურა მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შუახევში მცხოვრები 3800 ადამიანი „ევექსის“ კლინიკაში საკუთარი ინიციატივით დააზღვიეს. მათ ნაწილს დაზღვევაზე თანხმობაც არ ჰქონდა დამოწმებული. 2014 წლიდან დღემდე ამ ფორმით დაზღვევის ხარჯზე ჰოსპიტალმა 155 ათასი ლარი მიიღო. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.

ბრალდებულების ადვოკატები – პაატა ბოლქვაძე და მირდატ ქამადაძე განმარტავენ, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება კონკრეტულ რეგულაციას არ განსაზღვრავს, ვინ ვის უნდა მიმართოს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში მოსახვედრად. ირწმუნებიან, რომ პროკურატურა ვერ წარმოადგენს მტკიცებულებას, რაც დაადასტურებს, რომ ამ დაზღვევით სარგებელი უშუალოდ ბრალდებულებმა მიიღეს.

„ამით სარგებელი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს არ მიუღიათ, მათ არც ხელფასი გაზრდიათ და არც პრემია მიუღიათ. ჩვენ გვეყოლება მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ დაზღვევა მოქალაქეების თანხმობით მოხდა“, – ამბობს ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.

როცა მოქალაქე კონკრეტული მომსახურებით არ სარგებლობს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაინც ირიცხება თანხა იმ კლინიკის სასარგებლოდ, სადაც ადამიანი საკუთარი არჩევანის მიხედვით დაეზღვია. ქალაქში მცხოვრების დაზღვევის საფასური თვეში 1 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს, სოფლად – 1 ლარსა და 10 თეთრს.

დღევანდელ სასამართლო სხდომას სხვა პროცესის გამო ვერ დაესწრო პროკურორი დავით ჭარბაძე. მორიგ სხდომებზე ის სასამართლოს 50-მდე მოწმეს წარმოუდგენს, მათ შორის, „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის თანამშრომლებს, დაზღვეულებსa და რევიზორებს, ვინც საავადმყოფოში ფინანსური აუდიტი ჩაატარა.

რომან ხიმშიაშვილი „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტალს  2014 წლის ოქტომბრიდან მართავდა. ამავე წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე კი ჰოსპიტლის დირექტორი რუსუდან ქამადაძე იყო. ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის 9 დეკემბeრს დააკავა. ბრალდებულები სასამართლომ 30-30-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ დღეს „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორებს ჯარიმის გადახდა ელოდებათ, ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: