მთავარი,სიახლეები

სახურავიდან თოვლდამჭერი თოვლთან ერთად ჩამოვარდა

02.02.2017 • 5526
სახურავიდან თოვლდამჭერი თოვლთან ერთად ჩამოვარდა

ბათუმის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სახლებზე თოვლდამჭერების დამონტაჟებას იწყებს. უკვე დასრულდა ტენდერი 120 კორპუსზე მოწყობილობის დასამონტაჟებლად, რომელიც თოვლის მასის დაცურებას შეუშლის ხელს. თუმცა გასულ წელს ბათუმში, ბარცხანაში, მდებარე კორპუსზე დამონტაჟებული თოვლდამჭერმა მოწყობილობამ თოვლს ვერ გაუძლო და დღეს, 2 თებერვალს, მოსკდა და კორპუსის პირველ და მეორე სართულზე მიშენება, რომელსაც საცხოვრებელ ფართობად იყენებენ, დააზიანა.

„თოვლი მოაწვა თოვლდამჭერს, არ იყო “დასვარკული ტრუბები”, დამაგრებული იყო “ბოლტ-გაიკებით”, ვერ გაუძლო, მოქაჩა და წამოიღო ყველაფერი ქვემოთ. პირველ სართულზე მოშენებული ფართობი, რომელიც დაკანონებული აქვს მოსახლეს და საცხოვრებელი ფართობია, ჩაანგრია, თოვლის დამჭერები ჩაერჭო და დააზიანა ფართობი. ხალხი არ დაშავებულა, მაგრამ სახიფათო იყო, ბეწვზე გადარჩნენ ბავშვები. სტიქიის ბრალიაო ამბობენ, მაგრამ არაა კარგად დამონტაჟებული და მაგის ბრალია“, – აღნიშნა ცირა სურმანიძემ,  ნონეშვილის #58-ში მცხოვრებმა „ბათუმელებთან.“

თორნიკე თავაძის ფოტო

თორნიკე თავაძის ფოტო

დაზიანებული აივანი. თორნიკე თავაძის ფოტო

დაზიანებული აივანი. თორნიკე თავაძის ფოტო

თოვლდამჭერები ბათუმში 33 მრავალბინიან სახლზე გასულ წელს, სახურავების გადახურვის პროგრამის ფარგლებში  დამონტაჟდა. სამუშაოები შპს „ნ.მ.2007“-მა შეასრულა.  რატომ დაზიანდა მოწყობილობა, რომელმაც თოვლი უნდა შეაკავოს? „ბათუმელები“ კომპანიას ვერ დაუკავშირდა, შპს „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ნაკაიძემ კი “ბათუმელებს” უთხრა, რომ მიზეზს მას შემდეგ გაარკვევენ, როცა თოვლი გადნება, მანამდე კი კომპანიამ თოვლდამჭერი მოხსნა.

„უკვე მოხსნეს, საშიშროება აღმოფხვრეს. როგორც კი ამინდი გამოვა, გავარკვევთ რა გახდა ამის მიზეზი. სხვა არც ერთ თოვლდამჭერზე არ არის შემოსული შეტყობინება დაზიანების შესახებ“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზურაბ ნაკაიძემ.

წელს ბათუმში მდებარე საცხოვრებელი სახლების სახურავებზე თოვლდამჭერების მოსაწყობად ბათუმის მერიის შპს „ბათუმის კორპუსმა“ გამოაცხადა ტენდერი.  მერიაში ამბობენ, რომ ტენდერი უკვე დასრულდა და ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მერია 200 000 ლარს გადაუხდის შპს „საფუძველი 2014“-ს, რომელიც ბათუმში მრავალბინიან 120 სახლზე დაამონტაჟებს თოვლდამჭერს.

თოვლდამჭერი

თოვლდამჭერი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: